Accessibility links

logo-print

გაეროს მზარდი როლი დღევანდელ მსოფლიოში


გასული წელი უჩვეულოდ წარმატებული იყო გაეროსთვის. განსაკუთრებით წლის ბოლოს მოექცა იგი საყოველთაო ყურადღების ცენტრში ერაყთან დაკავშირებით. ერთი მხრივ,

იგი ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლამ აქცია ფორუმად ბაღდადის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მისაღებად. მეორე მხრივ, ჯორჯ ბუშის მიერ სწორედ გაეროს მეშვეობით და არა ცალმხრივი წესით მოქმედებამ გააძლიერა საერთაშორისო კანონის ძალა და გაზარდა გაეროს როლი დღევანდელ მსოფლიოში.

მაგრამ შეერთებულ შტატებსა და გაეროს შორის ურთიერთობა ნაწილია ტრანფორმაციის პროცესისა, რომელიც ერაყის კრიზისამდე ადრე დაიწყო.

გასული წლის დასაწყისში ვაშინგტონი ცალმხრივ კურსს ადგა მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებში, მაგრამ მან აღიარა გაეროს ფარგლებში მოქმედების აუცილებლობა ზოგიერთ სხვა სფეროში, მაგალითად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვაშინგტონის გადაწყვეტილება, გაეროს საშუალებით იმოქმედოს ერაყის წინააღმდეგ, იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკელები აცნობიერებენ ერთობლივი მოქმედების უპირატესობებს.

მიმდინარე წლის 12 სექტემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდა გაეროს:

[ბუშის ხმა] "შეერთებულმა შტატებმა მონაწილეობა მიიღო გაეროს შექმნაში. ჩვენ გვსურს, რომ გაერო იყოს ეფექტიანი და წარმატებული. ჩვენ გვსურს, რომ განხორციელდეს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მულტილატერალური ორგანიზაციის რეზოლუციები. ამჟამად ამ რეზოლუციებს ცალმხრივი წესით უთხრის ძირს ერაყის რეჟიმი."

იმ ფაქტში, რომ უშიშროების საბჭომ ერთხმად მისცა ხმა ერაყის წინააღმდეგ ახალ მკაცრ რეზოლუციას, ექსპერტები ახალი ერთობის ნიშნებს ხედავენ.

მეორე მხრივ, სრულიად აშკარაა ორგანიზაციაში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების დომინირება, რაც შეუმჩნეველი არ რჩებათ დანარჩენებს. არაბული და მუსულმანური სახელმწიფოები განსაკუთრებით უკმაყოფილო არიან იმით, რომ უშიშროების საბჭო მკაცრ კურსს ატარებს ერაყის მიმართ, მაგრამ არ ახორციელებს თავის რეზოლუციებს ისრაელთან და პალესტინელებთან დაკავშირებით.

გაერომ კონსტრუქციული როლი ითამაშა ავღანეთში, თალიბანისა და "ალ-ყაიდის" წინააღმდეგ ბრძოლასა და ქვეყნის სტაბილიზაციის საქმეში.

დიდ იმედებს ამყარებენ გაეროზე ტერორიზმის ძირების აღმოფხვრაში. აქაც განსაკუთრებული როლი ენიჭება შეერთებულ შტატებსა და გაეროს შორის თანამშრომლობას.

ამასთან, გაეროს წარმომადგენლები დიდ კმაყოფილებას გამოხატავენ შეერთებული შტატების გადაწყვეტილების გამო, კვლავ დაუბრუნდეს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას – იუნესკოს.

მაგრამ, მიუხედავად ზემოხსენებული მულტილატერალური ინიციატივებისა, შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს ლაპარაკს თავისი საგანგებო ინტერესების სფეროებზე. ამიტომ, სპეციალისტთა აზრით, ვაშინგტონი მომავალშიც თავშეკავებულ პოზიციას დაიკავებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, კიოტოს ოქმი გლობალური დათბობის თაობაზე, ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვა, ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის მიღების მცდელობა.
XS
SM
MD
LG