Accessibility links

logo-print

ჩერნოგორიაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ სერიოზულ ბრძოლას იწყებენ


ჩვენს გადაცემებში არაერთხელ შევხებივართ ტრეფიკინგის

პრობლემას, რომლის მსხვერპლი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ სამთავრობო უწყების შეფასებით, წლიურად მილიონზე მეტი ადამიანი ხდება. ეს ადამიანები, უმეტესწილად ქალები და გოგონები, მოტყუებით ჩაჰყავთ უცხოეთში, სადაც მონურ შრომას, ხშირად - პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებენ. დღეს კიდევ ერთხელ შევეხებით ამ თემას, რისი მიზეზიც გახდა ჩერნოგორიიდან გავრცელებული ინფორმაცია, ტრეფიკინგთან კავშირში ბრალდებით მაღალი რანგის ოფიციალური პირის დაკავების შესახებ.

ეს ოფიციალური პირია გენერალური პროკურორის მოადგილე ზორან პიპეროვიჩი, მისი დაკავება კი ჩერნოგორიისათვის მეტად საყურადღებო სიახლედ ითვლება ერთი უბრალო მიზეზის გამო: გასული ათწლეულის მანძილზე ამ რესპუბლიკაში კორუფციისა თუ ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირის ბრალდებით ერთი მაღალჩინოსანიც არ დაუპატიმრებიათ.

რაც შეეხება პიპეროვიჩისა და მასთან ერთად კიდევ სამი ეჭვმიტანილის დაკავებას, მიზეზი გახდა 19 წლის მოლდოველი ქალის ჩვენება, რომლის მიხედვით მას მეძავობას აიძულებდნენ. ქალმა გაქცევა მოახერხა და ამჟამად თავს აფარებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა უსაფრთხოების სახლს” – ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ემზადება გამომძიებლისთვის დეტალური ჩვენების მისაცემად. ამასობაში კი ჩერნოგორიაში არც გენერალური პროკურორის, ბოჟიდარ ვუკჩევიჩის გადადგომას გამორიცხავენ: [ვუკჩევიჩის ხმა]
“თავს ვერ ავარიდებ პასუხისმგებლობას. მოგვიანებით მივიღებ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე”, თქვა ვუკჩევიჩმა თავისი მოადგილის დაკავებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც, როგორც ირწმუნება, გაზეთიდან შეიტყო.

ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში გამომავალი გაზეთი “ვიესტი” უფრო დეტალურ ინფორმაციასაც ავრცელებს: როგორც 3 დეკემბრის ნომერში ვკითხულობთ, გენერალური პროკურორის მოადგილესთან ერთად დაკავებული სამი მამაკაციდან ერთ-ერთის, ბაირამ ორაჰოვაჩის სახლის გაჩხრეკისას პოლიციამ მიაგნო კონფიდენციურ დოკუმენტებს – მათი ადრესატი იყო თავად გენერალური პროკურორი, მათი შინაარსი კი სადაზვერვო ინფორმაცია ტრეფიკინგის შესახებ. [ვლადიმირ ჩეიოვიჩის ხმა] “ადამიანების ტრეფიკინგი არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომლის წინაშე საერთაშორისო თანამეგობრობა დგას. ეს არის საერთაშორისო პრობლემა, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან ჩერნოგორიის ტეროიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები”, ამბობს ჩერნოგორიაში ტრეფიკინგთან ბრძოლის კოორდინატორი, ვლადიმირ ჩეიოვიჩი, რომელიც, ცხადია, შემთხვევით არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციების დიდ ყურადებას ჩერნოგორიაში ტრეფიკინგის პრობლემის მიმართ. საქმე ის არის, რომ თავისი გეო-პოლიტიკური მდგომარეობის გამო ჩერნოგორია ბოლო წლების განმავლობაში ათასგვარი კონტრაბანდის – იარაღით, ნარკოტიკებით, ალკოჰოლით, სიგარეტით, ნავთობით, ავტომანქანებით, ლტოლვილებით, ქალებით ვაჭრობის ერთ-ერთ ცენტრად იქცა. კონტრაბანდასთან კავშირშია ეჭვმიტანილი სახელმწიფოს ლიდერიც კი - ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი! იტალიაში დღესაც იძიებენ მის შესაძლო თანამონაწილეობას სიგარეტით უკანონო ვაჭრობაში ამ, დაახლოებით, 10 წლის წინათ.

უმოქმედოდ არც ჩერნოგორიაში დარჩენილან. მიმდინარე წლის მანძილზე ადამიანების ტრეფიკინგისა და იძულებითი პროსტიტუციის მეტად სარფიან ბიზნესთან კავშირში ეჭვმიტანით დაკავებულთა რიცხვი 30 აღწევს. გარდა ამისა, სხვადასხვა სახის დახმარება აქვს მიღებული იძულებითი პროსტუტუციის მსხვერპლ 46 უცხოელ ქალს, რომელთა ნაწილი სამშობლოში, უმრავლეს შემთხვევაში მოლდოვაში, ბულგარეთში, უკრაინასა და რუსეთში დაბრუნდა.

და მაინც, აქამდე ჩერნოგორიის ხელმძღვანელობა თავს იკავებდა მაღალი რანგის ოფიციალური პირების დევნისაგან და ამ მხრივ, ალბათ, კიდევ კარგა ხანი არაფერი შეიცვლებოდა, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა. დღეს იუსტიციის მინისტრი, ჟელკო სტურანოვიჩი ირწმუნება, რომ მართლმსაჯულებას გადაეცემა ყველა დამნაშავე, მისი თანამდებობისა და საზოგადოებრივი პოზიციის მიუხედავად: [ჟელკო სტურანოვიჩის ხმა] “გასული წლის მანძილზე იუსტიციის სამინისტრომ გადასინჯა სისხლის სამარლის კოდექსი იმის უზრუნველსაყოფად, რომ დანაშაული, როგორიც არის ადამიანების ტრეფიკინგი, სათანადოდ დაისაჯოს. დანაშაულში ეჭვმიტანილების დაკავება ხდება მათი თანამდებობის მიუხედავად”.

როგორც ჩვენმა თანამშრომელმა, ჯოლიონ ნეგელემ შეიტყო, ასეთივე შინაარსის განცხადება აქვს გაკეთებული ჩერნოგორიის ვიცე-პრემიერ დრაგან ჯუროვიჩს. და მაინც, ორგანიზებული დამნაშავეობის არაერთი ექსპერტი სკეპტიკურად არის განწყობილი. მათ მიეკუთვნება არასამთავრობო ორგანიზაცია “ცვლილებათა მომხრე ჯგუფის” თანამშრომელი ნებოიშა მედოევიჩი, რომლის პოზიცია ამასწინათ გავრცელებულ განცხადებაში აისახა: “ ჩერნოგორიაში დამნაშავეობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში დაუშვებელია ცალკეული პიროვნებებისა თუ უწყებების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება ან მათი დაცვაო”. მედოევიჩი განმარტავს, რომ გასული ათწლეულის მანძილზე დამკვიდრებული ტრადიციით, მმართველ წრეებში, მაღალჩინოსანთა შორის კორუფცია დაუსჯელი რჩებოდა, მაშინ როცა წვრილმანი დანაშაულის ჩამდენ რიგით მოქალაქეებს მკაცრად სჯიდნენ. [მედოევიჩის ხმა] “ჩვენს საკანონმდებლო და სამართლებრივ სფეროებში მოქმედებენ პრინციპით: დიდი თევზი გაუშვი, სამაგიეროდ პატარა დაიჭირე. ამიტომ სუფევს კრიზისი ჩვენს უწყებებში, რომლებიც მოქმედებენ არა კანონის, არამედ სხვადასხვა ინსტრუქციის მიხედვით. ეს ინსტრუქციები მოდის მაღალჩინოსნებისაგან ან მათთან დაახლოებული საფინანსო ოლიგარქიული წრეებიდან”.

მოკლედ, თუ ჩერნოგორიაში მართლაც სერიოზულად მიუდგებიან ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, თუნდაც ტრეფიკინგთან ბრძოლას, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე მხოლოდ გენერალური პროკურორის დაკავებით არ ამოიწურება. მსგავსი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება საქართველოს შესახებაც: “მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის” ცნობილია, რომ საქართველოდან ადამიანების ტრეფიკინგის აღმკვეთ ზომებს ზოგიერთი ოფიციალური პირის მოქმედება აფერხებს.
XS
SM
MD
LG