Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია თუ არა რადიაციული კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე


აფხაზეთის ტერიტორიის რადიაციული კონტროლის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ერთობლივი ქართულ-აფხაზური კომისიის შექმნას გეგმავს.

კომისია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით იმუშავებს და ისეთ ობიექტებს შეისწავლის, როგორებიცაა: ეშერის სამეცნიერო ლაბორატორია, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, გუდაუთის სამხედრო ბაზა და სოხუმის მაიმუნების სანაშენე. ზემოთ ჩამოთვლილი ოთხივე ობიექტი რადიაციული დაბინძურების პოტენციურ კერებს წარმოადგენს. ამის მიუხედავად, იქ არსებულ რადიოაქტიურ ნივთიერებათა სახეობებისა თუ ოდენობის სრულად აღწერა მეტად გართულებულია.

როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რადიაციული კერების გამოვლენისა და გაწმენდის კამპანია ჯერჯერობით მხოლოდ კარგი იდეაა. იდეის მიხედვით, აფხაზეთი მთლიანი საქართველოს განუყოფელ ნაწილად იგულისხმება . საქმე ისაა, რომ მაგატეს მიერ გადაცემული სპეციალური აპარატურის საშუალებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო რადიაციულ ნივთიერებებებზე კონტროლს სრულიად საქართველოს მასშტაბით აწარმოებს.
ეგრეთ წოდებული რადიაციული წმენდის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადატანის პერსპექტივას და ერთობლივი ქართულ-აფხაზური კომისიის შექმნას ძალზე სკეპტიკურად აფასებს აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი. მისი თქმით, ქართველების კომისიაში შეყვანას არ დაუშვებს, უპირველესად, რუსეთი, რომელიც აღნიშნულ გასაიდუმლოებულ ობიექტებზე - განსაკუთრებით ეშერის ლაბორატორიასა და სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში - სამეცნიერო მუშაობას კვლავაც განაგრძობს.
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა]“თუკი ვინმეს უნდა, დავუშვათ, იგივე ერაყისათვის, რომელთანაც რუსებს აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა, რაღაც იარაღის დამუშავება ან მიწოდება, რა ჯობია ამას, როდესაც არის არაკონტროლირებადი ტერიტორია. ვითომ არაკონტროლირებადი ტერიტორია - აფხაზეთის ლაბორატორია თუ ტექნიკური ინსტიტუტი, ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, სადაც შეიძლება მუშავდებოდეს ამგვარი პროექტები. და ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი იტყვის, რომ ჩვენ რა შუაში ვართ, ეს არის საქართველოს ტერიტორია.” [სტილი დაცულია]
თამაზ ნადარეიშვილის სკეპტიციზმს ფაქტები განაპირობებს. როგორც ცნობილია, გუდაუთის სამხედრო ბაზის ინსპექტირება - ძირითადად, სამხედრო კუთხით - ვერ შეძლეს არათუ ქართველებმა, არამედ გაეროსა და ეუთოს ექსპერტებმაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საერთაშორისო დონის გადაწყვეტილება ეუთოს სტამბულის სამიტზე იქნა მიღებული.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, იმავე მაგატეს, ინსპექტორები გასულ წელს სოხუმში იმყოფებოდნენ. სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ტერიტორიაზე მათ 244 დასახელების რადიოაქტიური ნივთიერება აღრიცხეს, მათ შორის, 655 გრამი გამდიდრებული ურანი. ექსპერტებმა აფხაზურ მხარეს ამ ნივთიერებათა შესანახი ახალი საცავის აშენების რეკომენდაცია მისცეს.
მიუხედავად იმისა, რომ მაგატემ პრეცედენტი შექმნა, აფხაზეთის საიდუმლო ობიექტებზე ქართველი ექსპერტების შესვლის ალბათობა ნულის ტოლია. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკება ერთობლივი ქართულ-აფხაზური კომისიის შექმნის თაობაზე გაზაფხულზე დაიწყება, თავად ინსპექტირება კი, საუკეთესო შემთხვევაში - ზაფხულში.
XS
SM
MD
LG