Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსური გაუგებრობები ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გარშემო


ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სატრანსფერო ანგარიშს ყადაღა 13 დეკემბერს დაედო და ამით უმნიშვნელოვანესი ფინანსური ოპერაციების განხორციელება შეწყდა.

ბაზრის დასჯის მიზეზად “თბილსრესმშენისთვის” გადასახდელი მილიონი და სადაზღვევო კომპანია “ნაბათისთვის” გადასახდელი 100 ათასი ლარი სახელდება. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ საბითუმო ბაზარზე მეტად გენერაციისა და გადაცემა-დისპეჩერიზაციის ობიექტები ზარალდება. ყადაღადადებული ანგარიშიდან მათი ხელფასები და სხვა ხარჯები უნდა დაფინანსებულიყო.

ამ შემთხვევაში, 13 დეკემბერს დადებულმა ყადაღამ ყველაზე მეტად AES-მტკვარი და ენგურჰესი დააზარალა, რადგანაც საბითუმო ბაზარმა დასახელებულ ობიექტებს კუთვნილი თანხები ვერ გადაურიცხა.

ყადაღის დადების მძიმე ფაქტი საბითუმო ბაზრის სატრანსფერო ანგარიშისთვის სიახლე ნამდვილად არ არის და, მეტიც, ეს ჩვეულ მდგომარეობას უფრო ჰგავს. როგორც ბაზრის გენერალური დირექტორი ალბერტო სოლისი იხსენებს, მისი საქართველოში მოღვაწეობის დროის 70%-ის განმავლობაში სატრანსფერო ანგარიში სწორედ ყადაღადადებული იყო. ამიტომ სოლისი არა რომელიმე კონკრეტული ფაქტის, არამედ საერთო ტენდენციის წინააღმდეგ ილაშქრებს. იგი მიიჩნევს, რომ ამგვარ გაუსაძლის პირობებში საბითუმო ბაზარი ნორმალურ მუშაობას ვერ შეძლებს და, თუკი არაფერი შეიცვალა, აუცილებლად გაჩერდება.

ხელისუფლება უნდა დარწმუნდეს, რომ სატრანსფერო ანგარიში უშუალოდ ჩვენი ორგანიზაციის ინტერესი არ არის; მასზე მოძრაობს თანხები, რომლებიც გენერაციისა და
გადაცემა-დისპეჩერიზაციის ობიექტებს ეკუთვნით და სჭირდებათ, - აცხადებს ალბერტო სოლისი და ამ კუთხით საგადასახადო კოდექსის გადასინჯვას მოითხოვს. მისი თქმით, საბითუმო ბაზარი არაკომერციული ორგანიზაციაა და მისი კომერციულ ჭრილში განხილვა ნამდვილი უსამართლობაა. სხვათა შორის, ამ კონკრეტული საკითხის გარშემო საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობდნენ, მაგრამ, ეტყობა, ხელისუფლებამ მათ არასათანადოდ მოუსმინა.

არადა, ხელისუფლებას, წესით, უნდა აღელვებდეს ეს მტკივნეული საკითხი თუნდაც იმიტომ, რომ, საბითუმო ბაზრის ანგარიშის დაყადაღების შედეგად, მოსალოდნელია ქვეყნის ენერგოსისტემის პარალიზება, ხოლო ამ უკანასკნელს (და, ისიც, ზამთარში) რა შეიძლება მოჰყვეს, ხელისუფალთათვისაც ადვილი წარმოსადგენია.

სოლისი იმედოვნებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის ბარიერი დაძლევადია, თუმცა მას ამ საკითხის სწრაფად გადაწყვეტის იმედი ნაკლებად აქვს. მისი აზრით, უკეთეს შემთხვევაში, ყოველივე ამას 6 თვე დასჭირდება. შეკითხვაზე – ყადაღის მექანიზმის მოხსნის შემთხვევაში რა ბერკეტები უნდა დარჩეთ საბითუმო ბაზრის მევალეებს თანხების დასაბრუნებლად – სოლისის პასუხი აბსტრაქტულია. მისი თქმით, მთელი ეს სისტემა პატიოსანი გადახდის ხარჯზე უნდა დაიხვეწოს, ანუ იმის ხარჯზე, რაც საქართველოში, პრაქტიკულად, არ არსებობს.

ბოლო ინფორმაციით, საბითუმო ბაზრის სატრანსფერო ანგარიში, ნაწილობრივ, გათავისუფლდა. მას ყადაღა სადაზღვევო კომპანია “ნაბათის” მხრიდან უკვე მოეხსნა. თუმცა ეს მთავარი პრობლემის მოხსნას ნამდვილად არ ნიშნავს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG