Accessibility links

logo-print

ანტისემიტიზმი და ანტი ისლამიზმი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ტერორიზმს გარკვეულწილად ჩვენი შემდეგი მასლაც უკავშირდება. 11 სექტემბრის ტერაქტების, ისევე, როგორც ისრაელსა და პალესტინელებს შორის გაუთავებელი კონფლიქტის ერთ-ერთ შედეგად

ბევრი ექსპერტი ანტიისლამიზმისა და ანტისემიტიზმის იმ აღმავლობას მიიჩნევს, რომელიც აშკარად შეინიშნება დასავლეთ ევროპაში. რაც შეეხება აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, იქ, კომუნიზმის დაცემის შემდეგ, ანტისემიტიზმი განუხრელად ძლიერდება. ხშირია სინაგოგებზე თავდასხმები და ებრაული საფლავების შებღალვა. ქსენოფობური განცხადებებს ზოგჯერ მაღალი რანგის ოფიციალური პირებისგანაც კი გაიგონებთ.

ამ ქვეყნებიდან რვა 2004 წელს ევროპის კავშირში შევა, რაც კავშირს პრობლემებს შეუქმნის, ვინაიდან მის ყველა წევრს მოეთხოვება, თავის მოსახლეობაში თანასწორუფლებიანობა უზრუნვეოყოს, რელიგიის ან ეთნიკური წარმომავლობისგან დამოუკიდებლად.

ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა რუმინეთი, რომელსაც არაერთხელ დაატყდა თავს საერთაშორისო კრიტიკის ქარ-ხეცხლი, იმის გამო, რომ მან ვერა და ვერ აღიარა თავისი როლი ჰოლოკოსტში და არ გადადგა სათანადო ნაბიჯები ანტისემიტიზმის აღმოსაფხვრელად.

ანტისემიტიზმის საკითხთა ექსპერტმა მაიკლ შაფირმა, ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არიან, მაგალითად, რუმინეთი და უნგრეთი, ანტისემიტიზმი იმდენად არის ფესვგადგმული, რომ მას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად წამყვანი პოლიტიკოსები მიმართავენ.

მაგალითად, უნგრეთის ყოფილმა მმართველმა კონსერვატულმა პარტიამ ალიანსი შექმნა ულტრანაციონალისტურ პარტიასთან.

მსგავსი სიტუაცია შეიქმნა რუმინეთში 1992-96 წლებში, როცა მმართველმა პარტიამ კოალიციურ პარტნიორად დიდი რუმინეთის ულტრანაციონალისსური პარტია გაიხადა.

ევროპის კომისიის რასიზმის საწინააღმდეგო საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა ისილ გაშეტმა ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმი სხვადასხვა ნიღბით ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მოიძებნება.

[გაშეტის ხმა] "აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ანტისემიტიზმი ყველგან და ყოველთვის ერთნაირად არ ვლინდება, სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვა ფორმა აქვს. ზოგან ებრაულ სასაფლაოებს და ზოგან ებრაულ ინსტიტუციებს ესხმიან თავს. სხვაგან მედია ასრულებს ამ როლს: წაიკითხავთ სტატიებს ანტისემიტური ქვეტექსტით. ზოგიერთ ქვეყანაში ეს შეიძლება იყოს ებრაელების აქტიური დისკრიმინაცია."

რაც შეეხება ანტიისლამიზმს, მას უმთავრესად ისტორიული ხასიათი აქვს, ვინაიდან რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა, სახელდობრ უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და იუგოსლავიის ნაწილი, ერთ დროს ოსმალეთის მუსლიმანურ იმპერიაში შედიოდნენ. ამ ქვეყნებში ანტიისლამიზმი მხოლოდ ყოფილ იუგოსლავიაში შემორჩა, რაც, ქ-ნ გაშეტის სიტყვით, ბოსნიასა და კოსოვოში სისხლიანი კონფლიქტების მიზეზი გახდა.

ისილ გაშეტის აზრით, მას შემდეგ, რაც რეგიონი ეკონომიკურად განვითარდება, ის მუსლიმან ემიგრანტებს მიიზიდავს, რამაც, თავის მხრივ, ანტიისლამური განწყობილების ზრდაც შეიძლება გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG