Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ სანიშვილს, რომლის ფილმები საქართველოში


ნიკოლოზ სანიშვილს, რომლის ფილმები საქართველოში

ყველა თაობამ ზეპირად იცის და რომელიც ყველაზე კომერციულ კინორეჟისორადაა მიჩნეული ქართული კინოს ისტორიაში, ასი წელი უსრულდება. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა“ოქროს საუკუნე” ნიკოლოზ სანიშვილის იუბილეს ეძღვნება.

შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია: საბჭოთა ცენზორები ერთნაირი ეჭვით და განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდნენ თვალს როგორც ანტისაბჭოთა მოღვაწეობაში შემჩნეულ სერიოზულ კინორეჟისორებს, ისე, ეგრეთ წოდებულ, “კომერციულ კინემატოგრაფისტებს”, პოპულარულ რეჟისორებს, რომელთა ფილმებს მაყურებელი ყოველთვის ჰყავდა. პოპულარობა – კომუნისტურ კულტურაში საშიში იყო, მით უფრო, როცა პოპულარული ხელოვანი ხელისუფლებასთან გარიგებაზე უარს ამბობდა.

1979 წელს, როცა ეკრანებზე, ეგრეთ წოდებულ, ისტორიულ-რევოლუციურ ჟანრში გადაღებული ქართული ფილმი “სახლი ლესნაიაზე” გამოვიდა, ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი 77 წლისა იყო. იმხანად მოსკოვი აღარ მალავდა გაღიზიანებას ქართველ კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო წარმატებების გამო. ამავე დროს, საბჭოთა კავშირის კინოკომიტეტის ჩინოვნიკები პრესაში აღნიშნავდნენ, რომ კინოსტუდია “ქართულ ფილმში” გადაღებულ სურათებს მაყურებელი არა ჰყავს იმიტომ, რომ ქართველი კინემატოგრაფისტები თითქმის დემონსტრაციულად გამოხატავენ გულგრილობას საბჭოთა ხალხის “გმირული წარსულის” მიმართ, არადა, საბჭოთა კინოს იდეოლოგების მტკიცებით, სწორედ ამ ჟანრში გადაღებულ ფილმებზე იყო იმხანად ყველაზე დიდი მოთხოვნილება. კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექცია იძულებული გახდა მოსკოვის შენიშვნა გაეთვალისწინებინა და რუსების მიერ მოგონილ კინოჟანრში - ისტორიულ-რევოლუციურ ჟანრში - ფილმის გადაღება ნიკოლოზ სანიშვილს დაავალა. კინოსტუდიის დირექცია, როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ რეჟისორი, რომლის ყველა ფილმმა აქამდე არნახული მოგება მოუტანა კინოგაქირავებას, ამჯერადაც მოიზიდავდა მასებს კინოთეატრებში. მით უმეტეს, რომ მსგავსი ამოცანა ნიკოლოზ სანიშვილმა ერთხელ უკვე წარმატებით გადაწყვიტა: 1969 წელს გადაღებული მისი ფილმი “განგაში”, რომელსაც ქართველ მეშახტეთა პორტრეტები უნდა შეექმნა, პუბლიკამ პირველივე ჩვენებისთანავე შეიყვარა. ოღონდ არა მეშახტეთა პორტრეტების გამო. საინტერესო ხასიათების შექმნა ნიკოლოზ სანიშვილს ყოველთვის უჭირდა. “განგაშში” მეშახტის პროფესია მხოლოდ ნიღაბი იყო. ფილმის გმირები მეშახტეები რომ არ ყოფილიყვნენ და ყოფილიყვნენ, ვთქვათ, მშენებლები ან მეზღვაურები, სასიყვარულო სამკუთხედის “დრამას” - უფრო სწორად, “მელოდრამას” - ისინი მაინც ვერ გადაურჩებოდნენ. პუბლიკა კი “განგაშზე” სწორედ ამ მელოდრამის სანახავად დადიოდა: “ბოროტისა” და “კეთილის” შეჯახება, რაც სანიშვილის ფილმების დრამატურგიას განსაზღვრავდა, მაყურებელს სიამოვნებას ჰგვრიდა, მით უმეტეს, ეპოქაში, როცა აქ არავინ იცოდა, რას ნიშნავდა მექსიკური ტელესერიალი და “საპნის ოპერა”.

და მაინც, “განგაშით” კინოსტუდიამ ქულები ჩაიწერა მოსკოვის წინაშე: ფაქტი იყო –ფილმი საბჭოთა მეშახტეების გმირულ ცხოვრებას მიეძღვნა. ეს კი სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ნიკოლოზ სანიშვილი პირველი ქართული ფართოფორმატიანი ფილმის, “ჩერმენის,” ავტორი გამხდარიყო. ესეც დაკვეთა იყო. ქართველ კინემატოგრაფისტებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ “ინტერნაციონალისტები” იყვნენ და ნაციონალურ უმცირესობასთან (თუმცა ამ ტერმინს იმხანად თითქმის არ ხმარობდნენ) არაფერი ჰქონდათ გასაყოფი. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის მიჯნაზე მომხდარი ამბავი გვიამბობს ოსი გლეხების ბრძოლაზე ვერაგი ფეოდალის, ხევისბერ დაკოს წინააღმდეგ. ჩერმენი, გლეხების ლიდერი – დაკოს უმცროსი ძმის, ბესტოლის, უკანონო შვილია, დედით – ოსი. იგი ბრძოლას იწყებს და იღუპება. მის ბრძოლას თანამებრძოლები, ქართველები და ოსები, ერთად აგრძელებენ. ნიკოლოზ სანიშვილის ფილმი მაყურებელს ახსენებდა, რომ ნაციონალურ კონფლიქტებს არა ადამიანის ბუნება, არა კულტურული სტერეოტიპები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სოციალური უთანასწორობა ბადებს. მაგრამ, “განგაშის” მსგავსად, “პრობლემურობა” სულაც არ იყო “ჩერმენის” წარმატების მიზეზი: პუბლიკა “ჩერმენზე” უფრო მეტად უზარმაზარ ეკრანზე ფარიკაობის სანახავად და სტერეოეფექტების მოსასმენად დადიოდა. თანაც, სანიშვილი ხომ “მთის თემის” ოსტატი იყო. მისი ფილმები “ხევისბერი გოჩა” და “შეხვედრა მთაში” დღესაც ყველაზე პოპულარულ სურათებად ითვლება ქართული კინოს ისტორიაში. სანიშვილი დარწმუნებული იყო: მარტივი სიუჟეტი, სქემატური კონფლიქტი, ბევრი ვნება საკმარისია იმისთვის, რომ პუბლიკამ თავი აღარ იგრძნოს იდიოტურ მდგომარეობაში, როცა ეკრანს უყურებს, მაგრამ არაფერი ესმის. ნიკოლოზ სანიშვილს სჯეროდა, რომ ეგრეთ წოდებული “საავტორო კინო”, რომლითაც კინოსტუდია “ქართულმა ფილმმა” 60-იან, 70-იან წლებში სახელი გაითქვა, ცდილობს რა მაყურებლის “ესთეტიკურ აღზრდას”, ისეთსავე ძალადობას ახდენს პუბლიკაზე, როგორსაც პროპაგანდისტული ფილმები. ჩვენში მხოლოდ სანიშვილს თუ შეეძლო გადაეღო კინო “დაკვეთილ ჟანრში” და მაინც გაემხიარულებინა პუბლიკა. მხოლოდ სანიშვილს შეეძლო ისეთი არაფრის მთქმელი სიუჟეტიდან, როგორიც აქვს ფილმს “შეხვედრა მთაში”, იმის გათვალისწინებით, თუ რა აკლდა 60-იანი წლების ქართულ პუბლიკას, გადაეღო ეროვნული კინოს “ჰიტი”, რომელიც იმხანად ყველამ ზეპირად იცოდა. პუბლიკას კი აკლდა მაღალი დონის გასართობი კინო – კარგი მსახიობებით, სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით და, რა თქმა უნდა, სიმღერებით, რომელსაც ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ესტრადის მომღერლები აიტაცებდნენ და ამით კიდევ უფრო გაუგრძელებდნენ სიცოცხლეს სანიშვილის ფილმებს. [ჩართვა. მუსიკა კინოფილმიდან “შეხვედრა მთაში”]

“შეხვედრა მთაში” არის “გადამღერება” ამერიკელი რეჟისორის ჯონ კიუკორის 1942 წელს გადაღებული ფილმისა “ქალი, ორმაგი სახით”, იმ განსხვავებით, რომ იქ ლეილა აბაშიძის გმირს გრეტა გარბო განასახიერებს. მაგრამ 60-იან წლებში, როცა სანიშვილის მუსიკალური ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენში კიუკორის სურათი არავის ენახა. არც სანიშვილის კიდევ ერთმა ჰიტმა, “აბეზარამ,” გაახსენა ვინმეს 30-იანი წლების გერმანული და უნგრული კინოკომედიები, ფრანჩესკა გაალით მთავარ როლში. ამ ფილმებს ჩვენში არ უჩვენებდნენ, მაგრამ მათი “არსებობის” შესახებ იცოდა ნიკოლოზ სანიშვილმა და ისიც იცოდა, როგორი წარმატება ჰქონდათ ამ ფილმებს დასავლეთში.

60-იან წლებში, როცა ნიკოლოზ სანიშვილმა “აბეზარა”, “თოჯინები იცინიან”, “შეხვედრა მთაში” გადაიღი, დასავლეთში უკვე სხვა ტიპის გასართობ კინოზე იყო მოთხოვნილება. მაგრამ რეჟისორი იმასაც მშვენივრად გრძნობდა, რომ ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი სწორედ 30-იანი წლების კლიშეებზე იყო აგებული. ოღონდ 30-იანი წლების ფილმების აუცილებელი “ატრიბუტი” – მტრის სახე სანიშვილის ფილმებში იცვლება “მეშჩანით”, “ობივატელით”, ვინც მხოლოდ სიმდიდრეზე, ნაჭრებზე, კეთილმოწყობილ სახლზე ოცნებობს. მათ უპირისპირდებიან კეთილშობილი გოგონები, ისინი, ვისთვისაც მატერიალური კეთილდღეობა არაფერს ნიშნავს... ამიტომ ცენზურას, რა თქმა უნდა, ხელს აძლევდა ნიკოლოზ სანიშვილის ფილმების, ამ თანამედროვე საბჭოთა ზღაპრების, წარმატება, ხელს აძლევდა, რომ პუბლიკას ფიქრით მაინცდამაინც თავი არ ასტკიებოდა და, ამავე დროს, დარწმუნებულიყო, რომ კერძო საკუთრება, ფული, წარმატება – ყველაფერი ეს “ბოროტებაა”. “სიკეთე” კი ისაა, როცა არაფერი გაქვს და როცა გიყვარს. [ჩართვა. მუსიკა “აბეზარა”]

1979 წელს გადაღებული “სახლი ლესნაიაზე” ნიკოლოზ სანიშვილის ერთადერთი ფილმი აღმოჩნდა, რომელმაც კატასტროფული მარცხი განიცადა კინოგაქირავებაში. როგორც ჩანს, მისამართი შეეშალა იმას, ვინც სანიშვილს “ისტორიულ-რევოლუციურ ჟანრში” მუშაობა დაავალა. იგი ხომ თანამედროვე ზღაპრებს ქმნიდა... რა თქმა უნდა, შეეძლო რევოლუციის ეპოქაც მუსიკალურ ზღაპრად გარდაექმნა, მაგრამ ამის უფლებას მას არავინ მისცემდა. ამ ფილმის დასრულების შემდეგ ყველაზე პოპულარულმა ქართველმა რეჟისორმა კიდევ დიდხანს იცოცხლა. საბჭოთა კავშირის დანგრევასაც მოესწრო. 1995 წელს კინოფესტივალზე “ოქროს არწივი”, სადაც მას სპეციალური პრიზი გადასცეს, ყველას არწმუნებდა, “გადამიხადეთ ფული და ქართულ კინოს მოგებას მოვუტანო.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG