Accessibility links

logo-print

დაუცველი მოსახლეობა ამჯერად მკაცრი ზამთრის წინააღმდეგ


როგორც სინოპტიკოს ნიკოლოზ ბერიძესთან ინტერვიუდან ჩანს, თოვლიან და ყინვიან ზამთარში უჩვეულო არაფერია. უჩვეულო უფრო გასული წლების ზამთარი იყო,

როცა თბილისში ნალექები პრაქტიკულად არც კი აღინიშნებოდა. არადა, ფაქტია, რომ ზამთრისათვის არასაკმარისად მომზადებული საქალაქო თუ სახელმწიფო სტრუქტურები კრიტიკულ მომენტში სწორედ გასული წლების მაგალითებს იშველიებენ და ამგვარად ცდილობენ თავის დაცვას. ამართლებს თუ არა მათ სამსახურებრივ უპასუხისმგებლობას ის, რომ წლევანდელი დეკემბერი თოვლიანობითა და ყინვებით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რეკორდულად ითვლება?

როგორც მოსალოდნელი იყო, უკანასკნელი დღეების განმავლობაში გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები და გაიზარდა ადამიანთა ტრავმული დაზიანებების (მოტეხილობების) რიცხვი. თბილისის საქალაქო სამსახურები ამ დროისათვის საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, რაც, ძირითადად, ცენტრალური ქუჩების თოვლისაგან გაწმენდითა და მოყინულ საფარზე მარილის დაყრით გამოიხატება. თუმცა ეს სამუშაოებიც პირობითია, რადგან, როგორც ჩანს, ამისათვის საკმარისი არც ტექნიკაა ქალაქში და არც ტექნიკური მარილი, რომლის ქვეყანაში შემოტანაზე საუბარი, ტრადიციულად, სპონტანურად აქტიურდება ხოლმე. ამას ემატება ენერგოკრიზისი, რომელიც, ხანგრძლივად ჩაბნელებულ რეგიონებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკანასკნელ წლებში თბილისშიც რატომღაც სწორედ მაშინ მწვავდება, როცა ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით ეცემა. ამ მხრივ, საუკეთესო მაგალითია თბოელექტროცენტრალი, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში პრაქტიკულად დილიდანვე ითიშებოდა. გათიშვის მიზეზი კი, თბოელექტროცენტრალის ტექნიკური დირექტორის დავით ლაბაძის თქმით, გახდა ეი-ი-ეს თელასი, რომელმაც ამ დღეებში მაღალი ძაბვის ხაზზე ანძის გადატანის სამუშაოები შეასრულა.
[დავით ლაბაძის ხმა]“ყველაფერი უნდა გადაწყდეს თელასთან, იმიტომ რომ ეს ხაზები თელასს ეკუთვნის. თელასის პრეროგატივაა ის, რომ რატომ ჩაატარეს სამუშაოები განსაკუთრებით ამ ყინვის დროს, როცა მაგის გაკეთება შეიძლებოდა ზაფხულის პერიოდში, ან შემოდგომის პერიოდში, სანამ აცივდებოდა. უნდა მიაკითხოთ თელასს.”[სტილი დაცულია]
თუ თბოელექტროცენტრალის შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმე ერთ კონკრეტულ სუბიექტზე გადავიდა, თბილისის გაზსადენებზე მომხდარი ავარიები ერთპიროვნულად დაბრალდა თოვლსა და ყინვას, რომლებსაც როგორღაც დაუპატიჟებელი სტუმრებივით წარმოაჩენენ ხოლმე.
[თენგიზ არშილავა]“ოთხი ავარია იყო ფონიჭალის ხაზზე, აცივებასთან დაკავშირებით. გაზოვანი გაფართოების კოეფიციენტი და შეკუმშვის კოეფიციენტი საკმაოდ დიდი გამოდის უკვე, იმიტომ რომ ასეთი ცივი ზამთარი კაი ხანია არ ყოფილა. მეტალიც სუსტდება და, ყოველ შემთხვევაში, გასკდა ისეთ ადგილებში, სადაც, ეტყობა, ყველაზე მეტი დაძაბულობა აღმოჩნდა.”[სტილი დაცულია]
“თბილგაზის” ტექნიკური დირექტორის თენგიზ არშილავას ნათქვამს დავძენთ, რომ დეკემბერი, ტემპერატურული რეჟიმის მკვეთრი ცვლილების გამო, გაზსადენების მომსახურებისათვის განსაკუთრებით რთულ პერიოდად ითვლება. გაზის ქსელის ავარიულობა კი ახალი ამბავი არ არის, იმის მიუხედავად, რა რაოდენობის თოვლს ჩამოყრის წელს ზამთარში თბილისსა და მთლიანად საქართველოში.
XS
SM
MD
LG