Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ჰიუმან რაიტს უოჩის'' ანგარიში ავღანეთში ქალების მძიმე მდგომარეობის შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვანმა ორგანიზაციამ "ჰიუმან რაიტს უოჩმა" გამოაქვეყნა ანგარიში ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქალების მდგომარეობის შესახებ.



ანაგრიშის ერთ-ერთი ავტორი ზეიმა კოურსენ-ნეფი აბობს, რომ მსოფლიოში გავრცელებული აზრი, თითქოს მიმდინარე წლის განმავლობაში ავღანელი ქალების მდგომარეობაში პროგრესი დაისახა, მცდარია. მისი სიტყვით, მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ამას დასავლელი პოლიტიკური ლიდერები აღიარებენ.

ჩვენს რადიოსთან საუბარში კოურსენ-ნეფმა აღნიშნა, რომ ქალები ჩაგვრას ხშირად განიცდიან ამჟამად მთავრობაში მყოფი ყოფილი ჩრდილოეთის ალიანსის ჯარისკაცებისა და ოფიციალური პირების მხრიდან.

თვალსაჩინო მაგალითია ჰერატის გუბერნატორი ისმაილ ხანი, ავღანეთში რეპრესიებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიდერი. ის ჰერატის გუბერნატორი თალიბანის რეჟიმის დამყარების წინაც, 1990-იან წლებშიც იყო, მაგრამ დღეს მისი ისლამური მსოფლმხედველობა კიდევ უფრო ოადიკალური გახდა.
კოურსენ-ნეფის თქმით:
[კოურსენ-ნეფის] "დღეს ქალებსა და გოგონებს გარეთ გასვლაც კი უჭირთ. მათ არა აქვთ მანქანის ტარების უფლება. და თუ ამ საქმეზე დააკავებენ, აპატიმრებენ კიდეც. მათ არ შეუძლიათ არანათესავი მამაკაცის გვერდზე ყოფნა, ტაქსი მძღოლის გვერდითაც კი. თუ ქალს დააკავებენ მამაკაცის თანხლებით, ვინც მისი ნათესავი არ არის, პოლიციამ ის შეიძლება საავადმყოფოში წაიყვანოს, იმის დასადგენად, ხომ არ ჰქონდა ადგილი სექსუალურ კავშირს მათ შორის."

ავღანეთში, განსაკუთრებით ჰერატში, სამედიცინო დახმარება ქალებსა და გოგონებისთვის თითქმის მიუწვდომელია. ქალები იშვიათად მშობიარობენ გამოცდილი სამედიცინო პერსონალის დახმარებით. მშობიარობის დროს 100 ათას ქალზე სიკვდილიანობა 1600-ს უდრის.

ერთი რამ არის დადებითი – ისმაილ ხანმა ქალებსა და გოგონებს სკოლებში დაბრუნების ნება მისცა. მაგრამ იმავე ჰერატში ქალებისთვის პროფესიული შესაძლებლობები მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლობით არის შემოსაზღვრული.

ამასთან, ხალხს თავისი უკმაყოფილების გამოხატვის საშუალებაც კი არა აქვს, ვინაიდან ჰერატში არც პრესისა და არც სიტყვის თავისუფლება არ არსებობს.

ისმაილ ხანი უარყოფს ყველა ბრალდებას, ხოლო იმ ავღანელებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებში მუშაობენ, დასავლეთის ჯაშუშებს უწოდებს. გასულ თვეში ის გამოვიდა მასობრივ თავშეყრაზე და მოუწოდა ხალხს, თავის ხელში აიღონ შარიას კანონები. "ამორალური ადამინები ცდილობენ ჩვენი საზოგადოების უზნეობისკენ წაყვანასო", თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ როცა ჩვენმა რადიომ მიმართა ისმაილ ხანის პრესმდივანს, გამოპასუხებოდა "ჰიუმან რაიტს უოჩის"ანგარიშს, ის დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ ინტერვიუ არ იქნებოდა გამოქვეყნებული ავღანეთის ორ მთავარ ენაზე – დარისა და პაშტუზე.

"ჰიუმან რაიტს უოჩის" თანახმად, ისმაილ ხანი არ არის ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელიც აშკარად არღვევს ადამიანის უფლებებს ქვეყანაში. კოურსენ-ნეფი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, გაეროსა და ანტი-ტერორისტულ კოალიციას გააძლიერონ მშვიდობის დამცველი ძალები ქაბულის გარეთ, ვინაიდან ამჟამად უსაფრთხოება სწორედ იმათ ხელშია, ვისგანაც ყველაზე მეტად არის საჭირო თავის დაცვა, კერძოდ, ისმაილ ხანის მაგვარი საველე მეთაურების ხელში.
XS
SM
MD
LG