Accessibility links

logo-print

გატაცებული ბრიტანელი ბანკირი გატაცების შესაძლო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, 141 დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს საქმის გამოძიება არანაკლებ სკანდალური აღმოჩნდება, ვიდრე მისი გატაცებისა და

გათავისუფლების უცნაური ისტორია. 13 დეკემბერს ღამით ლონდონიდან ჩამოსული საქართველოს საგამოძიებო ჯგუფის წევრები დაბნეულნი გამოიყურებიან პიტერ შოუს ჩვენების გამო. რატომ?

როგორც გახსოვთ, ტყვეობიდან გათავისუფლების მეორე დილასვე ბრიტანელი ბანკირი პიტერ შოუ იმ პირობით გაემგზავრა სამშობლოში, რომ ყოველნაირად დაეხმარებოდა ქართველ სამართალდამცავებს მისი გატაცების საქმის გამოძიებაში. 13 დეკემბერს ლონდონიდან დაბრუნებული შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის წევრები დაბნეულნი გამოიყურებიან. ლონდონში შეხვედრისას პიტერ შოუმ, ჯერ ერთი, აღშფოთება გამოთქვა მის მიმართ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით – ეს კითხვები პიტერ შოუს საქართველოში საქმიანობის დეტალებს უკავშირდებოდა; მეორე - კატეგორიული უარი განაცხადა საგამოძიებო მიზნებისთვის თითების ანაბეჭდების აღებაზე. და მესამე – ქართველ სამართალდამცავებს სამუშაო ვერსიად შესთავაზა - დაუშვან, რომ მისი გატაცების ორგანიზატორები სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი დავით კირვალიძე და კომპანია “უშბას” პრეზიდენტი გოჩა ფიფია იყვნენ. პიტერ შოუს განმარტებით, ეს ორი პიროვნება მისი გამოკვეთილი მოწინააღმდეგე იყო საქართველოში მოღვაწეობისას.
კომპანია “უშბას” პრეზიდენტი გოჩა ფიფია – მისი სახელი საქართველოში მას შემდეგ გახდა საყოველთაოდ ცნობილი, რაც, ორი წლის წინათ, მონაწილეობა მიიღო საბურთალოს მაჟორიტარულ არჩევნებში და მეორე შედეგი უჩვენა. პირველ ადგილზე, შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გავიდა – არ უარყოფს, რომ თავის დროზე მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა პიტერ შოუსთან და რომ კონფლიქტი სასამართლოში სარჩელის შეტანითა და საქმის მოგებით დასრულდა. რაც შეეხება დავით კირვალიძეს, 14 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების დადასტურებას ან უარყოფას. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ოთხთვიანი ტყვეობის შემდეგ ბრიტანელი ბანკირი გარკვეულ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, მაგრამ ადამიანის გატაცებაში მინისტრის დადანაშაულებას, ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც, დავით კირვალიძე დაუშვებლად მიიჩნევს.
რაც შეეხება პიტერ შოუსთან გასაუბრების სხვა დეტალებს: გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში საგამოძიებო ჯგუფის წევრი, კახეთის სამხარეო უშიშროების განყოფილების უფროსი პაატა ბატიაშვილი ამბობს, რომ პიტერ შოუმ ჩვენება შეცვალა. მაგალითად, თუ თბილისში, ერთადერთ დაკითხვაზე, აცხადებდა, რომ გამტაცებლებს იგი სადღაც ფერმაში ჰყავდათ გადამალული, ახლა შოუ ფინურ კოტეჯზე ალაპარაკდა. საქმე ის გახლავთ, რომ სამართალდამცავებმა დღემდე ვერ მიაკვლიეს იმ ფერმას და ორმოს, სადაც, პიტერ შოუს განცხადებით, იგი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო გამოკეტილი. ლონდონში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გაირკვა:შოუმ ტყვეობის მწარე დღეები საქართველოში კი არა, აზერბაიჯანში გაატარა.
XS
SM
MD
LG