Accessibility links

logo-print

საბიუჯეტო ”პინგ-პონგი” ისევ გრძელდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ტრადიციული საბიუჯეტო ”პინგ-პონგი” მთავრობასა და საბიუჯეტო ოფისს შორის გასულ კვირაშიც გაგრძელდა. ფინანსთა სამინისტრო კვლავინდებურად ირწმუნება, რომ ნოემბრის თვის სახელმწიფო

ბიუჯეტი შესრულდა და, თანაც, გადაჭარბებით, რასაც, ბუნებრივია, არ იზიარებს რომან გოცირიძის უწყება, რომელიც სხვათა შორის, სამთავრობო უწყების, ხაზინის, მონაცემებზე დაყრდნობით, ალტერნატიულ მონაცემებს აქვეყნებს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა (გრანტების ჩათვლით) 2002 წლის ნოემბერში 86,8%-ით შესრულდა.
რეალურმა შემოსავლებმა, გრანტების ჩათვლით, 71, 06 მლნ ლარი შეადგინა, რაც პროგნოზირებულზე 10,79 მლნ ლარით ნაკლებია. 6,23 მლნ ლარის დანაკლისი გრანტებზე მოდის, დანარჩენი - საკუთარ შემოსავლებზე.
საკუთარი შემოსავლების გეგმა (გრანტების ჩაუთვლელად) შესრულდა 93,9%-ით - ფაქტობრივმა შემოსავლებმა 70,59 მლნ ლარი შეადგინა. გრანტების ხაზით, შევიდა 0,47 მლნ ლარი, ანუ დაგეგმილის 7,5%. საერთო საგადასახადო შემოსავლები შესრულებულია 95,7%-ით - შემოსავლებმა 68,1 მლნ ლარი შეადგინა. არასაგადასახადო შემოსავლების გეგმა 62,3%-ით შესრულდა - შემოსავლებმა 2,49 მლნ ლარი შეადგინა.
სპეცფონდებში შემოსავლების გეგმა 97,1%-ით არის შესრულებული - გადარიცხულია 18,3 მლნ ლარი.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემები, ტრადიციულად, არ მოიცავენ ე.წ. “აჭარის თანხებს”.

ცენტრსა და აჭარას შორის გაჭიანურებული საბიუჯეტო პრობლემის მოსაგვარებლად, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ბათუმში გაემგზავრება აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძესთან მოსალაპარაკებლად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის აჭარას, ცენტრალური ბიუჯეტისადმი დავალიანების სახით, 29 მილიონი ლარი დაუგროვდა, სულ კი, გასული წლების გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი 70 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ციფრებთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს აჭარის ლიდერს. აქამდე ამ პრობლემის დარეგულირება ფინანსთა მინისტრმაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამჟამად ასლან აბაშიძესა და ცენტრს შორის ურთიერთობის მოგვარებაში შუამავლობას ”უავგუსტესის წიაღში” დაბრუნებული სოციალისტთა ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი კისრულობს, რომელიც იმედოვნებს, რომ ”საბიუჯეტო გაუგებრობას” ბოლო მოეღება.

თუ აჭარული ”საბიუჯეტო სეპარატიზმის” პრობლემის გადაწყვეტა, შედარებით, რეალისტურია, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება საბიუჯეტო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე სულ უფრო დიდ ეჭვს ბადებს. ექსპერტთა ვარაუდით, წლევანდელი წლის გარღვევა 100 მილიონს ასცდება. ეს, რა თქმა უნდა, შარშანდელ დეფიციტზე ნაკლებია, მაგრამ ამის გამო თავის მოწონება და ყელყელაობა, ბუნებრივია, არ ღირს.

თუ წლევანდელი ბიუჯეტი, გასულ ორ წელთან შედარებით, შეიძლება სულ რაღაც 100 მილიონი ლარით გაირღვეს, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი კიდევ უფრო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 2003 წელი პერმანენტული არჩევნების ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვის წელია, შესაბამისად, დიდი შანსი არსებობს, რომ იგი პოლიტიკურად მეტისმეტად დამძიმებული აღმოჩნდეს. საქართველოს ამის გამოცდილება, სამწუხაროდ, აქვს და, შორს რომ არ წავიდეთ, 1999 წლის მაგალითიც სიმპტომატურად გამოიყურება. ”დიდი არჩევნების” პერიოდში ისედაც არასისტემური საბიუჯეტო მოწყობა მეტისმეტად პოლიტიზებულ ხასიათს იძენს და, საბოლოოდ, ხელში გვრჩება პოპულისტური საბიუჯეტო კანონი, რომლის შესრულება აპრიორი დიდ ეჭვს ბადებს.

ბოლო წლების განმავლობაში ყველა ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ ყოველი შემდგომი წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებადია. თუ ხელისუფლება სოციალურ დაცვაში ცინიკურ 14 ლარიან პენსიას გულისხმობს, რომლის დარიგებაც პრობლემატურია, მაშინ მას სოციალურ ორიენტაციაზე მეტისმეტად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონია. ქვეყანას თავისი დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე არასდროს არ გამოუკვეთია პრიორიტეტები; საბიუჯეტო მოწყობა დღემდე ძველი, საბჭოური, ”გოსპლანში” აპრობირებული მეთოდით ხდება და ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, ციფრების მექანიკური ეკვილიბრისტიკის გარდა, თითქმის არაფერი იცვლება. საბიუჯეტო ვაჭრობის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, ვის უფრო მეტი გავლენა გააჩნია და ვინ უკეთ შეძლებს თავისი პოლიტიკური ინტერესების დაბალანსებას. შედეგი ყოველწლიურად ერთი და იგივეა: პერმანენტული დეფიციტი, მზარდი შიდა და საგარეო დავალიანებები, დონორებთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და ტოტალური უპასუხისმგებლობა.

გასულ კვირაში ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთს, უზბეკეთსა და ირანს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს.

საქართველოს ვალი ყაზახეთის მიმართ 27 მილიონ 700 ათას აშშ დოლარს შეადგენს, უზბეკეთის მიმართ - მილიონ აშშ დოლარს, ხოლო ირანის მიმართ - 12 მილიონ 800 ათას აშშ დოლარს. ანუ, საერთო ჯამში, საუბარია 40 მილიონ 500 ათას აშშ დოლარზე.

საინტერესოა, რომ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგარეო ვალდებულებების სახით, ხარჯვით ნაწილში თანხების 36 პროცენტია გათვალისწინებული. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ”პარიზის კლუბი” დაგვთანხმდება ვალების რესტრუქტურიზაციაზე. აი, თუ ”პარიზის კლუბმა” და კრედიტორმა ქვეყნებმა ზურგი გვაქციეს, რისი რეალური შანსიც არსებობს, მაშინ ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯებიდან, მარტო ვალების მომსახურების კუთხით, 50-55 პროცენტის გაღება მოგვიწევს. ამ შემთხვევაში, არათუ ხელფასებისა და პენსიების გასტუმრებას შევძლებთ, ელემენტარული სასიცოცხლო ობიექტების დაფინანსებაც გაჭირდება.

საინტერესოა, რომ ხელისუფლების როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო შტო ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს იწუნებს და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, მაგრამ, ტრადიციულად, ცაიტნოტურ ვითარებაში მას მაინც მიიღებენ. ანუ ამ შემთხვევაშიც იმუშავებს პრინციპი – უბიუჯეტოდ ცხოვრებას ცუდი ბიუჯეტი სჯობს.
XS
SM
MD
LG