Accessibility links

logo-print

ეთიკური ჟურნალისტიკის პრობლემები


ქართველი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა შეიქმნას ეთიკის კოდექსი ჟურნალისტებისთვის;

მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეთიკის კოდექსის შექმნა საჩქარო სულაც არ არის, რადგან იგი ისეთსავე ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც ბევრი კანონი და კოდექსია დარჩენილი ჩვენს რეალობაში.

რა პრობლემები აქვს ეთიკურ ჟურნალისტიკას საქართველოში?

ქართული საზოგადოება ჟურნალისტებს კიდეც ენდობა და არც ენდობა. გასულ წლებში ზედიზედ დაიხურა გაზეთები, რომლებმაც უარი თქვეს “გაყვითლებაზე”: “კავკასიონი”, “შვიდი დღე”, “დრონი”. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა სერიოზულ პრესაზე ძალიან დაბალია; ესე იგი, რიგითი მკითხველი პრესას არ ენდობა და გაზეთებს, ძირითადად, გართობის მიზნით კითხულობს.

რა იწვევს საზოგადოების ნდობას პრესის მიმართ? ამ კითხვაზე პასუხი ცნობილია: სტანდარტის დაცვა, თანაც, ხანგრძლივად. მაგრამ რა არის სტანდარტი? სი ფი სკოტმა, რომელიც “მანჩესტერ გარდიანის” მთავარი რედაქტორი იყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, განმარტა “სტანდარტი” და ეს განმარტება დღემდე შეუცვლელია: “ფაქტი ხელშეუვალია, წმიდათაწმიდაა; კომენტარი კი თავისუფალია”. მოგვიანებით სი ფი სკოტის განმარტებას დაერთო მცირედი, მაგრამ არსებითი დაზუსტება: არ შეიძლება კომენტარის გაკეთება ბოლომდე დაუდგენელ ფაქტზე.

თავისუფალი ქართული მედია, თავისი არსებობის 11 წლის მანძილზე, ალაგ-ალაგ ნამდვილად ცდილობდა, ეს სტანდარტი დაეცვა: ერთმანეთისგან გაემიჯნა ფაქტი და კომენტარი. უნდა ითქვას, რომ პირველი საინფორმაციო საშუალება, რომელიც ფაქტს გადმოსცემდა ჟურნალისტის კომენტარის გარეშე, “კურიერი” იყო. საფიქრებელია, რომ ინფორმაციის მოწოდების სწორედ ამ პრინციპმა, ზოგიერთ სხვა ფაქტორთან ერთად, განაპირობა “კურიერის” პოპულარობა. გაზეთებს განსაკუთრებით უჭირთ ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა და, ზოგ შემთხვევაში, არც მიაჩნიათ საჭიროდ. სააგენტოდან მიღებული ინფორმაციაც კი ისეთი სათაურით ქვეყნდება, რომ ფაქტი მკითხველს ისევ და ისევ კომენტარით მიეწოდება. პრესაში განსაკუთრებით უგულებელყოფილია პრინციპი, რომ არ შეიძლება კომენტარის გაკეთება ბოლომდე დაუდგენელ ფაქტზე.

მეორე სტანდარტი, რომლის დაცვასაც პრესა, პირველთან შედარებით, უკეთესად ახერხებს, სათქმელის სადად და ნათლად გადმოცემაა. ხუთი-ექვსი წლის წინ ჟურნალისტური მოდა ამკვიდრებდა ვრცელ და ბუნდოვან წინადადებებს, სათქმელის გადმოცემის ცინიკურ ფორმას და ღვარჭნილ სტილს. თუმცა თავისუფალმა პრესამ ეს სენი მალე მოიშორა: ჟურნალისტები მიხვდნენ, რომ მკითხველის მოსაზიდად აუცილებელია აზრის მკაფიოდ გადმოცემა, თხრობა. დღეს მთავარი პრობლემა, რომელიც საგაზეთო სტატიებში გვხვდება, წერის კულტურის დეფიციტია. ამგვარი დეფიციტის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტი მიანიშნებს, რომ მან რაღაც მეტი იცის, მაგრამ, გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მკითხველს არ უმხელს.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სტანდარტი ჟურნალისტის კეთილსინდისიერებაა. ეს გულისხმობს სიზუსტეს, პატიოსნებას და პასუხისმგებლობას მასალის მომზადებისას.

დიდ ბრიტანეთში ეთიკური ჟურნალიზმის შესახებ საუბრისას ფრთხილად ეკიდებიან “ობიექტურობის” ცნებას. მიიჩნევა, რომ ჟურნალისტი ყოველთვის ვერ დაწერს სტატიას, რომლის ობიექტურობას მასალაში ჩართული თითოეული მხარე აღიარებს. ის, რაც ერთი მხარისთვის ობიექტურია, მეორე მხარისთვის, ხშირად, სადავოა. ამიტომ ბრიტანელები ჟურნალისტისგან უფრო მეტად კეთილსინდისიერებას ითხოვენ, ვიდრე ობიექტურობას.

ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 1000 სულ მოსახლეზე ყოველდღიურად გაზეთს მხოლოდ 4 ყიდულობს. ეს კატასტროფული მაჩვენებელია დაბალგანვითარებული ქვეყნისთვისაც კი. ექსპერტების შეფასებით, ეს მონაცემი ხელოვნურად არის დაწეული გაზეთების დაფარული ტირაჟების გამო, თუმცა რეალური მაჩვენებელი 1000 სულ მოსახლეზე 20-30 გაყიდულ გაზეთს არ აღემატება. შედარებისთვის ვიტყვით, რომ ნორვეგიაში, სადაც გაზეთებს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს, 1000 სულ მოსახლეზე ყოველდღიურად 600 გაზეთი იყიდება.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, გაყიდვის ისეთი დაბალი მაჩვენებელი, როგორიც საქართველოშია, აშკარად მიუთითებს საზოგადოების მხრიდან პრესის მიმართ უნდობლობაზე. ამის ერთი მთავარი მიზეზი კი, ალბათ, ისაა, რომ არ არსებობს პრესის მხრიდან თვითრეგულაციის მექანიზმები; ესე იგი, არ არსებობს ეთიკური ჟურნალიზმის საფუძვლები. შესაბამისად, პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ხარისხი მხოლოდ ცალკეული ჟურნალისტის თუ რედაქტორის სინდისის კარნახით წყდება.

არადა, პრესის მიმართ საზოგადოების ნდობას მხოლოდ სტანდარტის დაცვა იწვევს, ისიც, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ჩვენში კი სტანდარტების პატივისმცემელი გაზეთები ხანგრძლივად საერთოდ ვერ არსებობენ.
XS
SM
MD
LG