Accessibility links

logo-print

ეროვნული უშიშროების საბჭოს ამბიციური მიზნები უჯარისკაცოდ და უფულოდ დარჩენილი არმიის ფონზე


თუკი საქართველოს ეროვნული უშიშრობის საბჭო პირველ ხანებში კანცელარიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების კადრების სამჭედლოდ ითვლებოდა, საბჭოს მდივნად ამერიკის შეერთებულ

შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის თედო ჯაფარიძის დანიშვნის შემდეგ ამ ორგანოს ფუნქციები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ახალი კონცეფციის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოვალეობებს, სტრატეგიული შეფასებების გარდა, უსაფრთხოების, თავდაცვის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხების კოორდინაცია დაემატა. ამ ამბიციური მიზნების განსახორციელებლად ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს მაღალი კვალიფიკაციის, მატერიალურად და ფინანსურად მოტივირებული რამდენიმე ათეული თანამშრომელი ეყოლება.

პარასკევს საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ დაარსების მე-12 წლისთავი აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებები, ტრადიციულად, ბოლომდე გაყინულ ოფიცერთა სახლში მრავალრიცხოვანი მილოცვით, საპატიო სიგელებითა და შემოქმედებითი კოლექტივების იმპროვიზებული კონცერტით აღინიშნა. თუმცა, გვარდიელების თქმით, საზეიმო განწყობა უფრო ზეაწეული იქნებოდა, ყველაფერთან ერთად, სამხედრო ხელმძღვანელობას მათთვის ხელფასებიც რომ დაერიგებინა. მაგრამ წლევანდელ საბიუჯეტო წელსაც შეიარაღებული ძალები 15 მილიონიანი გარღვევით ამთავრებენ. ამის გამო კი, როგორც გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენენტმა ჯონი ფირცხალაიშვილმა აღნიშნა, არმია სასწავლო წელს მოკრძალებული შედეგებით ამთავრებს.

[ჯონი ფირცხალაიშვილის ხმა] "დაუფინანსებლობის გამო 24 ღონისძიებაში, საერთაშორისოში, ჩვენ მონაწილეობა ვერ მივიღეთ. 18 ჩვენი ღონისძიება ვერ ჩავატარეთ, შიდა. მათ შორის, ვერ გავაკეთეთ საბრძოლო სროლები ბატალიონის დონეზე, სარაკეტო სროლები. გარღვევა დღესდღეობით არის ორი თვის ხელფასი." ."[სტილი დაცულია]


არმიის წინაშე მდგარი მატერიალური და ფინანსური პრობლემები დიდი ხანია გასცდა ერთი უწყების მასშტაბს და იგი ეროვნულ საფრთხედ იქცა. ამიტომ ეს პრობლემა ეროვნული უშიშროების საბჭოს განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. აღსანიშნავია, რომ ახალ კონცეფციაში, რომელსაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი, ეროვნული უშიშროების აპარატის მუშაობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად სამხედრო და ძალოვან უწყებებში სწორედ ბიუჯეტის კანონის შესრულების მონიტორინგია მიჩნეული. ამასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, პოლკოვნიკ გივი იუკურიძის თქმით, ახალი უფლებამოსილებით აღჭურვილი აპარატის ეფექტიანი საქმიანობისთვის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურებაც შესაბამისად გაიზარდა.

[ გივი იუკურიძის ხმა] " საბჭოს აპარატის ძირითადი დანიშნულებაა, უზრუნველყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიზური და ორგანიზაციულ-ტექნიკური საქმიანობა. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად, ალბათ, ხელფასების, ასე თუ ისე, ნორმალურ დონეზე მიღება აუცილებელი იქნება."

უფრო ზუსტად, უშიშროების საბჭოს მდივნის ხელფასი 650 ლარით განისაზღვრა, ხოლო ყველაზე დაბალი ანაზღაურება აპარატში 200 ლარს უტოლდება.

მაგრამ, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ფინანსური მოტივაციის გაძლიერება, პირველ ყოვლისა, აუცილებელია სამხედრო ნაწილებში მყოფ ოფიცერთა შემადგენლობისათვის, რომელთა მხრებზეც გადადის საბრძოლო ამოცანების შესრულება და ოპერატიული ბრძოლისუნარიანობის ყოვედღიური უზრუნველყოფა. მით უფრო, იმ ფონზე, როცა შარშან უკვე მოხერხდა ხელფასების გაზრდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, ხოლო თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან ჯარებში ოფიცერთა ანაზღაურება 1996 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

[გივი იუკურიძის ხმა] "არ შეიძლება, ჩემი ღრმა რწმენით, ერთ ჯარში მსახურობდნენ და ერთსა და იმავე ამოცანას ასრულებდნენ, ერთი ფორმა ეცვათ და მაგდენად განსხვავებულ ხელფასებს ღებულობდნენ. თუმცაღა უნდა იყოს გარკვეული სხვაობა, ამათი დანიშნულებიდან გამომდინარე(ჯარის დანიშნულება მაქვს მხედველობაში), მაგრამ არა მაგხელა სხვაობა."[სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ოფიცერთა ხელფასზე გარკვეულ დანამატებს ითვალისწინებს. თუმცა ასე იყო შარშანაც, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ სურვილად დარჩა. ასე რომ, სანამ 2003 წლის ბიუჯეტი არ დამტკიცდება, სამხედრო უწყება ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებს. თავდაცვის სამინისტროს მთელი ძალისხმევა ახლა იქითკენ არის მიმართული, რომ ახალ წლამდე ოფიცრებს ერთი თვის ხელფასი მაინც დაურიგოს.
XS
SM
MD
LG