Accessibility links

logo-print

არასრულწლოვანი დავით ასატუროვის საქმეზე გამოძიება ჩიხშია შესული


სოზარ სუბელიანი, თბილისი 24 აპრილს რადიო “თავისუფლებას” გადაცემა ჰქონდა სამი არასრულწლოვანი პატიმრის შესახებ, რომელთაგან ორი – დავით ასატუროვი და მამუკა გოგინაშვილი – ცეცხლსასროლი იარაღის

მოპარვასა და შენახვაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. მას შემდეგ თითქმის 8 თვე გავიდა, ორივე არასრულწლოვანი ისევ ორთაჭალის იზოლატორშია გამოკეტილი, გამოძიება კი მათ ვერც დანაშაულს უმტკიცებს და არც პატიმრობიდან ათავისუფლებს. მეტიც, გამოძიებამ დავით ასატუროვს კიდევ ერთი ბრალდება – საპყრობილიდან გაქცევის მცდელობა - დაუმატა და ამით დაუმძიმა ის ბრალდება, რომლის დამტკიცებასაც გამოძიება დღემდე ვერ ახერხებს.

რადიომსმენელს მოკლედ შევახსენებ საქმის არსს: ორივე ეჭვმიტანილი, დავით ასატუროვიც და მამუკა, იგივე ბაჩო, გოგინაშვილიც, ვერაზე მანქანების რეცხვით ირჩენდა თავს. ორივე მათგანი აღიარებს, რომ მათ განზრახული ჰქონდათ ფიქრის გორაზე ალუმინის მოპარვა, რათა ალუმინში აღებული ფულით გოგინაშვილისთვის ფეხსაცმელი ეყიდათ. ორივე მათგანი აღიარებს, რომ მიმდინარე წლის 12 მარტს, ალუმინის ძებნის დროს, ფიქრის გორაზე მშენებარე ერთ-ერთი კორპუსის საძირკველში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით სავსე ჩანთას მოჰკრეს თვალი. თავად დავით ასატუროვი ასე აღწერს იარაღის პოვნის ფაქტს: [დავით ასატუროვის ხმა] “კორპუსი დგას და კორპუსის ქვემოთ ამომტვრეული იყო, პატარა ნახვრეტი ჰქონდა, ჩანთა ჩანდა. მივედით მე და, ბაჩოა ერთი, პატარა ბიჭია, მივედით, ვნახეთ ავტომატები, წავედით, შევინახეთ. პატარა ნახვრეტი იყო, ბოლომდე შიგნით ვერ შევიდოდით.” [სტილი დაცულია]

ასატუროვის ჩვენების თანახმად, ყუთში ორ ცალ ავტომატთან ერთად აღმოჩნდა 12 ცალი ხელყუმბარა, ორი ცალი გამანათებელი შაშხანა, 10 ცალი ავტომატის მჭიდე, საბრძოლო ვაზნებით, და სხვა იარაღი. საქმის მასალების თანახმად, არასრულწლოვანებმა სარდაფი გატეხეს და იქ ნახეს არა ერთი, არამედ 10 ყუთი შეიარაღება, რომელთაგან მათ მხოლოდ ერთი გახსნეს. მთელი ამ შეიარაღებიდან ასატუროვმა და გოგინაშვილმა მოიპარეს 2 ავტომატი და 5 ავტომატის მჭიდე, საბრძოლო ვაზნებით, რომლებიც ახვლედიანის ქუჩაზე, მიტოვებული სახლის სარდაფში, გადამალეს. უკვე იმავე დღეს, 12 მარტს, პოლიციამ ბაჩო გოგინაშვილი აიყვანა, 16 მარტს კი ასატუროვიც დააკავეს, ჩვენება ჩამოართვეს და გამოუშვეს, მაგრამ 10 აპრილს ისევ დაიჭირეს და მას შემდეგ მეხუთე საპყრობილეში არიან გამოკეტილები.

ეჭვმიტანილისა და მისი დედის, ეთერ ჯაყელის, თქმით, დაკავების დროს პოლიციელებმა არასრულწლოვანი სასტიკად სცემეს, რაც ექიმის დასკვნითაც დასტურდება: [დავით ასატუროვის ხმა] “შემოვარდნენ სახლში, დედაჩემი, ჩემი და და მე მცემეს. წამოდიო, წამოდიო, ჩაცმული არ ვიყავი და რაღაცეები დაიწყეს… სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ, სახელი-გვარი არ ვიცი, მაგრამ სახეზე ვიცნობ – მსუქანი, მაღალი კაცია. დამიწყეს – თქვი, რაღაცეები, სად რას იპარავ…” [სტილი დაცულია]
[ეთერ ჯაყელის ხმა] “ეს არის მესამე განყოფილების უფროსი გიორგი ცააძე, რომელმაც ბავშვი ცემა ბეისბოლის ჯოხით და მიიღო თავის ტვინის შერყევა.” [სტილი დაცულია]

ეთერ ჯაყელის თქმით, ზემო ვერაზე არსებულ ამ განყოფილებაში ასატუროვი ადრეც არაერთხელ მიუყვანიათ და მისთვის ფულიც გამოუძალავთ: [ეთერ ჯაყელის ხმა] “თავიდან ერთი მუჭა სემიჩკის გულისთვის 100 ლარი მთხოვეს – თითქოს მზესუმზირა მოიპარა სადღაც, მაგრამ იმ დღეს არ მქონდა 100 ლარი და მივეცი 50 ლარი. ცოდვა არისო ბავშვი, სემიჩკის გულისთვის აღრიცხვაზე რატომ უნდა ავიყვანოთო. ცოტა დრო რომ გავიდა, ბავშვი მაინც აიყვანეს აღრიცხვაზე – ვითომ ერთი ქილა მურაბა მოიპარესო, და თქვენ არ დაიწყოთ ზედმეტი ლაპარაკიო – მოიპარა, არ მოიპარა, იჩხუბა, არ იჩხუბა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, აღრიცხვაზე ავიყვანეთ და, ხომ იცით, ამას რა მოყვებაო. ამის შემდეგ გვითხრეს, 2000 დოლარი მოგვიტანეთო. 2000 დოლარი ჩემთვის მართლა ფანტასტიკური თანხა იყო, რისი გულისთვის უნდა მიმეტანა! ოხ, ოხ, შენო, ბევრს ნუ იმას შვრებიო, დაიწყეს იქ ლანძღვა-გინება, ბავშვიც იქ სცემეს.” [სტილი დაცულია]

საბოლოოდ, ჯაყელის თქმით, პოლიციელები 2000 დოლარიდან 500 დოლარზე ჩამოვიდნენ, თუმცა ასატუროვებმა ვერც ამ თანხის სრულად გადახდა შეძლეს: [ეთერ ჯაყელის ხმა] “ფული კიდევ აიღეს ვეშაგურმა და მათიაშვილმა – 500 დოლარი. მესამე პოლიციელის გვარი არ მახსოვს, ისე, სახეზე ვიცი.” [სტილი დაცულია]

24 აპრილს ასატუროვი და გოგინაშვილი სახალხო დამცველის რწმუნებულებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოინახულეს. სახალხო დამცველის რწმუნებულის ცირა თელოიანის თქმით, მას შემდეგ, 8 თვის განმავლობაში, არასრულწლოვანები გამომძიებლებს ერთხელაც არ მოუნახულებიათ: [ცირა თელოიანის ხმა] “ეს ბავშვი თითქმის 8 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვინახულეთ ერთობლივად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მას შემდეგ გამომძიებელი შესულიც კი არ იყო იქა.” [სტილი დაცულია]

საქმე არასრულწლოვანების მიმართ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით არის აღძრული, მაშინ, როცა ამ საქმეში არ არსებობს დაზარალებული, რომელსაც აღნიშნული იარაღი მოჰპარეს: [ცირა თელოიანის ხმა] “დათო ასატუროვი ამბობს – მე არ ვუარყოფ, რომ ალუმინის მოსაპარად ვიყავი წასულიო. მაგრამ იქ აღმოჩნდა სხვა რაღაცა, რომელიც ჩვენ წამოვიღეთო, დავდეთ და სამი დღის მერე, როცა მივედით, ის უკვე იქ აღარ იყოო. ესე იგი, დათოს იარაღი ხელში არ კავებია, არც სახლში შეუტანია, არც რაიმე ზარალი მიუყენებია ამ სახელმწიფოსთვის. ისე, თუ ამ ბავშვებმა ეს იარაღი შენიშნეს და წამოიღეს – გასაგებია, მე არანაირ ქურდობას არ ვამართლებ – მაგრამ ისმება კითხვა, ვისი იყო ის იარაღი, რატომ ისინი არ ისჯებიან უკანონო შენახვისთვის? მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ამ ბავშვებისთვის, პირიქით, უნდა ეთქვათ მადლობა იმის გამო, რომ სადღაც არსენალი აღმოუჩენიათ, როგორც საქმეში წერია.” [სტილი დაცულია]

26 სექტემბერს ასატუროვის საქმეს ახალი ბრალდება – ციხიდან გაქცევის მცდელობა - დაემატა. გამოძიების მასალების თანახმად, გაქცევის მცდელობაში 25 არასრულწლოვანი მონაწილეობდა, რომელთაგან ექვსის მიმართ საქმე აღიძრა. მათ შორის, დავით ასატუროვიც მოხვდა, თუმცა ცირა თელოიანი დარწმუნებულია, რომ გამოძიებამ სპეციალურად შექმნა ეს ეპიზოდი, რადგან მთავარ ბრალდებაზე, ფაქტობრივად, ვერაფერს უმტკიცებდა: [ცირა თელოიანის ხმა] “ეს ჩემი პირადი ეჭვია, რომ აუცილებელი იყო ამ ბავშვისთვის რაღაცის დაბრალება, რის საფუძველზეც იგი უნდა იჯდეს. და მოხდა ის, რომ ეს ბავშვი, ამ წლის 26 სექტემბერს თითქოს ციხიდან გაქცევის მცდელობაში მონაწილეობდა. არადა, იმ დღეს, როცა ეს მცდელობა მოხდა, ბავშვი, საერთოდ, საქმის კურსში არ იყო და მადუღარათი ფეხი ჰქონდა თავიდან ბოლომდე დამწვარი. იმ ღამეს ფიზიკურად არ შეეძლო, იმიტომ რომ ექიმს ელოდებოდა.” [სტილი დაცულია]

სასჯელთა აღსრულებისას კანონების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურორმა ჯორჯიკიამ მიიჩნია, რომ გაქცევის მცდელობასთან დაკავშირებით მოგროვებული მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით იქნა მოპოვებული და მათი დაუშვებელ მტკიცებად მიჩნევა მოითხოვა. შესაბამისად, მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა სონღულაშვილმაც ასატუროვს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა, თუმცა 29 ნოემბერს იმავე მოსამართლემ მაინც შეუფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.

ცირა თელოიანი აცხადებს, რომ როგორც მთაწმინდა-კრწანისის, ისე საოლქო სასამართლოებმა ასატუროვის საქმესთან დაკავშირებით კანონის სრული უგულებელყოფა მოახდინეს: [ცირა თელოიანის ხმა] “მოსამართლე ღმერთი არ არის! მოსამართლე ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც უნდა დაემორჩილოს იგივე იმ კონსტიტუციას. როგორ, მოსამარლე თუ არ ემორჩილება იმ კონსტიტუციას, იმ კანონს, რა, მარტო სახალხო დამცველისა და გაუბედურებული ხალხისთვის არის ის კონსტიტუცია? აი, ამ გადასახედიდან, უბრალოდ, მეცოდება გაუბედურებული ხალხის ის ნაწილი, რომელსაც როდესმე სასამართლო ინსტანციაში საქმე ექნება.”[სტილი დაცულია]

უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძისადმი მიწერილ წერილში ცირა თელოიანი წერს, რომ დავით ასატუროვის საქმეზე 6 მოსამართლე გამოიცვალა და იგი 20-ჯერ იქნა წარდგენილი სასამართლოზე, მაგრამ სრულფასოვანი პროცესი ვერ ჩატარდა, რადგან გამოძიებამ დღემდე ვერ აღმოაჩინა დაზარალებული მხარე. ამის გარეშე კი გამოძიება ჩიხშია შესული, რისი აღიარებაც მას არაფრის დიდებით არ სურს.
XS
SM
MD
LG