Accessibility links

logo-print

რა ელის სახელმწიფო ბიუჯეტს


დავით პაიჭაძე, თბილისი 2002 წელი იწურება და საბოლოო სახე ჯერ კიდევ არ მიუღია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. როგორც ცნობილია, პარლამენტში განსახილველად შეტანილი ბიუჯეტის პროექტი

პრეზიდენტმა უკან გაითხოვა მასში ცვლილებების შესატანად. ეს ნიშნავს, რომ გადამუშავებული პროექტი პარლამენტში თებერვლამდე ვერ შევა, ხოლო მიღებით, უკეთეს შემთხვევაში, მარტის თვეში მიიღებენ. მანამდე ქვეყანა წინა წლის ბიუჯეტით იცხოვრებს. რატომ დასჭირდა ბიუჯეტს შეცვლა და რას ნიშნავს ეს ცვლილებები? – ამ საკითხზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვესაუბრე.

ბიუჯეტის პროექტის პარლამენტიდან გაწვევის მიზეზი ცნობილია: მას უნდა დაემატოს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ხარჯვით ნაწილში; მე ვკითხე ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ზურაბ მიმინოშვილს, როგორ უნდა მოიძიონ ეს თანხა სამომავლოდ [მიმინოშვილის ხმა]: “ჯერ ერთი, რაც ჩადებულია ბიუჯეტში, იმის გადასინჯვა მოხდება. მეორეც, ბოლო პერიოდში მოხდა ცვლილებები საგარეო ურთიერთობებთან, დონორებთან, გრანტებთან დაკავშირებით. ასევე, გადავსინჯეთ შიდა რეზერვებიც”.

ბიუჯეტის ამ სახით მიღებას, საეჭვოა, პარლამენტში მომხრეები ეყოს. ეს ეჭვი ჩემთან საუბრისას გამოთქვა დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ. “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ კი შენიშნა [ჟვანიას ხმა]: “მთელი იმ წლების მანძილზე, რაც საქართველო თანამშრომლობს სავალუტო ფონდთან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფონდიც კი ითხოვს პარამეტრების გაზრდას. ყოველწლიურად პირიქით იყო: სავალუტო ფონდი ითხოვდა შემცირებას. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა შემოსავლების უფრო მაღალ სტანდარტს აწესებდა ყოველ მომდევნო წელს, ვიდრე ეს წარმოედგინა ფონდს. ჩვენ ვცდილობდით, გაგვეზარდა ამოცანა და, რაც შეიძლება, დაძაბულად ემუშავათ საშემოსავლო სამსახურებს. წელს ხდება პირიქით: სავალუტო ფონდი აღიარებს, რომ მთავრობა ხელოვნურად ამცირებს საბიუჯეტო შემოსავლების სამიზნე დონეს. ეს უხერხულ ვითარებას ქმნის და, ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს: ხელისუფლება უარს ამბობს, შეაგროვოს იმის მინიმუმიც კი, რაც ზედაპირზე ძევს და მოსახლეობის ელემენტარული პრობლემები ამით გადაწყვიტოს”.

ჟვანიას სიტყვებს ბიუჯეტის პარამეტრების შემცირების შესახებ არ ეთანხმება ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ზურაბ მიმინოშვილი საკითხს ასე უყურებს: [მიმინოშვილის ხმა]: “სავალუტო ფონდი არ მოითხოვს პარამეტრის გაზრდას ან შემცირებას. სავალუტო ფონდი წამოჭრის საკითხს, რომ შემოსავლები რეალური იყოს. ფონდმა კარგად იცის, რა მდგომარეობაა ჩვენთან, შემოსავლების თვალსაზრისით, და არარეალური შემოსავლების დაგეგმვის უფლებას არ გვაძლევს. რაც შეეხება გარკვეული პარამეტრების ცვლილებას – ეს ხდება სოციალურ და განათლების სფეროებში. აქ ფონდი მიგვანიშნებს, რომ ბიუჯეტი განსაზღვრულ დონეზე უნდა იყოს”.

რაც უნდა იყოს, ბიუჯეტის პროექტი, ადრე თუ გვიან, მაინც დამტკიცდება. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში რომც ჩავარდეს, მთავრობას პასუხს არავინ მოსთხოვს. კანონი არ ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას მომავალი წლის ბიუჯეტის გვიან წარდგენისათვის. ასე რომ, კრიტიკის ქარცეცხლში უშედეგოდ გატარების შემდეგ, დეპუტატები ბიუჯეტს ხმას აუცილებლად მისცემენ.
XS
SM
MD
LG