Accessibility links

logo-print

ექსპერტთა აზრით, ერაყის ანგარიშზე ვაშინგტონის რეაქცია ომის მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რაც უნდა ვთქვათ, ერთი რამ აშკარაა: ბაღდადის ანგარიში შეერთებულმა შტატებმა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია. ხუთშაბათს სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ჟურნალისტებს უთხრა,

რომ დეკლარაცია არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს 1441-ე რეზოლუციას. და თუმცა პაუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკას ომის თავიდან აცილება სურს, ანალიტიკოსების აზრით, ომისთვის მზადება უკანასკნელ ფაზაში შევიდა.

პაუელის გამოსვლა მოჰყვა უშიშროების საბჭოში განიარაღების ინსპექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ჰანს ბლიქსის განცხადებას, რომ ერაყის მიერ წარმოდგენილი ანგარიში არადამაკმაყოფილებელია. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დეკლარაციის 12 ათასი გვერდი შეიცავს "არსებით დარღვევებს". ეს გახლავთ იურიდიული ტერმინი, რომელიც ომის დასაწყებ საბადად შეიძლება გამოდგეს.

პაუელის თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ერაყს დაუყოვნებლივ გამოუცხადებს ომს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ უახლოეს დღეებში ვაშინგტონი ამის თაობაზე მოეთათბირება როგორც გაეროს, ისე თავის მოკავშირეებს. იქვე პაუელმა თქვა, მსოფლიოს მოთმინების ფიალა ევსებაო.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამერიკა კრიზისის ახალ ფაზაში შევიდა. შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღია 27 იანვარი. ეს გახლავთ ბოლო დღე, როცა გაეროს განიარაღების ინსპექტორებმა უშიშროების საბჭოს თავიანთი მუშაობის შესახებ ანგარიში უნდა ჩააბარონ.

ამერიკელი ექსპერტის, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრის რაიმონდ ტენტერის აზრით, ვაშინგტონის მიერ ერაყის დეკლარაციის უარყოფითად შეფასება მიანიშნებს, რომ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ომის ვარიანტი აირჩია.

ამ მოსაზრებას მთლიანად იზიარებს კიდევ ერთი ავტორიტეტიანი სამხედრო ექსპერტი, ვაშინგტონის საერთაშორისო სტრატეგიის ცენტრის თანამშრომელი კენეთ ალარდი. მისი ვარაუდით, ომი დაახლოებით 6 კვირაში დაიწყება და მისი შედეგი სადამ ჰუსეინის დამხობა იქნება.

თუმცა, ისევ კოლინ პაუელის გამოსვლას დავუბრუნდეთ. სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მომავალი კვირების განმავლობაში ვაშინგტონი განაგრძობს ბაღდადის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის გულდასმით შესწავლას. ამასთანავე, პაუელმა გაეროს ინსპექტორთა მუშაობის გაძლიერება და ერაყელი მეცნიერების საზღვარგარეთ გამოკითხვა მოითხოვა.

რაიმონდ ტენტერის თქმით, ის, რომ რეზოლუცია ნომერი 1441 ამგვარ დაკითხვებს ითვალიწინებს, სადამ ჰუსეინისთვის დაგებულ მახედ შეიძლება ჩაითვალოს.

[რაიმონდ ტენტერის ხმა] "ვინაიდან ნაკლებად მოსალოდნელია, სადამი არ მეცნიერების საზღვარგარეთ გაშვებას დათანხმდეს, ამას კიდევ ერთ "არსებით დარღვევად" ჩაუთვლიან. ეს გახლავთ მოდელი იმ დარღვევებისთვის, რომლითაც ომის გამართლება უნდა მოხდეს."

1441-ე რეზოლუციის თანახმად, უშიშროების საბჭომ შეიძლება "არსებით დარღვევად" გამოაცხადოს, თუ ბაღდადის ანგარიშში აღმოაჩენენ გაყალბებულ ან არასრულ ინფორმაციას; ან თუ ერაყი უარს იტყვის ინსპექტორებთან თანამშრომლობაზე.

ხუთშაბათს ინსპექტორთა გუნდის მეთაურმა ჰანს ბლიქსმა განაცხადა, რომ ერაყის მხრიდან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას ის ჯერჯერობით არ უჩივის. რაც შეეხება დეკლარაციას, პაუელის თქმით, მასში არ არის ინფორმაცია გარკვეული ტიპის ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შესახებ.

მართალია, პაუელი ირწმუნება, რომ ამერიკას ომი არ სურს, ვაშინგტონს განზრახული აქვს, მომავალი წლის დამდეგს რეგიონში 50 ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს. დღეს იქ უკვე იმყოფება 60 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG