Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ლეონიდ კუჩმას ვიზიტის შედეგების შესახებ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 19 დეკემბერს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა უზბეკეთში გაემგზავრა. გამგზავრების წინ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ მაღალი

შეფასება მისცეს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.

პრეზიდენტ კუჩმას თბილისში ორდღიანი ვიზიტი შეხვედრებითა და პროტოკოლური ღონისძიებებით მაინცდამაინც დატვირთული არ ყოფილა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრის უკვე კეთილ ტრადიციას, რაც საქართველოში ჩამოსული მაღალი სტუმრების ამ ცენტრის საპატიო წევრებად მიღების ცერემონიას უკავშირდება. შესაბამისად, კუჩმას თბილისში ჩამოსვლის მიზანი თითქოს ბუნდოვანია: სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერას ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები პრეზიდენტების დასწრების გარეშეც მოახერხებდნენ.
რა საკითხები განიხილეს პირისპირ 2 საათიანი საუბრისას ედუარდ შევარდნაძემ და ლეონიდ კუჩმამ? ამ კითხვაზე გარკვეულ პასუხს იძლევა ლეონიდ კუჩმას გამოსვლა 18 დეკემბერს აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრში. უკრაინის პრეზიდენტს არ დაუმალავს გაღიზიანება ”ძველი სამყაროს” კონსერვატორების მიმართ, რომლებიც ევროპის ორ ნაწილად გაყოფას ცდილობენ. ლეონიდ კუჩმას განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ცდები, დაყონ ევროპელები ნამდვილ და მეორეხარისხოვან ევროპელებად: ” პირველებს სთავაზობენ სრულუფლებიანი ინტეგრაციის პერსპექტივას, დანარჩენებს - ადგილს რაღაც ნაკლებად გასაგებ ”მეზობლობის სარტყელში.” პირადად მე მიუღებლად მიმაჩნია სიტუაცია, როდესაც ”ერთი ევროპა” ემიჯნება ”მეორე ევროპას”. პირადად ჩემთვის ეს მიუღებელია,” - განაცხადა ლეონიდ კუჩმამ.
პრეზიდენტ კუჩმას შეშფოთება ევროპის სახელმწიფოების მხრიდან უკრაინისადმი ინტერესის შემცირების გამო სრულიად გასაგებია: უმეტესწილად, უკრაინა სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით გეგმავდა რუსეთის გავლენისგან თავის საბოლოოდ დაღწევას. არაერთი უკრაინელი თუ რუსი პოლიტოლოგი უკრაინაში პერიოდულად გამძაფრებულ პოლიტიკურ კრიზისს სწორედ რუსეთის დამსახურებით ხსნის ხოლმე. ახლაც, სანამ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოსა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციას ცდილობს, უკრაინაში მორიგი საპარლამენტო კრიზისი შეიქმნა.
საპარლამენტო კრიზისზე საუბრობდნენ 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტშიც, სადაც, იმის გამო, რომ გადაიდო პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ წარმოდგენილ აღმასრულებელი ხელისუფლების კანონში შესატანი ცვლილების პროექტის განხილვა, პროტესტის ნიშნად, პარლამენტის სხდომა დატოვეს ფრაქციებმა: “მოქალაქეთა კავშირი”, “თანადგომა”, “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” და “სოციალისტი”. თუ ხელისუფლების მომხრე ფრაქციების პროტესტი დროში გაიწელა, როგორ განიხილავს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, სრულიად გაუგებარია.
XS
SM
MD
LG