Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი წარმატებების შემდეგ ანტი-ტერორისტული კამპანიის ტემპები შენელდა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გესაუბრებათ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ანტიტერორისტული

კამპანიის წარმატებებსა და წარუმატებლობაზე. აშკარაა, რომ შარშან, თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ავღანეთში მოპოვებული წარმატებების შემდეგ ანტიტერორისტულ კამპანიას ძალა მოაკლდა. მეტიც, ზოგიერთის აზრით, იმის თქმაც კი ძნელია, ვინ იგებს ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს.

ჩვენს ყოველკვირეული პროგრამაში "ათასწლეულთა მიჯნაზე" მიმდინარე წლის განმავლობაში ანტიტერორისტული კამპანიის წარმატებებზე და მარცხზე ვისაუბრებთ.

ბოლო სამი თვის განმავლობაში მსოფლიოში გახშირდა ტერორისტული თავდასხმები, რომლებიც "ალ-ყაიდას", ან მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებს მიეწერება.

ესენია: ოქტომბერში კუნძულ ბალიზე ღამის კლუბის აფეთქება; იემენის ნაპირებთან საფრანგეთის ტანკერზე ასაფეთქებელი ნივთიერებით გატენილი ნავის დაჯახება; ამერიკელი მეზღვაურის მკვლელობა ქუვეითში; კენიაში სასტუმროზე თავდასხმა (სასტუმრო ისრაელის მოქალაქეს ეკუთვნის) და ისრაელის სამგზავრო თვითმფრინავისთვის რაკეტების დაშენა. (ეს იერიში, საბედნიეროდ, წარუმატებლად დამთავრდა)

ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ "ალ-ყაიდამ" თავისი მოქმედების სტრატეგია შეცვალა. კარგად დაცული ამერიკული ობიექტების ნაცვლად ის თავს ესხმის დაუცველ სამოქალაქო ობიექტებს.

11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ ბალიზე თავდასხმა, რომლის შედეგად 180 ადამიანი დაიღუპა, ყველაზე სისხლიანი იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამის თაობაზე აღნიშნა, ეს გლობალური ტერორიზმის ახალი სახის ნაწილიაო. რამდენიმე დღის შემდეგ ამ აზრს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯორჯ ტენეტიც დაეთანხმა. კონგრესში გამოსვლისას მათ თქვა:

[ტენეტის ხმა] "როცა ხედავ მთელს მსოფლიოში – ბალიდან ქუვეითამდე – გახშირებულ თავდასხმებს, გიამბობენ დიდი რაოდენობით წარუმატებელი თავდასხმების შესახებ, ვრცელდება "ალ ყაიდის" მაღალი რანგის ლიდერთა სხვადასხვა განცხადებები, უნდა დაასკვნა, რომ "ალ ყაიდა" აქტიურ ფაზაშია და განზრახული აქვს, იერიში განახორციელოს ჩვენს წინააღმდეგ – როგორც აქ, ისე ოკაენის გაღმა. ჩემი აზრით, ეს სრულიად აშკარაა."

შოტლანდიელმა ექპერტმა მაგნუს რანსტორპმა ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნა, რომ სამოქალაქო ობიექტები, როგორც ჩანს, გულდასმით იქნა შერჩეული და მიუთითებს, რომ "ალ-ყაიდა" ეკონომიკური ზიანის მიყენებას, ვაჭრობისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად.

დამატებითი შედეგი კი ის არის, რომ ეს ბადებს ეჭვს ამერიკის ლიდერობით წარმოებული ანტიტერორისტული კამპანიის ეფექტიანობაში. გარდა ამისა, როგორც "ალ-ყაიდასთან" კავშირში ეჭვმიტანილ პირთა დაკითხვიდან ირკვევა, ევროპაში მდებარე ობიექტებს უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, ვიდრე ეს თავდაპირველად ეგონათ.

ლონდონელი ექსპერტი ფილიპ საბინი აღნიშნავს, რომ 11 სექტემბრის თავდასხმებიდან წელიწადზე მეტის შემდეგაც კი, ინფორმაცია "ალ-ყაიდის" ქსელის შესახებ ძალიან მწირია.

[ საბინის ხმა] "ალ ყაიდას საკმარისად არ ვიცნობთ საიმისოდ, რომ ვიცოდეთ, რამდენად იმართება იგი ცენტრალური იერარქიის მიერ, რომელმაც ყველაფერი იცის და ყველაფერს აკონტროლებს. მაგალითად, ისიც კი არ ვიცით, ცოცხალია თუ არა ბინ ლადენი. ჩემი აზრით, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა ინიციატივას ადგილობრივ დონეზე იჩენენ, თვით "ალ-ყაიდის" შიგნითაც კი, რათა ხელსაყრელი მომენტი გამოიყენონ და სხვა. ასეთია ტერორისტული ორგანიზაციის ბუნება. რაც უფრო მეტად არის ცენტრალიზებული, მით უფრო იოლია ინფილტრაციის გზით მისი განადგურება."

მაგრამ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მიუთითებენ წლეულს მიღწეულ მთელ რიგ წარმატებებზე. მაგალითად, იემენში ააფეთქეს ს ყაედ სენიან ალ-ჰარითის, აბუ ალის სახელით ცნობილი "ალ-ყაიდის" წამყვანი წევრის მანქანა. მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი დაიღუპა.

პაკისტანსა და ინდონეზიაში დააკავეს და მართლმსაჯულებას გადასცეს კიდევ ორი ეჭვმიტანილი – რამზი ბინალშიბი და ომარ ალ ფარუყი.

ამ წლის დამდეგს ერთგვარი წარმატება იქნა მიღწეული ტერორიზმის საერთაშორისო დაფინანსებისთვის ბოლოს მოღების მცდელობებში. თუმცა, კრიტიკოსების აზრით, ამ სფეროში კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგრიშში ნათქვამია, რომ ბუშის ადმინისტრაცია საკმარის ზეწოლას არ ახდენს უცხო მთავრობებზე, რათა ისინი უფრო აქტიურად შეებრძოლონ ტერორიზმის დაფინანსებას. ანგარიშში ნათქვამია აგრეთვე, რომ საუდის არაბეთი თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ზოგიერთი პირი თუ საქველმოქმედო ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" მთავარი დამფინანსებელია.

ანგარიში დაასკვნის, რომ ენერგიული დებიუტის შემდეგ, ამდმინისტრაციის მიერ მიღებული ზომები სტარტეგიულად არასაკმარისია შეერთებული შტატების უსაფრთხოების დასაცავად.

ანტიტერორისტული კამპანიის ყველაზე თვალსაჩინო წარმატება იყო ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამხობა და ქვეყანაში დასავლეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის დამკვიდრება, ჰამიდ კარზაის მეთაურობით.

მაგრამ მარტის შემდეგ, როცა შეერთებულმა შტატებმა გადამწყვეტი იერიში დაიწყო თალიბანისა და "ალ-ყაიდის" ძალების წინააღმდეგ, სამხედრო კამპანიის ტემპი შენელდა.

ზოგიერთი ამას იმით ხსნის, რომ ვაშინგტონის გულისყური ახლა ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობისკენ არის მიმართული. კიდევ ერთი აზრია, რომ ამერიკელები, შეიძლება თავიდან მეტისმეტად ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი და ეგონათ, რომ ადვილად დააკავებდნენ ან მოკლავდნენ ბინ ლადენს. "ალ-ჯაზირას" ტელევიზია დროდადრო გადასცემს ბინ ლადენის მაგნიტურ ჩანაწერს. უკანასკნელად მისი ხმა, თუ ეს მრთლაც ბინ ლადენი იყრ, ნოემბერში გაისმა. ის ირწმუნებოდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ჩადენილი ყველა ტერორისტული აქტი, მოსკოვის თეატრალური ცენტრის ტრაგედიის ჩათვლით, მისი ორგანიზაციის მიერ იქნა მოწყობილი.

[სავარაუდოდ ბინ ლადენის ხმა] "ალაჰის მიმდევარი ოსამა ბინ ლადენი მიმართავს ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის უსამართლო მთავრობასთან თანამშრომლობენ. დასავლეთისთვის უსაფრთხოების გზა აგრესიის შეჩერებით იწყება. სამართლიანობა და პატიოსნება ყველას თავისას მიუზღავს."

აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ეს ხმა მართლაც ბინ ლადენს ეკუთვნის.

თუმცა, ჩემის აზრით, ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. თუ ვინმე იმუქრება ტერორისტული აქტებით და ახორციელებს კიდეაც მათ, რა განსხვავებაა ვისი სახელით იმოქმედებს.
XS
SM
MD
LG