Accessibility links

გათბა თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა, კერძოდ, რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის


ენერგეტიკული პრობლემებით დატვირთული ქვეყნის ხელისუფლება ზამთრობით მეზობელ რუსეთთან თბილი ურთიერთობის აღდგენას ცდილობს ხოლმე, რადგან, სხვა შემთხვევაში,

ენერგოკრიზისის კიდევ უფრო დამძიმება გარანტირებული ექნება. ასეა ახლაც. ფართომასშტაბიანი ანტიკრიმინალური ოპერაციით დაკავებული ქართველი ძალოვანები ახალ ანტიკრიმინალურ შემართებას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის არსებობით ხსნიან, ამასთან დაკავშირებით კი აღნიშნავენ, რომ ახალი საშიშროების მოხსნა ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების დაძლევამ უნდა განაპირობოს, რადგან ქვეყნის გარედან მომავალი საფრთხე, გარკვეულწილად, შეჩერებულია. როგორ უმკლავდება საქართველოს ხელისუფლება საშინაო პრობლემებს, რომლის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ნაწილად ადამიანის გატაცება იქცა? და გათბა თუ არა, მართლაც, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, კერძოდ, რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის?

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ზამთრის ტრადიციული დათბობის წინაპირობა აგვისტოს დასაწყისში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაკავებული ჩეჩნების ნაწილის რუსეთში ექსტრადირებამ შექმნა.
მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლებამ დიდი მეზობლის გულისმოგება საპასპორტო რეჟიმის დაცვის მოთხოვნით თბილისში ჩატარებული ანტიჩეჩნური ოპერაციით მოახერხა, მოახერხა იმდენად, რომ ახალ, მოსალოდნელ თუ მოულოდნელ, საშიშროებაზე საუბრისას ქართველი სამართალდამცავები საფრთხის რუსულ წარმომავლობას აღარც კი აღნიშნავენ. საქართველოში მიმდინარე ანტიკრიმინალურ ოპერაციასა და მის შედეგებზე მსჯელობისას რუსეთი მათ მხოლოდ იმ მიზნით გაიხსენეს, რომ იქაური მძიმე კრიმინალური ვითარებისთვის საქართველოში არსებული მდგომარეობა შეედარებინათ და სათანადო დასკვნები გამოეტანათ. ამ ორიოდე დღის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ტერიტორიაზე ქართველებზე გახშირებული თავდასხმების შესახებ. “ ნორდ-ოსტის” ტრაგედიის შემდეგ მოსკოვში მოკლულია 25 ქართველი, ერთი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი კი ფულის გამოძალვის მიზნით არის გატაცებული.” – ასეთი იყო ინფორმაცია, რომელმაც, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოსადმი ბოლო დროს “კეთილგანწყობილ” რუსეთში ქართველებისადმი, როგორც კავკასიელებისადმი, არცთუ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების საკითხი წამოსწია. ის, რომ რუსეთის ქალაქ პეტერბურგიდან ამ ცოტა ხნის წინ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ქართველი ბიზნესმენი გოჩა დაშნიანი, საქართველოს საპატრიარქოშიც დაგვიდასტურეს. დაშნიანს ყაზბეგის ეკლესიის შენებაში შეჰქონდა თავისი წვლილი. რუსეთში საქართველოს საელჩოსთვის არაფერია ცნობილი არც მისი გატაცებისა და არც“ ნორდ-ოსტის” ტრაგედიის შემდეგ მოსკოვში ქართველების გახშირებული მკვლელობის შესახებ. იქ მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ მოსკოვის ხელისუფლება განსაკუთრებით მკაცრია კავკასიელების და, მათ შორის, ქართველების მიმართ.

[თემურ გამცემლიძის ხმა] “იყო სერიოზული აქციები, მასიური გაჩერებები ქუჩაში. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი აქციები იყო ჩვენი დიპლომატების წინააღმდეგ. ეს ხდებოდა “ნორდ-ოსტის” შემდეგ, მაგრამ ასეთი რაღაცები ხდებოდა ადრეც.”

ანალოგიური პასუხი მივიღეთ, როცა მოსკოვში ქართველთა სათვისტომოს დავუკავშირდით.
როგორც ჩანს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არცთუ გახმაურებულ ფაქტებს ეფუძნება, ან მსგავსი ფაქტები რუსეთში იმდენად ჩვეულებრივია, რომ ისინი სათანადო რეზონანსის გარეშე რჩება. ასეა თუ ისე, რუსეთის ტერიტორიაზე ქართველი ბიზნესმენის გატაცების ფაქტის გახმაურებამ ქართულ პრესაში ასევე რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის, გატაცების ვერსია გააჩინა. ამ ვერსიას ივანიშვილის მიერ საქართველოში დაფუძნებული ბანკი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მოკლედ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაცია ახალ-ახალი ვერსიების აგორების საფუძველი გახდა. რაც შეეხება ფაქტებს და არა ვერსიებს: საქართველოში მიმდინარე ანტიკრიმინალურ ოპერაციას მძევლობაში დარჩენილების ბედი ჯერ არ გადაუწყვეტია, ეს არის, რომ 16 დეკემბერს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს “ლუკოილის’ ვიცე-პრეზიდენტის მამის გატაცებაში ეჭვმიტანილებს.
XS
SM
MD
LG