Accessibility links

logo-print

რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობაში არსებული ზოგიერთი საკითხის მიმართ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირის რუსეთის პრესა უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაციისა და რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის გამო.

გესაუბრებით ამ თემების გარშემო გამოქვეყნებული ორიოდე წერილის შესახებ.

11 დეკემბრის გაზეთმა “ვრემია ნოვოსტეიმ” მკითხველს ამცნო, რომ საქართველოში გრძელდება მასშტაბური ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ოპერაცია. თუმცა, გაზეთის თქმით, “ეს არ არის იმ შეთანხმებათა შედეგი, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა მიაღწიეს კიშინიოვის სამიტზე ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით; ოპერაცია მოწმობს თბილისის მხურვალე სურვილს, თავი მოაწონოს ამერიკელებს და, საბოლოოდ, ნატოში გაწევრიანდეს”.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა პაატა გომელაურმა გაზეთს დაუდასტურა შესაბამისი რეკომენდაციების მიღება ამერიკელებისგან თბილისსა და რეგიონებში ოპერაციის დაწყების წინ.

“ამერიკელებთან სისტემატური კონტაქტები და კონსულტაციები გვაქვს. ეს მითითებები კი არა, სწორედ რომ, კონსულტაციები იყო”, – თქვა მან.

“ვრემია ნოვოსტეი” წერს, რომ ამ დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი ლოშჩინინის აზრით, თბილისი აყოვნებს კიშინიოვის სამიტის ანტიტერორისტული შეთანხმებების რეალიზებას. ამასთან, “მოსკოვი მზად არის აუცილებელი დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს, მიაჩნია რა, რომ თბილისი არანაკლებად არის დაინტერესებული ანტიტერორისტული თანამშრომლობის განვითარებით”. მაგრამ, გაზეთის თქმით, “თბილისი მხოლოდ ამერიკელებთან დათმობებისთვის არის მზად”. თბილისზე ამერიკული ზეწოლის მაგალითად “ვრემია ნოვოსტეი” მიიჩნევს ვითარებას, რომელიც პორტუგალიაში, ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, შეიქმნა. გაზეთის თქმით, “ოთხსაათიანი დაპირისპირების შემდეგ საქართველოს დელეგაცია იძულებული გახდა, დათანხმებულიყო რუსეთის ბაზებთან დაკავშირებულ კონსენსურ დოკუმენტს და პროტოკოლში “განსაკუთრებული აზრის” შეტანით დაკმაყოფილებულიყო”.

10 დეკემბრის “ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით, რუსეთის მესაზღვრეები ცვლიან კავკასიაში სახელმწიფო საზღვრების დაცვის სისტემას, რაც უღელტეხილების თოვლით ჩაკეტვასთან არის დაკავშირებული. მაგრამ ყველა 180 უღელტეხილი კონტროლის ქვეშ დარჩება. გაზეთის თქმით, “ეს ნიშნავს, რომ, სულ ცოტა, მომავალი წლის გაზაფხულამდე რუსეთსა და საქართველოს შორის არც ერთი სასაზღვრო კონფლიქტი არ წარმოიქმნება, რადგან არც ერთი ჩეჩენი ბოევიკი არ მოინდომებს და, რაც მთავარია, ვერ შეძლებს დიდი კავკასიონის ქედის გადალახვას. არც ერთი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი არ დაბომბავს რუსეთის სამხრეთი მეზობლის ტერიტორიას. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსლან გელაევის რაზმი მშვიდობიანად გადავიდა საქართველოდან რუსეთში და, ამდენად, ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების გზაზე მოიხსნა კიდევ ერთი დაბრკოლება, - ახლა საქართველოს ვეღარ დააბრალებ, რომ გელაევს ხელს აფარებს, ისღა დარჩა, რომ ამაში რუსეთი დაადანაშაულო”.

“ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, “ზამთრის კეთილმეზობლობა, რომელიც ჯერ არც დაწყებულა, უკვე მობეზრდათ ქართველებს; ამიტომ გაზაფხულის დადგომამდე და უღელტეხილების გახსნამდე ისინი უკვე საუბრობენ მილიარდიან ანგარიშებზე, რაც მათი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ბაზების ყოფნას უკავშირდება”.
XS
SM
MD
LG