Accessibility links

logo-print

თურქეთი 2002 წლის განმავლობაში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 2002 წელს თურქეთში არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება მოხდა. პოლიტიკურ ლიდერთა მთელი თაობა, ე.წ. "ძველი გვარდია", რომელსაც მოსახლეობა პასუხისმგებლობას აკისრებს

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისისთვის, იძულებელი შეიქნა, მმართველობა ზომიერი ისლამური პარტიისთვის დაეთმო. 3 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებული გამარჯვება მოიპოვა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, რომელმაც, პირველად 15 წლის მანძილზე, მთავრობის შექმნა პარტნიორის გარეშე შეძლო.

სამართლინობისა და განვითარების პარტიამ პარლამენტის 550 ადგილიდან 362 მიიღო და სულ რამდენიმე ადგილი დააკლდა ორ მესამედამდე - აბსოლუტურ უმრავლესობამდე, რაც რეფერენდუმის გარეშე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის უფლებას იძლევა.

ამ პარტიის გარდა პარლამენტში 177 ადგილით გავიდა რესპუბლიკური სახალხო პარტია. კიდევ 8 ადგილი.დამოუკიდებელ კანდიდატებს ერგო. დანარჩენი 16 პარტიიდან 10-პროცენტიანი ზღურბლის გადალახვა ვერც ერთმა ვერ მოახერხა.

სამართლინობისა და განვითარების პარტიის ლიდერმა, სტამბოლის ყოფილმა მერმა, 48 წლის რეჯეპ ტაიიპ ერდოანმა ახლად არჩეული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ თურქეთის პოლიტიკაში ახალი ერა დაიწყო. მან მოუწოდა კანონმდებლებს დაუყოვნებლივ შეუდგნენ მუშაობას, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად. აშკარად გადაკრა რა პარლამენტის წინა შემადგენლობას, ერდოანმა იმედი გამოთქვა, რომ დარბაზში ცარიელ ადგილებს არ დაინახავს.

[ერდოანის ხმა] "უნდა გახსოვდეთ, რომ ერი გულდასმით გადევნებთ თვალს ტელევიზორით. თუ ამას დაივიწყებთ, პასუხსაც აგებთ. ეს ხალხის ბუნებრივი უფლებაა. როგორც სახელმწიფომ, ჩვენ მინიმუმამდე უნდა შევამციროთ ეკონომიკური დანაკარგები და რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ ეკონომიკური ზრდის ფაზაში. "ამისა და ამისთვის პასუხს არ ვაგებო" – წარსულში, შესაძლოა, გვქონდა კიდეც ამის თქმის უფლება, მაგრამ დღეს ეს უფლება აღარ არსებობს."

ტრადიციულად, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარეს ნიშნავს. მაგრამ ერდოანს აკრძალული აქვს ოფიციალური პოსტის დაკავება, ვინაიდან 1998 წელს მან საჯაროდ წაიკითხა ისლამისტური ხასიათის ლექსი. ეს გამოსვლა რელიგიური შუღლის გაღვივებად ჩაითვალა.

ახალ კაბინეტს სათავეში ჩაუდგა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი 52 წლის აბდულა გული. ბოლო ოთხ პარლამენტში მას თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. გულს განათლება დასავლეთში აქვს მიღებული, თავისუფლად ფლობს ინგლისურს. ის ისლამური პარტიების რიტორიკისგან და, საერთოდ, პოლიტიკური რადიკალიზმის ნებისმიერი ფორმისგან ოფიციალურად დისტანცირებას ცდილობს.

სამართლინობისა და განვითარების პარტიის ლიდერები, თუმცა არ უარყოფენ თავიანთ ისლამურ წარსულს, ამტიკიცებენ, რომ ისინი უნდა განხილულ იქნენ, როგორც დასავლეთი ევროპის ქრისტიანი დემოკრატების თურქული ანალოგი.

თურქეთის უდრეკ სეკულარისტებს ამისი არ სჯერათ. მათი სიტყვით, სამართლინობისა და განვითარების პარტიას აქვს საიდუმლო პროგრამა და ის წარმოადგენს საფრთხეს მუსტაფა ათათურქის მიერ 1920 წელს დამკვიდრებული რესპუბლიკური პრინციპებისთვის.

მაგრამ როგორი საიდუმლო მიზნებიც უნდა ჰქონდეთ, პარტიის ლიდერებმა დადეს პირობა, რომ გააძლიერებენ დემოკრატიულ სტანდარტებს და მტკიცედ დაიცავენ ადამიანის უფლებებს, რათა გაზარდონ ევროპის კავშირში თურქეთის გაწევრიანების შანსი.

მთავრობის მომავალი დიდწილად იქნება დამოკიდებული არმიაზე, რომელიც თავს ე.წ. "პოლიტიკური ისლამის" წინააღმდეგ ბრძოლის უკანასკნელ ბასტიონად მიიჩნევს. მან უკვე გააფრთხილა ახალი მთავრობა, რომ არ გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სეკულარულ წყობას დაემუქრებოდა. მიმდინარე თვის დამდეგს ქვეყნის გავლენიანმა გენერალიტეტმა აბდულა გული გააფრთხილა, არ გააუქმოს აკრძალვა ქალებისთვის თავსაფრის ტარებაზე. თავსაფრის საკითხი დაძაბულობის წყაროა თურქეთში 1925 წლის შემდეგ, როცა ათათურქმა, ქვეყნის სეკულარიზაციის გაძლიერების მიზნით, საგანგებო ბრძანებულებით აუკრძალა ქალებს ისლამური ყაიდის თავსაფრების ტარება. კონფლიქტიმა კულმინაციას მიაღწია სამი წლის წინათ, როცა ისლამისტი დეპუტატი ქალი პარლამენტიდან იმის გამო გააძევეს, რომ მან ფიცის დადება თავსაფრის მოუხდელად სცადა. გულის მეუღლე, ისევე, როგორც ერდოანისა და კაბინეტის 24-დან 15 მინისტრის ცოლები, თავსაფარს ატარებენ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ შეეცდება, ერთმანეთს შეუთავსოს რელიგიური ფასეულობები და სეკულარული პრინციპები.
XS
SM
MD
LG