Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების საიდუმლო პროპაგანდა შეიძლება კონტრპროცუქტიული აღმოჩნდეს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსის" 16 დეკემბრის გამოშვებაში დაიწერა, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი აპირებს საიდუმლო პროგრამის განხორციელებას – დაიწყებს პროპაგანდას,

რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მოკავშირეებისთვის, ისე სხვა მეგობრულად განწყობილი ქვეყნებისთვის. მთავარი აქ ისაა, რომ პროპაგანდაში ზოგჯერ ყალბი ინფორმაციაც შეერევა. ექსპერტების აზრით, ამან სარგებლის მაგიერ, შეიძლება ზიანი მოუტანოს ამერიკას.

პროპაგანდის საბოლოო ადრესატები იქნებიან არაბები და საერთოდ მუსლიმანები, რომლებიც ამერიკას ხშირად მტრად აღიქვამენ.

პროგრამა, თუ ის მიღებული იქნება, მიზნად ისახავს შეამციროს მუსლიმან რელიგიურ ლიდერთა გავლენა და გაამტკიცოს შეერთებული შტატების პოზიტიური იმიჯი, ზოგჯერ ყალბი ინფორმაციის მიწოდებითაც კი.

მიმდინარე წელს პენტაგონი მეორედ გამოდის მსგავსი ინიციატივით. პირველი – სტრატეგიული გავლენის ოფისი – დაიხურა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ გაკრიტიკების შემდეგ.
თეთრი სახლი ამ მეორე ინიციატივასაც არ იწონებს. იმ დღეს, როცა "ნიუ იორკ ტაიმსმა" გამოაქვეყნა თავისი სტატია ამის შესახებ, თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, რომ ბუშის აზრით, ამერიკის მესიჯი ფაქტებზე და არა ტყუილზე უნდა იქნეს დაფუძნებული.

ამ აზრს ექპერტებიც იზიარებენ. ერთერთი მათგანია ვაშიგტონელი ანალიტიკოსი ჯეინ ჰოლი ამერიკის უნივერსიტეტიდან. ის ამბობს, რომ ამერიკის ყველაზე ძლიერი მხარეა თავისუფალი და სანდო პრესა. ჰოლი თვლის, რომ ყალბი ინფორმაცია მხოლოდ დისკრედიტაციას გაუწევს მას.

ჯეიმს ფილიპსი მემკვიდრეობის ფონდიდან ეთანხმება ამ აზრს. მეტიც, ის თვლის, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება არა მარტო კონტრპროდუქტიული იქნება, არამედ საზღვარგარეთ მომუშავე ამერიკელ ჟურნალისტებს საფრთხესაც კი შეუქმნის.

გორდონ ადამსი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან თვლის, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება ჩირქს მოსცხებს შეერთებული შტატების პერუტაციას.

[ადამსის ხმა] "პენტაგონის საიდუმლო ოპერაცია სხვა, განსაკუთრებით მოკავშირე, მეგობრულ ქვეყნებზე გავლენის გასაძლიერებლად, შეიძლება კონტრპროცუქტიული გამოდგეს, მან პრობლემები შეიძლება კი არ მოაგვაროს, არამედ პირიქით გაამწვავოს".

ადამსი აღნიშნავს, აგრეთვე, რომ პროგრამა რაგინდ საიდუმლოც უნდა იყოს, სამუდამოდ საიდუმლოდ ვერ დარჩება.

ადამსი ამბობს, რომ ამერიკის მაუწყებლობა საზღვარგარეთ უნდა იყოს ღია და თუ ყოველთვის არ მოემსახურება ამერიკის რეპუტაციის გაუმჯობესებას, ყოველ შემთხვევაში გამორიცხავს სკეპტიციზმსა და უნდობლობას.
XS
SM
MD
LG