Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის ქართული პრესა ცდილობდა გაეანალიზებინა 7 დეკემბრის ფაქტის გამომწვევი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის ქართული პრესა ცდილობდა გაეანალიზებინა 7 დეკემბრის ფაქტის გამომწვევი მიზეზი. როგორც ცნობილია, 7 დეკემბერს, გამთენიისას, პოლიციამ, საპასპორტო რეჟიმის დარღვევის საბაბით,

პოლიციის ნაწილებში ჩეჩნეთიდან დევნილ 80-მდე პირს თითების ანაბეჭდები აუღო და სურათიც გადაუღო. “წმენდა დღეს მხოლოდ ჩეჩნებს შეეხო, ხვალ, ალბათ, ჩვენც მოგვადგებიან,” – წერს 9-15 დეკემბრის გაზეთი “ ახალი ვერსია”, რომლის თქმითაც, ხელისუფლების მაღალჩინოსნები სულ უფრო ხშირად საუბრობენ კანონის გამკაცრებაზე. კომუნისტური წარსულის მქონე ჩინოვნიკებს ქვეყნის დემოკრატიული მეთოდებით მართვა არ შეუძლიათ. ადამიანის უფლებების დამცველები შიშობენ, რომ მალე ქვეყანაში რეპრესიები დაიწყება. გაზეთი წერს:


“ ოფიციალური ხელისუფლება ჯერჯერობით არ საუბრობს, რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ჩეჩნების მიმართ დაწყებულ ღონისძიებებს და ხელისუფლების ანტიკრიმინალურ ოპერაციებს კავკასიური დაპირისპირების გაღვივება მოჰყვეს. ქვეყნის უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ ისინი საქართველოს ინტერესების სრული დაცვით მოქმედებენ. ისინი არც რამდენიმე დღის წინანდელ უდუგოვის განცხადებაზე აკეთებენ კომენტარს, თუმცა მათ თავად უდუგოვმა დაასწრო: “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში დარეკა და განაცხადა, რომ ის საქართველოს არ დამუქრებია.
თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, შედეგის თვალსაზრისით, უდუგოვის უარყოფას უკვე არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, განსაკუთრებით - რუსეთისთვის. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ უდუგოვის განცხადებას რუსული ძალები პროვოკაციის მოსაწყობად გამოიყენებენ, თან, ფაქტია, რომ ჩატარებული ოპერაცია რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ისე, ეს ტენდენცია ბოლო დღეების რუსულ მედიაზეც აისახა.
სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში ტერაქტებს ამზადებენ. ნათაძის თქმით, რუსეთს კარგად გამოსდის ტერაქტების მოწყობა და შემდეგ ამის ჩეჩნებისთვის გადაბრალება. მით უმეტეს, თუ საამისო ფონი არსებობს. ნათაძე საქართველოში ჩეჩნების მასიურ შევიწროებას სწორედ მოსალოდნელ ტერაქტებს უკავშირებს და რუსულ სცენარში ქართველების გამოყენებაზე საუბრობს. უდუგოვი კი აცხადებს, რომ რუსეთი ქართველებსა და ჩეჩნებს შორის ურთიერთობის დაძაბვას ცდილობს.”



9 დეკემბრის “მთავარი გაზეთის” აზრით, 7 დეკემბერს, გამთენიისას, ქართველი სამართალდამცველების მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა ჩეჩნების დაკავების სპეცოპრაციამ, შესაძლოა, საქართველოს დიდი პრობლემები შეუქმნას. ამ პრობლემებში, გაზეთის აზრით, აღსანიშნავია არა მარტო ჩეჩნებთან ურთიერთობის გამწვავება, არამედ ქართველ პოლიტიკურ ძალთა მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებიც. “მთვარი გაზეთი” წერს:


“სხვადასხვა პლატფორმაზე მდგომ პოლიტიკოსთა მხრიდან უკვე გაისმა ხმები, რომ საქართველოს ხელისუფლება ამგვარ ქმედებებს გარეშე ძალების სურვილის დასაკმაყოფილებლად ახორციელებს. პოლიტიკოსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩეჩნებს ჯერ თავშესაფარი მისცა და შემდეგ მათ დაჭერას შეუდგა, რაც, შეიძლება, ქვეყანას ძვირად დაუჯდეს.
საქმეს ართულებს ისიც, რომ ქართველი ძალოვნების, თითქოსდა, შეხმატკბილებული ოპერაციის ჩატარების მეორე დღესვე გაისმის უწყებათაშორისი ბრალდებები და ჟურნალისტებზე “ჩეჩნური ისტერიის” გადაბრალების მცდელობა. თუმცა ფაქტები სულ სხვას მეტყველებს.
ჩეჩნების მასობრივ დაკავებას ქართველი სამართალდამცველები იმით ხსნიან, რომ ისინი თავად ჩეჩნების წინააღმდეგ კი არა, არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ ატარებენ ოპერაციას. ამის დასტურად მათ ის ფაქტი მოჰყავთ, რომ დაკავებულებიდან 7 ნიგერიისა და პაკისტანის მოქალაქეა.
უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნიკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ 7 დეკემბრის დილით ჩატარებული სპეცოპერაცია მიმართულია ქვეყანაში გართულებული კრიმინალური სიტუაციის აღსაკვეთად, რადგან დროული ღონისძიებების გაუტარებლობის გამო შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ.
”ასეთი ოპერაციის დროს არავინ არის დაზღვეული კონსტიტუციური უფლებების დარღვევისგან. მით უმეტეს, რომ მსგავსი ოპერაციების ჩატარების დროს ადამიანის უფლებების დარღვევა არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართალდამცავებს ყველაფრის უფლება აქვთ, ყველა ჯგუფს ადამიანის უფლებების მაქსიმალურ დაცვაზე ინსტრუქტაჟი უტარდება. რაც შეეხება შვიდ დეკემბერს მომხდარ დარღვევებს, თანამშრომლები, რომლებმაც ჩაიდინეს უკანონო ქმედებები, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს,” – აცხადებს ლალიაშვილი.
მიუხედავად ლალიაშვილის მოკრძალებული კომენტარისა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორ ძალოვან უწყებას შორის შეთანხმებული მუშაობის მეთოდიკა მსგავს ოპერაციებში არ არსებობს. ბოლოს, მსგავსი მოუფიქრებელი ოპერაციების შედეგად, ზარალდება არა მარტო მოსახლეობის, არამედ ქვეყნის ინტერესებიც კი. მით უმეტეს, როდესაც ქართული პოლიციის ქმედებები სულ უფრო რუსული მილიციის მუშაობის მეთოდებს ემსგავსება და, ალბათ, ამიტომ თბილისში “ბრწყინვალედ ჩატარებული” ოპერაცია ესოდენ ჰგავს რუსი ძალოვნების მიერ რუსეთის ბაზრებზე კავკასიელების წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციებს.”



“შეუწყობს თუ არა ხელს საქართველოში რუსეთის ახალი ელჩის, 54 წლის ვლადიმერ ჩხიკვიშვილის დანიშვნა ახალი ფაზის დაწყებას ქართულ-რუსულ ურთიერთობაში” – ამ თემას ეძღვნება 13-19 დეკემბრის გაზეთ “ახალი ეპოქის” პუბლიკაცია. გაზეთი შეახსენებს მკითხველს, რომ რუსეთმა თავისი წინა ელჩი – ვლადიმერ გუდევი ვადაზე ადრე გაიწვია საქართველოდან და, მის ნაცვლად, თბილისში დაბადებული და პროდასავლური ორიენტაციის მქონე დიპლომატად ცნობილი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი დანიშნა. როგორია ქართულ-რუსული ურთიერთობა დღეს? – კითხულობს გაზეთი “ახალი ეპოქა”, რომლის განმარტებითაც, პოლიტიკოსები “ხიდჩაკეტილობის” რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებენ:


“ანალიტიკოსები ქართულ-რუსული გართულებული ურთიერთობების ძირითად მიზეზად მაინც საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვას ასახელებენ. გარდა ამისა, მათი აზრით, რუსეთი თავს კავკასიურ სახელმწიფოდ მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ “თუ მისი ინტერესები არ იქნა დაცული კავკასიაში, ის დაკარგავს ტერიტორიას შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და, ამასთანავე, კასპიის ენერგორესურსებს. თეთრმა სახლმა საქართველო საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების ზონად გამოაცხადა, საქართველომაც გააკეთა თავისი არჩევანი და გამოთქვა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი, რაც, ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ამ ფონზე, ზოგიერთების აზრით, ქართულ-რუსული ურთიერთობები, შესაძლოა, ჩიხში მოექცეს.”



14 დეკემბრის “დილის გაზეთის” ინფორმაციით, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება იმედებს ნატოს უკავშირებს. თუმცა იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი თანხებით სერიოზულ რეფორმაზე საუბარი არასერიოზულია, გაუგებარია, რას ემყარება ოფიციალური თბილისის ოპტიმიზმი. 14 დეკემბრის “მთავარი გაზეთი” კი იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში თითქმის დასრულდა მუშაობა დოკუმენტზე, რომელმაც ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მიღების პროცესი უნდა დააჩქაროს. გაზეთი იმოწმებს ნატო-ში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის დავით დუნდუას განცხადებას, რომ ბოლო დროს ნატოს ყურადღება კონფლიქტების მოგვარების პრობლემტიკისადმი თვალშისაცემად გაიზარდა. დავით დუნდუას განმარტებით:


“კონფლიქტები ჩვენი მუშობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ნატო-ში ამ საკითხის ლობირება ბოლო დრომდე ჭირდა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ კავკასიური პრობლემების მოგვარებაზე სხვა ორგანიზაციები ფიქრობდნენ. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ცვლილება, აშკარად, მოხდა. ტერორიზმმა დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. უკვე დღეს იქ არავინ კამათობს იმის თაობაზე, რომ ტერორიზმის დამარცხება კონფლიქტური ტერიტორიების კონტროლის გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან ეს ტერიტორიები ტერორისტთა თავშესაფრად ნოყიერ ნიადაგს ქმნიან. ასე რომ, ნატო კავკასიისა და ცენტრალური აზიის პრობლემებს უკვე სერიოზულ ყურადღებას დაუთმობს. რუსეთის არგაყვანა კი პრობლემას ნამდვილად შექმნის. ამიტომ სასურველია ეს პრობლემა საეტაპო პერიოდში, 2005 წლამდე, დასრულდეს,” – ამბობს დავით დუნდუა.
რაც შეეხება საეტაპო პერიოდს, ნატოს მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებელ ნუსხაში, უპირველესად, თავდაცვის სისტემის რეფორმა შედის. მინისტრის მოადგილე გელა ბეჟუაშვილი ამბობს, რომ დაფინანსების თვალსაზრისით არსებული პრობლემების მიუხედავად, პროცესი წინ ნორმალური ტემპით მიდის.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დახმარებას თურქი და გერმანელი სამხედრო ექსპერტები გაუწევენ. პროცესები კი ნამდვილად დაწყებული რომ არის და წინ სასურველი ტემპებით მიიწევს, ამას საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილიც ადასტურებს. თუმცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს მან კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პრესტიჟული ორგანიზაციის წევრობა მხოლოდ “უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა არ არის. წვლილი საქართველომაც უნდა შეიტანოს.”
XS
SM
MD
LG