Accessibility links

logo-print

პრობლემები ბოსნიის აღდგენის საქმეში


მიმდინარე თვეში გაერო ბოსნიაში ამთავრებს პოლიციისა და სასაზღვრო ჯარების აღდგენით სამუშაოებს. გაეროს უშიშროების საბჭომ მაღალი შეფასება მისცა გაწეულ სამუშაოს,

მაგრამ ამავე დროს მოუწოდებს ბოსნიის სუსტი სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რომ დააჩქარონ ეკონომიკური რეფორმები. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რობერტ მაკმეჰონი ესაუბრა ჟაკ კლაინს, რომელიც სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა გაეროს მისიას ბოსნიაში.

ჟაკ კლაინს ნამდვილად შეუძლია იამაყოს მიღწეული შედეგებით. გარდამავალ პერიოდში გაეროს მისია აქტიურ როლს თამაშობდა ბოსნიის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საქმეში. მისიის დახმარებით ამოქმედდა სრულყოფილი სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური. მან ომის დროინდელი 40 ათას კაციანი პოლიცია ახალი, 16 ათას კაციანი გაწვრთნილი პერსონალით შეცვალა. მისმა პროგრამებმა ასიათასობით ადგილნაცვალ ადამიანს მისცა საშუალება შინ დაბრუნებულიყო.

გარდა ამისა, თავად კლაინი არ ივიწყებს ისეთი სახელმწიფოებრივი სიმბოლოების გაჩენასაც, როგორიცაა დროშა, პასპორტი, ავტომანქანის სანომრე ნიშნები და, მისი თქმით, რეგიონში ყველაზე მყარი ვალუტა.

მაგრამ, ამავე დროს, რობერტ მაკმეჰონთან საუბარში ჟაკ კლაინმა აღნიშნა უარყოფითი ფაქტორებიც. პირველ რიგში ესაა ეკონომიკის არასაკმარისი განვითარება ზოგიერთ რეგიონში. ამის მთავარ მიზეზად მან დაასახელა ის, რომ სათანადოდ არ სრულდება კანონები. შესაბამისად, ეს ხელს უშლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

არსებობს სხვა პრობლემებიც. [კლაინის ხმა] "აქ არის ეთნიკური პრინციპით დაყოფილი სამი არმია და უნივერსიტეტები, რომლებიც ეთნიკური პრინციპით მოქმედებს. ეს სერიოზული დაბრკოლებაა სახელმწიფოებრიობის მშენებლობისთვის", განაცხადა ჟაკ კლაინმა.

ბოსნიაში ომის დროს განსაკუთრებით დაზარალდა სამოქალაქო მოსახლეობა. 200 ათას ადამიანამდე იქნა მოკლული, მათ შორის ქალები, ბავშვები და ტყვეები. ადგილი ჰქონდა ქალებისა და გოგონების მასობრივ გაუპატიურებას.

ასეთი ისტორიის მქონე რეგიონში ძალზე ძნელია ეთნიკურ ჯგუფებს შორის სტაბილური მშვიდობის დამყარება. სამხრეთ აფრიკული მოდელის მიხედვით შეიქმნა ჭეშმარიტების დადგენისა და შერიგების კომისია. მაგრამ კლაინის თქმით, ბოსნიაში ამ კომისიის მუშაობას მრავალი პრაქტიკული პრობლემა უშლის ხელს.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შერიგების პროცესს სრებრენიცის რეგიონში, სადაც ბოსნიელმა სერბებმა 7 ათასზე მეტი მუსულმანი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს 1995 წელს. სრებრენიცის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილია თორმეტნახევარი მილიონი დოლარი.

სერიოზული პრობლემაა პოლიტიკური ელიტა, რომლის წარმომადგენლები ომის დროს დიდ მოგებას ნახულობდნენ, ომის შემდეგ კი ისინი მაფიურ სტრუქტურებად გარდაიქმნენ. დღეს ბოსნიაში დანაშაული ხდება არა იმდენად დაბალ დონეზე, რამდენადაც უმაღლეს მმართველ ეშელონებშიო, განუცხადა რობერტ მაკმეჰონს გაეროს მისიის ხელმძღვანელმა ჟაკ კლაინმა.

ზემოთქმულთან უშუალო კავშირშია ამ დღეებში ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესი. საერთაშორისო ტრიბუნალის განსასჯელის სკამზეა ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილიანა პლავშიჩი, ამ რანგის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც თავად გამოცხადდა ტრიბუნალის წინაშე და თავი დამნაშავედ ცნო მთელ რიგ ბრალდებებში. ამ პროცესის მსვლელობის შესახებ ჩვენი შემდგომი გადაცემებიდან შეიტყობთ.
XS
SM
MD
LG