Accessibility links

logo-print

გარე ვაჭრობიდან არალეგალური შემოსავალი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა კანონში ”ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” დამატებები და ცვლილებები შეიტანა, რომლითაც საქართველოს ქალაქებსა და

რაიონულ ცენტრებში გარე ვაჭრობა უნდა მოწესრიგებულიყო და ბიუჯეტში ამგვარი ვაჭრობიდან საგადასახადო მოსაკრებლები გაზრდილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებების შეტანიდან ორი თვე გავიდა, ისევე როგორც სხვა საკანონმდებლო აქტები, არც ამ კანონით გათვალისწინებული წესები სრულდება. რას ითვალისწინებს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორება?

არაოფიციალური მონაცემებით, გარე ვაჭრობით მხოლოდ დედაქალაქში 50 ათასი ადამიანი ირჩენს თავს. ოფიციალური წყაროებით კი, მათი რიცხვი ათჯერ ნაკლებია. ქუჩის არაორგანიზებული ვაჭრობა ჩვენთან შექმნილი მძიმე სოციალური ფონის გამო ყვავის. თუმცა ბევრ ქვეყანაში გარე ბაზარი, ხელისუფლების გონიერი პოლიტიკის წყალობით, ცივილიზებულ ჩარჩოებში მოექცა და ამ ტიპის ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტმაც იხეირა.

გარე ვაჭრობის მოწესრიგების მცდელობა საქართველოშიც რამდენჯერმე ჰქონდათ, თუმცა ყველა ამგვარი ექსპერიმენტი უშედეგოდ დასრულდა. ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა ”ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონში” დამატებები და ცვლილებები მიიღო, რომლითაც ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში არაორგანიზებული ვაჭრობის პრობლემა უნდა დარეგულირებულიყო. განისაზღვრა ამგვარ მოვაჭრეთათვის ნებართვის გაცემის ფორმა, მოსაკრებლის ოდენობა და ნებართვის გამცემი ორგანო, მაგრამ ოქტომბერში მიღებული შესწორების შემდგომ ამ კუთხით თითქმის არაფერი შეცვლილა.

კანონში შეტანილი დამატების თანახმად, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ერთ სავაჭრო ადგილზე დღეში ორ ლარს არ უნდა აღემატებოდეს. თბილისში სხვადასხვა ბაზრობაზე არის ე.წ. პრესტიჟული ადგილები, რომელშიც გამყიდველი არაოფიციალურად დღეში 5-დან 10 ლარამდე იხდის. არალეგალური გადასახადი, ჟარგონით რომ ვთქვათ, ”ტყდება” პოლიციელსა, ბაზრობის ადმინისტრაციასა და ”შავებს” შორის. ხოლო საერთო სალაროდან შემდგომ უფრო მაღალ ინსტანციებში ნაწილდება.

ექსპერტების გათვლით, თუ ვიგულისხმებთ, რომ მხოლოდ თბილისში 50 ათასი გარე მოვაჭრეა და მათი საშუალო დღიური არაოფიციალური გადასახადი 3 ლარს უტოლდება, დღეში სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ ამ ტიპის ბიზნესიდან 150 ათას ლარს კარგავს. ამ ლოგიკით, ბიუჯეტში შეუტანელი და სხვადასხვა კორუმპირებულ ჯგუფებში დალექილი შემოსავალი წელიწადში 55 მილიონამდე აღწევს. თუ ამ ოდენობას საქართველოს მასშტაბით გადავიანგარიშებთ, ადვილი წარმოსადგენია, რა თანხებზეა საუბარი. ანუ, არაორგანიზებული ვაჭრობიდან ჩინოვნიკების ”მარცხენა” შემოსავალი რომ ლეგალურად დაიბეგროს და სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდეს, ელემენტარულად, ერთი დარგის დაფინანსება მაინც მოხერხდებოდა.

ის თანხა, რაც ბიუჯეტს სერიოზულად შეეშველებოდა, სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა კორუფციულ ჭაში იყრება. ასე რომ არ ხდებოდეს, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება ადვილად ასამუშავებელი იქნებოდა და ქუჩის ვაჭრობაც ცივილიზებულ ფორმას მიიღებდა. ლეგალურად მუშაობა, პირველ რიგში, მისაღებია თავად სოციალურად დაუცველი მოვაჭრეებისთვის, რომელთაც დღეს ნებისმიერი მოხელე ავიწროებს და ფულს სძალავს. არადა, მათ სრულიად კანონიერი საფუძველი აქვთ, ლეგალურად აიღონ ნებართვა, გადაიხადონ მოსაკრებელი და თავისუფლად ივაჭრონ.
XS
SM
MD
LG