Accessibility links

logo-print

რა ბედი ეწევა ცხინვალიდან მოპარულ ოქონის სამკარედს


გასული წლის დასაწყისში კრისტის აუქციონზე რუსეთის მოქალაქემ გასაყიდად წარადგინა სპილოს ძვლის ხატი. კრისტის აუქციონის მესვეურებმა დაადგინეს, რომ ექსპონატი ქართული წარმომავლობის იყო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კრისტიზე წარდგენილი ხატი ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან დაკარგული ოქონის სამკარედია. დღეს ჟენევის კანტონის სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი, რომლის მიზანია დაადგინოს საქართველოდან გატანილი ხატის კანონიერი მფლობელის ვინაობა.
რა ფასეულობას წარმოადგენს ოქონის ხატი და ვინ არის დღეს მისი კანონიერი მფლობელი?

ოქონის ხატის კანონიერ მფლობელად დღეს თავს აცხადებს როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება და, რა თქმა უნდა, ის პიროვნება, რომელმაც ცხინვალის სახელმწიფო მუზეუმიდან მოპარული ხატი, დაახლოებით, ორი წლის წინ კრისტის აუქციონზე გასაყიდად წარადგინა. ეს პიროვნება რუსეთის მოქალაქე გახლავთ. მის შესახებ საქართველოს უშიშროების სამინისტროს პრესმდივანი ნიკა ლალიაშვილი აცხადებს:

[ლალიაშვილის ხმა]
“კრისტის აუქციონზე ხატი წარადგინა მოსკოვში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქემ – ოლეგ ზემლიანიკოვმა. კრისტის აუქციონის ექსპერტებს ეჭვი შეეპარათ იმაში, რომ ხატი არის არალეგალური წარმომავლობის და მაშინვე მოხდა დაპატიმრება ოლეგ ზემლიანოკოვის, რომელიც შემდეგ უკვე თავდებით გაუშვეს. ზემლიანიკოვი აცხადებს, რომ ხატი მას მემკვიდრეობით ერგო მამისაგან, რომელიც იყო ცნობილი ქირურგი მოსკოვში და, თავის მხრივ, მამამისს საჩუქრად გადასცეს ეს ხატი”.[სტილი დაცულია]

როგორც საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე გიორგი მარსაგიშვილი ამბობს, ოქონის ტრიპტიქი, ანუ სამკარედი, პირველად რუსი ისტორიკოსის ალექსეი უვაროვის მეუღლემ, თავადაც არქეოლოგიის პროფესორმა, პრასკოვია უვაროვამ აღწერა მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს. ის სპილოს ძვლის ხატს მეათე საუკუნით ათარიღებდა. არსებობს, აგრეთვე, ექვთიმე თაყაიშვილისეული აღწერა ხატის ვერცხლის მოჭედილობისა, რომელიც მას მეჩვიდმეტე საუკუნეში დაემატა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლეილა ხუსკივაძე ოქონის ტრიპტიქს მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების მიჯნას მიაკუთვნებს. ლეილა ხუსკივაძისავე შემოთავაზებული ერთ-ერთი ვერსიით, ხატის წარმომავლობა ასეთია: ის შეიძლებოდა ბაგრატ მეოთხის მეუღლის მზითვი ყოფილიყო. ბაგრატ მეოთხის მეუღლე ბიზანტიის იმპერატორის ძმისშვილი იყო. ხატის ბიზანტიურობაზე მისი მასალაც, სპილოს ძვალიც, მიანიშნებს. მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე ხატი ესვენა ზნაურის რაიონის სოფელ ოქონის ეკლესიაში, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს. 1925 წელს ის ცხინვალის მუზეუმში გადაიტანეს, 1991 წელს კი მუზეუმიდანაც გაქრა.

კრისტის აუქციონზე ოქონის ხატის ქართული წარმომავლობა პირველად რუსმა ექსპერტმა დაადასტურა. საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილემ გიორგი მარსაგიშვილმა განმიცხადა:

[მარსაგიშვილის ხმა]
“თუ არ ვცდები, იქ ექსპერტად მიწვეული ჰყავდათ მიროსლავ ლაზოვიჩი. – ეს ჩვენი კოლეგაა, ძალიან განთქმული და სახელოვანი ხელოვნებათმცოდნე. - მან იმ წუთში დასვა საკითხი, რომ ეს არის საქართველოდან წამოღებული ხატი და, როგორც შემდეგ ძიების პერიოდიდან ვიცით, ერთ-ერთმა კავკასიელმა - მოდი, ეროვნებას ნუ დავასახელებთ - განაცხადა, რომ ეს მისი ოჯახის საკუთრებაა. ოღონდ ხატს შემოცლილი აქვს ვერცხლის მოჭედილობა, სწორედ, აი, ის წარწერიანი მოჭედილობა, რახან იყო საშიშროება, რომ წარწერით მიმხვდარიყვნენ, რომ ეს იყო ქართული, საქართველოდან გატანილი... მე ასეთი ისა მაქვს. შეიძლება სხვა მიზანს ისახავდა, რომ სახე შეეცვალათ ამ ხატისათვის. როგორც ვიცი, დაკავებულია ხუთი პიროვნება. ქსეროასლზე ისე დეტალურად და ზუსტად არ ჩანს: შემკული იყო ძვირფასი ქვებით. ადრე, თავიდანვე, როცა ლეილა ხუსკივაძე ან უვაროვა მუშაობდა, ორი თვალი აკლდა მაშინაც. ახლა, დღეს მეტი აკლია თუ ნაკლები, იმ ქსეროქსის მიხედვით ცოტა ძნელი გასარკვევია”. [სტილი დაცულია]

გიორგი მარსაგიშვილს მიაჩნია, რომ ხატი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და, მისივე უსაფრთხოებისთვის, თბილისში იყოს შენახული, ვიდრე ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში საქართველოს იურისდიქცია არ აღდგება.

ხატის დაკარგვის გარემოებათა შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა როგორც საქართველოს უშიშროების სამინისტრო, ასევე სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ხატი 1991 წელს ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაიკარგა. თუკი საქართველოს უშიშროება ქართული რელიკვიების განიავებაში ოსური მხარის დაინტერესებაზე საუბრობს, ჩემი ოსი რესპონდენტები იმას უსვამენ ხაზს, რომ ხატი მაშინ დაიკარგა, როცა ცხინვალს საქართველოს შინაგანი ჯარი აკონტროლებდა. საინფორმაციო სააგენტო “რესის” დირექტორმა ბატრაძ ხარებოვმა სატელეფონო საუბრისას განმიცხადა:

[ხარებოვის ხმა]
“მუზეუმი ქალაქის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების პირველივე წუთებიდან ოკუპირებული იყო და, ბუნებრივია, იქ მოხვედრა მოსახლეობიდან არავის შეეძლო. არათუ თანამშრომლებს, იმ რაიონში თავად მაცხოვრებლებსაც არ შეეძლოთ გადაადგილება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მათ, თანამშრომლებს, თავიანთ ექსპონატებზე პასუხისგება არ შეეძლოთ, რადგან ფიზიკურად მუზეუმში არ იმყოფებოდნენ”.[სტილი დაცულია]

საქართველოს უშიშროება ვარაუდობს, რომ, თუ ხატი საქართველოში დაბრუნდა, ის მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცემა, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა კი განმიცხადა, რომ ხატი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოიპარეს და რომ ის ამის თაობაზე არაერთხელ დაუკავშირდა როგორც შვეიცარიის, ასევე რუსეთის შესაბამის უწყებებს. უფრო მეტიც, ჯიოევი აცხადებს, რომ ცხინვალი ეცდება ჟენევის კანტონის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე წარდგეს მხარედ, ანუ იმ სტატუსით, რომელიც ჯერ საქართველოს ხელისუფლებასაც არა აქვს მინიჭებული. ჯიოევმა აღნიშნა:

[ჯიოევის ხმა]
“იმედს ვიტოვებთ, რომ სამხრეთი ოსეთი წარდგება, დიახ, როგორც მხარე სასამართლოზე, რომელიც გაარკვევს ხატის კუთვნილების საკითხს. ვინაიდან ეს ისტორიულ-კულტურული ფასეულობა, სამხრეთ ოსეთის ხალხის მონაპოვარი, ნაპოვნია, ის სწორედ სამხრეთ ოსეთში უნდა დაბრუნდეს”.

საბოლოო სიტყვა კი ეკუთვნის ჟენევის კანტონის მოსამართლე კეროლ ბარბიეს, რომელიც გაარკვევს ოლეგ ზემლიანიკოვის მიერ ხატის ფლობის კანონიერებას. პროცესი შეჩერებულია მანამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გადაგზავნის დამატებით ინფორმაციას იმის გარდა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით 6 დეკემბერს უკვე წარუდგინა შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციისა და პოლიციის ფედერალურ დეპარტამენტს.
XS
SM
MD
LG