Accessibility links

logo-print

ფერადი სამყარო – ნაცრისფერ ქალაქში


ხელოვნების მოყვარულებმა თენგიზ მირზაშვილისა და მანანა თავაძის ნამუშევრების ექსპოზიცია, რომელიც ახლახან მოეწყო თბილისის “ცისფერ გალერეაში”, დღევანდელი ქართული რეალობის ალტერნატივად აღიქვეს;

ნაცრისფერ ქალაქში, რომელსაც ამ დღეებში, ყველაფერთან ერთად, ყინვაც დაემატა, მხატვრებმა დამთვალიერებელს “ფერის ზეიმი” მოუწყვეს”.

თენგიზ მირზაშვილი, რომელსაც ახლობლები და კოლეგები “ჩუბჩიკას” ეძახიან, თავის სტილს არა და არ ცვლის. ის, რაც 60-იან წლებში ბუნებრივად ჟღერდა – ფერად-ფერადი ნატიურმორტები, თუშეთის პეიზაჟები, ტემპერაში, ტუშსა და გუაშში შესრულებული ჟანრული სცენები, უსახელო გოგონები, ბედნიერი გამომეტყველებით – ეს ყველაფერი დღეს ეგზოტიკად აღიქმება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მხატვარს ჯიუტად არ უნდა “ნაცრისფერი სინამდვილის” მიღება – ისევ ფერთა ლაქების თამამი დაპირისპირება იზიდავს და თავის პატარა სურათებში ისევ განსხვავებულ რეალობას ქადაგებს. არადა, ვინც ამ ადამიანს იცნობს, ნამდვილად ვერ იტყვის, რომ თენგიზ მირზაშვილი ცხოვრებისგან გამიჯნულია, რომ თავის სახელოსნოშია ჩაკეტილი და არ აინტერესებს, რა ხდება გარეთ. პირიქით, რაც უფრო მეტად გადის დრო, მხატვარი, რომელსაც 70 წლის იუბილემდე ბევრი არ უკლია, მით უფრო აქტიური ხდება, როგორც მოქალაქე. ამ გამოფენით კი, თბილისისთვის უჩვეულო სუსხის მიუხედავად, უამრავი დამთვალიერებელი რომ ჰყავდა, თენგიზ მირზაშვილი კვლავაც ცდილობს შეუნახოს “იდეალებდაკარგულ” თაობას 60-იანელთა იდეალები – ადამიანის სიყვარული, ბუნებასთან მისი ერთიანობა და, რაც მთავარია, სიჭრელე, მრავალფეროვნება, რომლისაც “ჩუბჩიკას” არასდროს ეშინოდა. ხელოვნების მოყვარულებს თენგიზ მირზაშვილისგან არც ეს სიჭრელე გაუკვირდებოდათ, რომ არა ერთი სიახლე, რომელიც “ცისფერ გალერეაში” მოწყობილ ექსპოზიციაზე წარმოჩნდა. თენგიზ მირზაშვილის ნამუშევრებთან ერთად, აქ გამოიფინა მისი მეუღლის, მანანა თავაძის, კომპოზიციები – პირობითად რომ ვთქვათ, “აპლიკაციები”, შესრულებული ფერადი ქსოვილის ნაჭრებისგან. ხელოვნებაში შემთხვევით არაფერი ხდება... და არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ მირზაშვილებმა ამჯერად ერთად მოისურვეს გამოფენის მოწყობა. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ცოლქმრული ჰარმონიის სადემონსტრაციოდ მოხდა, რადგან მათ “შემოქმედებით დუეტს” ნამდვილად ვერ დაარქმევს კაცი. უბრალოდ, მანანა თავაძის აპლიკაციებმა კიდევ უფრო გააძლიერა “ჩუბჩიკას” ტრადიციული, ლირიკულ-რომანტიკული ხელოვნების პათოსი – “თქვენ ვერ უწევთ წინააღმდეგობას ნაცრისფერი ქალაქის ამაოებას... აი, ჩვენ კი, პატარა სამოთხეს ვხატავთ და გვინდა, რომ ოდნავ მაინც მივუახლოვოთ ჩვენი ცხოვრება ამ სამყაროს”... აი, ასეთი ქვეტექსტი აქვს, ალბათ, ამ გამოფენას. აი, ამისთვის იბრძვის, როგორც ჩანს, თენგიზ მირზაშვილი ცხოვრებაში და ამას ამკვიდრებს თავის პატარა სურათებზე.
XS
SM
MD
LG