Accessibility links

logo-print

ავღანეთში კვლავ გააქტიურდნენ ტერორისტებ


გაეროს ექსპერტების აზრით, არსებობს იმის ნიშნები, რომ "ალ-ყაიდა" და თალიბანი კვლავ გააქტიურდნენ ავღანეთის ტერიტორიაზე. გაეროს ჯგუფი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ამ ორი დაჯგუფების

წინააღმდეგ სანქციების გატარების პროცესს, სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ავღანეთში კვლავ გაჩნდა მცირე ზომის ტერორისტული ბანაკები. ბიძინა რამიშვილი უფრო დაწვრილებით გესაუბრებათ ამ თემაზე.

ჯგუფის ხელმძღვანელმა მაიკლ ჩენდლერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენი ნიუ იორკელი კორესპონდენტი, რობერტ მაკმეჰონიც ესწრებოდა, განაცხადა, რომ ბანაკები გაჩნდა ჯალალაბადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ასადაბადის მახლობლად. მისი თქმით, ავღანეთში შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედმა ანტიტერორისტულმა კოალიციამ იცის ბანაკების არსებობა, მაგრამ ძალზე ძნელია იმ ტერორისტების მიკვლევა, რომლებიც ამ ბაზებს იყენებენ.

[ჩენდლერის ხმა] "ტერორისტებს გაცნობიერებული აქვთ ის ფაქტი, რომ დღესდღეობით კოალიციის ჯარებს თვალთვალის ძალზე კარგი საშუალებები აქვთ და ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ თვალში საცემი რამად მოიქცნენ. ისინი შეეცდებიან, იყონ რაც შეიძლება უფრო პატარა ზომის, და რაც შეიძლება უფრო დაფარული და მობილური".

ჩენდლერის თქმით, გაეროს ჯგუფი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმით, რომ ჯერაც დიდი პერსპექტივა აქვს "ალ-ყაიდის" ახალი წევრებით შევსებას და მათ გაწვრთნას.

გაეროს ექსპერტთა ეს ჯგუფი თითქმის ერთი წლის წინათ შეიქმნა. უშიშროების საბჭომ მას დაავალა მეთვალყურეობა გაუწიოს გაეროს წევრი ქვეყნების მცდელობას, გაყინონ "ალ-ყაიდის" ანგარიშები და გაანადგუროს მისი უჯრედები. მაგრამ ჯგუფის ანგარიშის თანახმად, ეს ტერორისტული ორგანიზაცია ჯერ კიდევ იღებს დაუბრკოლებელ დაფინანსებას და მისი მრავალი საერთაშორისო სტრუქტურა კვლავაც ფუნქციონირებს.

განსაკურებულ სირთულეებს ქმნის იარაღზე ემბარგოს მეთვალყურეობა. ჩენდლერის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ "ალ-ყაიდა" მსოფლიო მასშტაბით მოქმედებს. ექსპერტთა ჯგუფი უშიშროების საბჭოს ურჩევს, რომ იარაღის ემბარგოს სფეროში სამეთვალყურეო საქმიანობის ყურადღების ცენტრში იყოს ავღანეთი, ვინაიდან "ალ-ყაიდას" აქ ყველაზე უფრო იოლად შეუძლია იარაღის შეძენა.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს აგრეთვე იმასთან დაკავშირებით, რომ "ალ-ყაიდამ" შესაძლოა მოახერხოს ბირთვული მასალების ხელში ჩაგდება და ე.წ. "ბინძური ბომბის" დამზადება.

ამასთან, ჩენდლერის თქმით, ჯერჯერობით არავითარი საბუთი არ მოიპოვება "ალ-ყაიდასა" და ერაყს შორის კავშირის დასადასტურებლად. მაგრამ არსებობს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების სხვა მექანიზმებიც.

"ერაყში ჩასვლა არ არის აუცილებელი საიმისოდ, რომ უშუალო შეხება გქონდეთ ამისათვის საჭირო კომპონენტებთან. ისინი მრავლად მოიპოვება მსოფლიოს სხვა ნაწილებში და უფრო იოლადაც შეიძლება მათი შოვნაო", განუცხადა ჩენდლერმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს.

ანგარიში, რომელზეც ბიძინა რამიშვილი გესაუბრათ, შეიცავს აგრეთვე "ალ-ყაიდასთან" კავშირში ეჭვმიტანილი 100 ადამიანის სიას. მათ შორისაა ავღანელი საველე მეთაური გულბუდინ ჰექმათიარი, რომლის ანგარიშზეა, როგორც ვარაუდობენ, რამდენიმე თავდასხმა ავღანეთში განთავსებული შეერთებული შტატების ჯარებზე.
XS
SM
MD
LG