Accessibility links

logo-print

პატრიოტთა პოლიტიკური ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში არ გაატარა


სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირს პოლიტიკურ ორგანიზაციად რეგისტრაციაზე იუსტიციის სამინისტრომ უკვე მეორედ უთხრა უარი. ამის მიზეზი სამინისტროს დასკვნაში დეტალურადაა დასაბუთებული,

თუმცა მისი ალოგიკურობა და კანონთან შეუსაბამობა როგორც პატრიოტთა კავშირის, ასევე დამოუკიდებელ იურისტთა აღშფოთებას იწვევს. რა არგუმენტაციით არ გაატარეს რეგისტრაციაში ჯაბა იოსელიანის პარტია?

მხედრიონის ლიდერის ჯაბა იოსელიანის თავმჯდომარეობით შექმნილ პოლიტიკურ ორგანიზაციას, სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირს, რეგისტრაციაზე უარი პირველად მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, როდესაც ეს უკანასკნელი იუსტიციის მინისტრი იყო. სააკაშვილის მაშინდელი ნაბიჯი იმით აიხსნებოდა, რომ ახალბედა მინისტრი პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭას ცდილობდა პოლიტიკის, თითქოსდა, კრიმინალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლიდერის თინათინ ხიდაშელის განმარტებით:
[თინათინ ხიდაშელის ხმა] „ამ ადამიანებმა მოიხადეს სასჯელი და ადამიანი არ შეიძლება გასამართლდეს 2-ჯერ ერთი და იმავე დანაშაულისთვის. ისინი გასამართლდნენ, უკვე იყვნენ ციხეში და გამოვიდნენ. თუ მას შემდეგ რაიმე დანაშაული ჩაიდინეს, ეს უნდა გამოიძიონ და სხვა რაიმე მოტივი ამისთვის არ არსებობს. საუბარი არის კონსტიტუციაში ერთადერთ რამეზე, რომ არ შეიძლება რეგისტრირებული იყოს ისეთი პარტია, რომელიც მოწოდებებს ავრცელებს ძალადობის შესახებ. ასეთი რამე ამათ წესდებაში არ წერია.“

ამჯერად იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაზე უარის სათქმელად, სააკაშვილისაგან განსხვავებით, არა პარტიის დამფუძნებელთა ნასამართლეობა, არამედ კავშირის წესდების მუხლები მოიმიზეზა. თან ეს გააკეთა 1 თვიანი ვადის ამოწურვის ბოლო დღეს. სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბონდო ალასანიამ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში, აი, რა განაცხადა:

[ბონდო ალასანიას ხმა] „უარის მიზეზი იყო წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობა კანონმდებლობასთან, კერძოდ, თავმჯდომარის უფლებებიდან გამომდინარე. ეს ისეთი ფიგურაა პარტიაში, ეს უშუალოდ ყრილობამ უნდა აირჩიოს და არა მთავარმა საბჭომ.“

პატრიოტთა კავშირში კი პირიქითაა. ყრილობა ირჩევს მთავარ საბჭოს - პარტიის ხელმძღვანელ ორგანოს, რომელიც შემდეგ თავად ირჩევს პარტიის თავმჯდომარეს. თინათინ ხიდაშელის განმარტებით:
[თინათინ ხიდაშელის ხმა] „კანონში წერია სწორედ ასე, რომ ხელმძღვანელ ორგანოებს ირჩევს ყრილობა. ხელმძღვანელი ორგანო მათი არის მთავარი საბჭო, წესდებას თუ კარგად წაიკითხავენ. შემდეგ მთავარ საბჭოზე თუ მოხდება დელეგირება, რომ იყოს უფლებამოსილი პირი, რომელიც ხელს აწერს რაღაც დოკუმენტებს, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია და აქ არაფერია უკანონო.“

იუსტიციის სამინისტრომ პატრიოტთა კავშირს პარტიის წევრობის ფორმაც დაუწუნა და ივარაუდა, რომ მოსამართლე ანდა პროკურორი შეიძლება კავშირის წევრი გახდეს. კანონი ამ რანგის სახელმწიფო მოხელეებს პარტიულობის შეჩერებას ავალებს, თუმცა რა შუაში იყო აქ ჯაბა იოსელიანის ორგანიზაცია, ძნელი სათქმელია. თუ რომელიმე მოსამართლე პატრიოტთა კავშირის თავისუფალი ან ნამდვილი წევრი გახდება, მას მოუწევს მოსამართლეობასა და პარტიულობას შორის არჩვევანის გაკეთება და არა მთელ ორგანიზაციას.

მესამე მიზეზი, რის გამოც ჯაბა იოსელიანი ჯერჯერობით არაფორმალური პარტიის თავმჯდომარედ რჩება, ორგანიზაციის შესაძლო სპონსორთა ჩამონათვალში სახელმწიფო დაწესებულებების შეტანაა.
თუმცა კანონი არც ამას კრძალავს. ჯაბა იოსელიანი კი იუსტიციის სამინისტროს ქმედებებს ასე აფასებს:

[ჯაბა იოსელიანის ხმა] „ეს სისულელეა, რეებს ლაპარაკობენ. ეს კომედიის მასალაა. უნდა გააკეთო ეს და დაიხოცება ხალხი სიცილით. კაი ნიჭიერმა დრამატურგმა უნდა გააკეთოს ეს და მაგაზე კარგი კომედია არ იქნება. პირდაპირ ასე გაუკეთებიათ, მოდი ეს ჩავწეროთ...“

იოსელიანის ორგანიზაცია სასამართლოს გზით გეგმავს რეგისტრაციის მიღწევას.
XS
SM
MD
LG