Accessibility links

საქართველოში ტოტალიზატორების ბუმია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მძიმე სოციალური ფონის და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად საქართველოს დედაქალაქი გასართობი დაწესებულებების და რესტორნების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

თბილისში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად მომრავლებული ტოტალიზატორები იქცა, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და საქმიანი ფუსფუსია. თბილისელი ბუკმეკერების და ტოტალიზატორის მოყვარულთა შესახებ ზაზა გაჩეჩილაძე გესაუბრებათ.

დღეისათვის მხოლოდ თბილისში რამდენიმე ათეული ტოტალიზატორი ფუნქციონირებს, რომელთაც ფილიალების საკმაოდ ფართო ქსელი გააჩნიათ. ათიოდე წლის წინ ალბათ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ აზარტული თამაშის ეს ფორმა საქართველოში ამგვარად მოიკიდებდა ფეხს. უწყინარი ლატარიებისა და სპორტლოტოების ქვეყანაში ბუკმეკერები მხოლოდ იატაკქვეშა ფსონების მიღებას ახერხებდნენ და ამ საქმით დაკავებულები საბჭოური მილიციის მუდმივი ყურადღების ქვეშ იყვნენ.

დღეს კი ტოტალიზატორის გახსნა შესაბამისი თანხის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს ბიზნესი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც საკმაო შემოსავლის მომტანია. თბილისში პოპულარული საბუკმეკერო კანტორების თვიური ბრუნვა არაოფიციალურად საშუალოდ 10-დან 30 ათას ამერიკულ დოლარამდე აღწევს. ყველაზე მეტი მოგება კი ამ დაწესებულებებმა წელს კორეა-იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ნახეს.

ტოტალიზატორები განსაკუთრებულად პოპულარულია იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური ფონი დამძიმებულია და მოსახლეობაც იოლი გამდიდრების სურვილით ადვილად ებმება ბუკმეკერების მიერ დაგებულ მახეში. სწორი მენეჯმენტის და რამოდენიმე დაუწერელი კანონის დაცვის შემთხვევაში ტოტალიზატორების მიზნესი ფაქტობრივად წაუგებელი საქმიანობაა. რაც შეეხება მოთამაშეებს, მათ ნაკლებობას რეს მოქმედი ბუკმეკერული კანტორები არასრდოს უჩივიან. ფსიქოლოგები ამ თამაშის მასობრიობას მძიმე სოციალურ ფონთან ერთად ქართული ტემპერამენტით და სამათამაშო სპორტის სახეობების პოპულარობით ხსნიან.

მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეების უმრავლესობას, როგორც წესი, არ უმართლებს, არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ტოტალიზატორში თამაში ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. ბუკმეკერებთან ფსონის დადება ერთგავრად საფონდო ბირჟაზე თამაშს წააგავს და იმ მოთამაშეებს, რომელთაც სტატისტიკური მონაცემების გაანალიზების უნარი და ალღო გააჩნიათ, შეუძლიათ თავისი ოჯახური ბიუჯეტი გაამდიდრონ, თუმცა ხშირ შემთხვევაში საბოლოო შედეგი არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება და სწორედ ამაშია ტოტალიზატორში თამაშის აზარტი.
ქართული ტოტალიზატორები მსოფლიოში აპრობირებული წესებით მოქმედებენ და თავის ფსონებსაც სერიოზული დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, როგორც წესი, აღიარებულ დასავლურ ბუკმეკერულ კომპანიებში აზღვევენ.

საინტერესოა, რომ თბილისში მოქმედი რამოდენიმე ათეული ტოტალიზატორი თავს ერთმანეთის კონკურენტად მაინცდამაინც არ მიიჩნევს. სიმრავლის მიუხედავად, როგორც ჩანს, ამ თამაშით გატაცებულთა რაოდენობა იმდენია, რომ კლიენტურის გადაბირების აუცილებლობა არ დგას. გარდა ამისა, ყველა ბუკმეკერის კოეფიციენტები ერთმანეთს ჩამოგავს და მოთამაშისათვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს სად გააკეთებს ფსონს. მოთამაშე ტოტალიზატორს, როგორც წესი, ძირითადად ტერიტორიული პრინციპით ირჩევს. რაც შეეხება ამ ბიზნესის მომავალს. თუ ქართულ ხასიათს და ჩვენში არსებულ სოციალურ ფონს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ტოტალიზატორების კეთილდღეობას არაფერი ემუქრება.
XS
SM
MD
LG