Accessibility links

logo-print

საშუალედო ფინიში და ლიდერთა ამბიციები


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი საქართველოს მე-14 საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი

ეტაპის შედეგებზე მოგვითხრობს ყოველკვირეული სპორტული პროგრამის „რბენა წინაღობებით“ ავტორი ელგუჯა ბერიშვილი.

ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ხანგრძლივი შესვენება გამოცხადდა. უმაღლესი ლიგის გუნდებმა პირველი ეტაპის მატჩები უკვე მოითავეს და მედლებისთვის ბრძოლას გაისად, გაზაფხულზე განაახლებენ. ოღონდ, დებულების თანახმად, პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით, ლიგის 12 გუნდი 2 ექვსეულში განაწილდება. პირველი ექვსეული საპრიზო ადგილებისკენ მიმავალ ორწრიან გზას გაუყვება, მეორე ექვსეულის გუნდები კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ეცდებიან.
თუ გახსოვთ, წინა ეროვნული ჩემპიონატიც ასეთივე სისტემით გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს”, თბილისის „დინამოსა” და „ლოკომოტივის” მეტოქეობა კი ფინიშამდე გაგრძელდა. გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ბოლო ტურმა გამოავლინა და ამან ჩემპიონატს მეტი ინტრიგა შესძინა. ინტრიგა არც წლევანდელ ჩემპიონატს აკლია, თანაც ლიდერთა დავაში კიდევ ერთი გუნდი – თბილისის „ვიტ ჯორჯია” ჩაერია. ნახეთ სატურნირო ცხრილი და ამაში თავად დარწმუნდებით: პირველ ექვსეულს 28 ქულით თბილისის „დინამო” ლიდერობს, მას 2 ქულით ჩამორჩება „ტორპედო”. 25-25 ქულა დაუგროვდათ „ლოკომოტივსა” და „ვიტ-ჯორჯიას“, 15-15 – ბოლნისის „სიონსა“ და ფოთის „კოლხეთს”. თითქმის გარკვეულია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა პირველ ოთხეულს შორის გაჩაღდება. მით უმეტეს, საამისო ამბიციას ოთხივე გუნდი ამჟღავნებს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა „ვიტ-ჯორჯიას” პროგრესი. შარშან ეს გუნდი მეორე ექვსეულში ჩარჩა, ახლა კი ლიდერობისკენ უჭირავს თვალი და ახალგაზრდული შემადგენლობის მიუხედავად, ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ „ვიტ-ჯორჯიამ“ დაუსვა წერტილი თბილისის დინამოელთა 13-მატჩიან დაუმარცხებელ სერიას, მერე კი სხვა ფავორიტებსაც პრობლემები შეუქმნა. თუ ვიტ-ჯორჯიელებს ეს შემართება ჩემპიონატის ბოლომდე გაჰყვებათ, შესაძლოა, სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. ამ გუნდს, პირველ ყოვლისა, სწორედ „დინამო” უფრთხის და მიზეზიც აქვს: რამდენიმე წელიწადია, დინამოელებს ჯორჯიასთან თამაში უჭირთ და ერთგვარი კომპლექსიც კი გაუჩნდათ. ივო შუშაკი ირწმუნება, რომ ეს დრობითი ამბავია და გაზაფხულზე ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. თბილისის „დინამოს” ხორვატი მწვრთნელი გასულ შაბათს სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდა: საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის შედეგები შეაჯამა და საგაისო გეგმებზეც ისაუბრა. შუშაკი წლევანდელით კმაყოფილი ჩანს, „დინამოში” თავის 11-თვიან საქმიანობას კი წარმატებულს უწოდებს. „ამის თქმის უფლებას, უპირველესად, სატურნირო ცხრილი მაძლევს, – აცხადებს ბატონი ივო, – 22-დან 18 მატჩი მოვიგეთ და მხოლოდ ორჯერ დავმარცხდით. ფეხბურთელებმა აშკარად მოუმატეს, ძალები ირწმუნეს, თანაც საქმეს პროფესიონალურად უდგებიან და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაზე ფიქრობენ. ჩვენ თასის მოპოვებასაც ვგეგმავთ და იმედი გვაქვს, ორივე მიზანს მივაღწევთ." შუშაკი საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ჩემპიონატის სპორტულ დონეს და ქართულ ფეხბურთს კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებს. სხვა საქმეა, რომ ბევრი მისი კოლეგა სხვაგვარად ფიქრობს და ჩვენი ფეხბურთის პროგრესისა ნაკლებად სჯერა. ამ ხალხს თავისი არგუმენტები აქვს. სპორტული დონის განმსაზღვრელად ლიდერთა სიმრავლეს და ცალკეულ დაძაბულ მატჩებს თუ ვიგულისხმებთ, საქმე თითქოს უკეთესად არის, მაგრამ დანარჩენისა რა მოგახსენოთ. დანარჩენი ისევ ძველებურად მიდის: ორი-სამი ქალაქის გამოკლებით, ცარიელია სტადიონის ტრიბუნები; უსახელო გუნდებში და ჩალის ფასად იყიდებიან ნიჭიერი ფეხბურთელები; მოგვიმრავლდა ჩაწყობილი თამაშები და გარიგებით განაწილებული ქულები; ფეხბურთში ტრიალებს საეჭვო ხალხი საეჭვო მიზნებით; უსაშველოდ ჩამოვრჩით საერთაშორისო ფეხბურთს. ეს ყველაფერი იმდენად აშკარა და ხელშესახებია, რომ დამატებით კომენტარს ალბათ არც საჭიროებს. შარშანდელი და შარშანწინდელი ამბების გახსენებაც ზედმეტად მეჩვენება. წლევანდედლიც საკმარისია. თუნდაც ერთი ეპიზოდი ამ ამბებიდან: ევროპის საკლუბი ტურნირები და ქართული გუნდების შედეგი ამ ტურნირებზე. კიდევ ერთხელ გამოჩნდა: ქართულ ფეხბურთს, ჯერჯერობით ევროპაში არაფერი ესაქმება და ისღა დაგვრჩენია, ისევ ეროვნულ ჩემპიონატს მივხედოთ. მით უმეტეს, ჩვენი ფეხბურთის ავკარგიანობა სწორედ ამ ჩემპიონატზე ჰკიდია. ცუდი ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატი არასოდეს ყოფილა ჩვენი ფეხბურთის მესვეურთა მთავარი საზრუნავი. გულანთებული მწვრთნელებისა თუ ფეხბურთის მენეჯერთა გულწრფელ მოწადინებას, როგორც წესი, წინ ეღობება ინტერესები უფრო გავლენიანი სხვა ჯგუფებისა, ვისთვისაც ფეხბურთი საშუალებაა კერძო ბიზნესის კეთებისა და კაპიტალის დაგროვებისა. მეტწილად სწორედ კერძო ინტერესს ემსახურება მთელი ჩვენი საფეხბურთო ცხოვრება. ამას ბევრი ხედავს, თუმცა ხმამაღლა თითქმის არავინ ლაპარაკობს. ჩუმად არიან ფეხბურთის ვეტერანებიც. ამ დღეებში რამდენიმე ცნობილ ფეხბურთელს შევეხმიანე, ვისი აზრიც მსმენელისთვის ალბათ საინტერესო იქნებოდა. მიკროფონში ლაპარაკს ყველა გაურბის, უმიკროფონოდ – კი ბატონო. ისეთ ამბებს მოგიყვებიან, თმები ყალყზე დაგიდგება. ფეხბურთის ფედერაციის რომელიღაც ჩინოსანი რომ არ განაწყენდეს, ეს ამბები, თურმე ჩვენს შორის უნდა დარჩეს. არადა, ივო შუშაკს რას ვერჩით, სტუმარი კაცია. იცის სად და რა უნდა თქვას. საქმეც კარგად გამოსდის – თბილისის „დინამო” საქართველოს ჩემპიონატის ლიდერია. სხვა დაწინაურებულ გუნდებსაც უცხოელი მწვრთნელები ავარჯიშებენ; ქუთაისის „ტორპედოს” – ალექსანდრ შტელინი, თბილისის „ლოკომოტივს” – ლუის ცაკარიასი, „ვიტ-ჯორჯიას” – ჯანი კარნევალი. ამ გუნდებს და მათ პატრონებს ფული და შეიძლება სხვაზე მეტი აქვთ და შესაბამისად – ამბიციაც.
ქართულ ფეხბურთში თითქმის სამთვიანი არდადეგები გამოცხადდა, მაგრამ ყოველდღიური საქმეებით დაკავებული ფეხბურთის ფედერაცია დასასვენებლად ვერ მოიცლის: დასამთავრებელია საქართველოს ეროვნული ნაკრების დიღმის საწვრთნელი ბაზის მშენებლობა, რომლის პრეზენტაციაზე თვით ფიფას პრეზიდენტს იოზეფ ბლატერს ელოდებიან. სამასპინძლოა შვეიცარიის, რუსეთისა და ირლანდიის გუნდები. ამ ყველაფერს წინ უსწრებს თებერვალში გასამართი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, რომელმაც ფიფას რეკომენდაციით მომზადებული ახალი წესდების პროექტი უნდა განიხილოს და მიიღოს. საინტერესო ამბავია: ჯერ საარჩევნო ყრილობა გამართეს, ძველი და ყველასგან დაწუნებული წესებით პოსტები შეინარჩუნეს, მერე კი ახალ წესდების პროექტს მიუბრუნდნენ. აი, კიდევ ერთი ქართული პარადოქსი.
XS
SM
MD
LG