Accessibility links

logo-print

ამერიკელები კრიტიკულად აფასებენ დაზვერვის უწყებების საქმიანობას


11 სექტემბრის ტრაგედიის, ანუ იმ მოვლენის შემდეგ, რომელმაც არა მარტო ნიუ-იორკის, არამედ, ბევრის აზრით, მთელი მსოფლიოს სახე შეცვალა, წელიწადი და სამი თვე გავიდა.

აშშ-ში კი არა თუ არ ნელდება, პირიქით, იზრდება ინტერესი შეკითხვისადმი, იყო თუ არა შესაძლებელი დღემდე არნახული მასშტაბის ტერაქტების აღკვეთა? ეს ინტერესი სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან უკავშირდება არანაკლებ მწვავე შეკითხვას: შესწევს თუ არა ქვეყანას მომავალი ტერაქტების აღკვეთის უნარი?

და აი, საზოგადოებრივი ინტერესის შესატყვისად, აშშ-ის მთავრობის მრჩეველთა საბჭო გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას დამოუკიდებელი უწყება, რომელსაც დაევალება სადაზვერვო სამსახურების შინ და უცხოეთში საქმიანობის კოორდინაცია ერთი მიზნით – პოტენციური ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად.

მრჩეველთა საბჭოს სათავეში უდგას ჯეიმს გილმორი, რომელმაც ორშაბათს ვაშინგტონში რეკომენდაციების წარდგენისას შემდეგნაირად დაასაბუთა ახალი, დამოუკიდებელი უწყების შექმნის საჭიროება: გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელიც ქვეყნის შიგნით სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობს, და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რომელიც იგივეს აკეთებს, ოღონდ უცხოეთში, ერთმანეთთან საკმარისად არ თანამშრომლობენ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლის 11 სექტემბერმა ყველას კარგად დაანახა ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობა:[ჯეიმს გილმორის ხმა] “სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მხრივ მდგომარეობა ოდნავ თუ გაუმჯობესდა. საორგანიზაციო რეფორმებისა და გაუმჯობესებული მეთვალყურეობის მიუხედავად, ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება მაინც ძალიან ძნელია.”

როგორც ჩვენი კორესპონდენტი, ენდრიუ ტალი ვაშინგტონიდან იუწყება, ჯეიმს გილმორი თავისი სიტყვების დასტურად შეგვახსენებს ამერიკული სადაზვერვო უწყებების მისამართით არაერთხელ გამოთქმულ ბრალდებას, რომლის თანახმად ეს უწყებები იმდენად დიდ მონდომებას იჩენენ მოპოვებული ინფორმაციის დაცვისას, რომ ზოგჯერ კი არ არგებენ, პირიქით - ავნებენ თავიანთ ქვეყანას. სულ რამდენიმე დღის წინ ასეთივე დასკვნა გამოიტანა აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ერთობლივმა კომიტეტმა: მისი რეკომენდაციით, მთავრობას უნდა დაემატოს სახელმწიფო დაზვერვის დირექტორის პოსტი, რომელიც დაზვერვის ცენტრალური ბიუროსა და პენტაგონის სადაზვერვო საქმიანობას გააკონტროლებს.
ეს, რაც შეეხება დაზვერვის უწყებების საქმიანობის სამომავლო კოორდინაციას.

ამასობაში კი მკაცრი შემოწმების საგნად რჩება მათი საქმიანობა 2001 წლის 11ტ სექტემბრამდე: საგანგებო დამოუკიდებელ კომისიას ევალება, დაადგინოს, შეეძლო თუ არა რომელიმე სამართალდამცავ თუ სადაზვერვო უწყებას, უკეთ მუშაობის შემთხვევაში, ტერაქტების აღკვეთა?

ამ საკითხისადმი და ზოგადად, დაზვერვის უწყებების საქმიანობისადმი რიგითი ამერიკელების ინტერესი, უფრო ზუსტად, კრიტიკული დამოკიდებულება აშშ-ის პოლიტიკური კულტურის განუყოფელ ნაწილად ითვლება. დასტურად მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ დღეს ერთით შემოვიფარგლებით: გასული საუკუნის 90-იან წლებში დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს აეკრძალა ადამიანის უფლებათა დარღვევაში ეჭვმიტანილი აგენტების დასაქმება. არადა, როგორც ვაშინგტონელი ისტორიკოსი, პროფესორი ლეო რიბაფო ამბობს, არის შემთხვევები, როცა მხოლოდ “ცუდებს” შეუძლიათ დაგეხმარონ “ცუდების” დაჭერაში. ანუ, დაზვერვის უწყებებს, შესაძლოა, აღეკვეთათ კიდეც 11 სექტემბრის ტერაქტები, რომ ჰქონოდათ უფლება, ეთანამშროლათ ადამიანებთან, ვინც არ გაურბის ტერორისტებთან კავშირს.
XS
SM
MD
LG