Accessibility links

logo-print

რატომ აპროტესტებს აზერბაიჯანი რუსეთის ბაზების შიარაღების გატანას საქართველოდან?


16 დეკემბერს საქართველომ და აზერბაიჯანმა სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ორმხრივი

სამხედრო თანამშრომლობის დამყარების პირველი მცდელობაა, თუმცა ეს უდაოდ ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი საქართველოში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. ამის მიზეზი კი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ საფარ აბიევის ის სკანდალური განცხადება გახდა, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზების კუთვნილი შეიარაღების საქართველოდან სომხეთში გატანას შეეხებოდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი საფარ აბიევი საქართველოში მეორედ ჩამოდის და ამჯერადაც მისი საუბრის მთავარ თემას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო დაჯგუფებიდან იარაღის ტრანსპორტირება წარმოადგენს. ბაქოს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ჯარების დაჯგუფების სარდლობის ბრძანებით, რუსეთის ბაზის სამხედრო ტექნიკა, იარაღი და საბრძოლო მასალები საქართველოდან თავს იყრის სომხეთში განლაგებულ ე.წ. გიუმრის ბაზაზე. აბიევის თქმით, მაშინ, როცა მოუგვარებელია მთიანი ყარაბახის კონფლიქტი, იარაღის სომხეთში გადატანის ფაქტმა რეგიონი, შესაძლოა, კვლავ დაძაბულობის კერად აქციოს.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, აზერბაიჯანის პროტესტი გასულ კვირაში საქართველოსა და რუსეთის სამხედრო ექსპერტების თბილისში შეხვედრის დროს მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. ორმხრივი კონსულტაციების დროს რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა რამდენიმე ობიექტით შეამციროს სამხედრო კონტინგენტი საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, შეთანხმების თანახმად, მომავალ კვირას დაიწყება რუსეთის ჯარების დაჯგუფების კუთვნილი კავშირგაბმულობის ბატალიონის გაყვანა სომხეთში, სადაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლების განსაკუთრებულ აღშფოთებას მაინც ის ფაქტი იწვევს, რომ, კავშირგაბმულობის ბატალიონის კვალად, რუსეთი აპირებს სომხეთში საგარეჯოს საინჟინრო ნაწილის საწყობებში არსებული საინჟინრო მარაგი გაზიდოს.

ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოსთან არსებულ საწყობებში ინახება სულ 100 000 ტონა საინჟინრო მასალა, საიდანაც, როგორც ბაქო ვარაუდობს, დაახლეობით, 40 000 ტონა სწორედ სომხეთში ტრანსპორტირებას უნდა დაექვემდებაროს. აზერბაიჯანის სამხედრო უწყების შეფასებით, ამ რაოდენობის საბრძოლო მასალის სომხეთის ტერიტორიაზე თავმოყრა რეალურად არღვევს ძალთა თანაფარდობას სომხეთის სასარგებლოდ.

საგარეჯოს საინჟინრო მასალათა საწყობში მნიშვნელოვანი საბრძოლო მარაგის არსებობა ჩვენთან საუბარში საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ჯარების ყოფილმა სარდალმა ჯონი გაგოშიძემაც დაადასტურა.

[ჯანო გაგოშიძის ხმა] "რა თქმა უნდა, ეს საბრძოლო მოქმედებებისთვის არის ყველა მათგანი დანიშნული. ყველანაირი ნაღმი არის იქ: დაწყებული ფეხოსანთა ნაღმებით და დამთავრებული ტანკსაწინააღმდეგო და საწყალოსნო ნაღმებით. თუ რამე არსებობს ნაღმები, ყველანაირი არსებობს იქ. გერმანიიდან რომ ტექნიკა გამოვიდა თავის დროზე, საინჟინრო ტექნიკა, მანდ შევიდა ნახევარზე მეტი."[სტილი დაცულია]


ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, შეაჩეროს საბრძოლო მასალის ტრანსპორტირების პროცესი სომხეთში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაქო იმუქრება, რომ რუსეთთან ერთად სამხედრო ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარს იტყვის.

აღსანიშნავია, რომ 2001 წლის დასაწყისში, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, დაახლოებით, სამი ეშელონი საინჟინრო მასალა გადაიტვირთა სომხეთში განლაგებულ რუსეთის ბაზის ტერიტორიაზე. ამ ფაქტს მაშინაც დიდი ხმაური მოჰყვა აზერბაიჯანის მხრიდან, მაგრამ საქმე მხოლოდ სიტყვიერი პროტესტით შემოიფარგლა. მეტიც, სულ მალე მოსკოვში აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის გაბალის რადიოსალოკაციო სადგური ბაზის სტატუსით აღიჭურვა.
XS
SM
MD
LG