Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის რეზერვი


საპარლამენტო კრიზისის გამო 20 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანომ ვერ დაიწყო 2003 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. ამის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო

მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების კანონპროექტის განხილვაც. თუმცა საეჭვოა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ მოიხსნას პარლამენტის დღის წესრიგიდან. ამას მრავალი მიზეზი განაპირობებს. უპირველესად კი ის, რომ კანონპროექტი, ფაქტობრივად, სახელისუფლებო პარტიების დემარშის ერთ-ერთ მთავარ პირობად იქცა.

საქართველოს პარლამენტის სახელისუფლებო პარტიების დემარშმა კიდევ უფრო გამოკვეთა, ერთი შეხედვით, გაზვიადებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან, მართლაც, გათანაბრების შემთხვევაში, უპირობოდ დაინგრევა შავი ფულის გადანაწილების მოქმედი სქემა, ანუ მოხდება ხელისუფლების დემონტაჟი. საქმე ისაა, რომ ხელფასის ნახტომისებური ზრდის რეზერვს კანონპროექტის ავტორები, ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენლები, სწორედ სახელმწიფოს სახელით გაცემული კრედიტების დაბრუნებაში, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ამოღებაში, კონტრაბანდული ტვირთბრუნვის შეზღუდვასა და სხვა ანტიკორუფციულ საშუალებებში ხედავენ. ეს კი, პირველ რიგში, სახელისუფლებო ელიტისა და მისი გავლენიანი სანათესაოს სქელი ჯიბეების გადმობრუნებას ნიშნავს. ძნელი სავარაუდოა, ერთმა კანონპროექტმა ამგვარი რევოლუციის მოხდენა შეძლოს, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასის გაზრდის სურვილი, თავისთავად, კეთილშობილური ჟესტია.
[ნიკო ორველაშვილის ხმა]“მე მინდა გია ბარამიძეს, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე უფრო ისეთ, გულღია და პატიოსან პოლიტიკოსად ვთვლი, უბრალოდ, ვთხოვო, რადგან ამჯერად საჯაროდ, რადიოთი მეძლევა საშუალება, რომ იქნებ ცოტა უფრო მეტი ეფიქრათ. იმიტომ რომ ბიუჯეტი, რაც არ უნდა იყოს, კანონი გახლავთ და კანონში ჩადება იმ ვალდებულებების, რომლის განხორციელების რეზერვი გარანტირებულად არ აქვს სახელმწიფოს, არ უნდა იყოს მთლად სწორი. ჯერ მივაღწიოთ უნდა ლეგალიზაციის რაღაც დონეს და ეფექტს და აი, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ვიფიქროთ, ეს შემოსავლები სად წავიღოთ.”[სტილი დაცულია]
ეკონომიკური ექსპერტი ნიკო ორველაშვილი მათ რიცხვს ეკუთვნის, ვინც, ერთი მხრივ, ფიქრობს, რომ საქართველოს ბიუჯეტს მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის უნარი არ აქვს, მეორე მხრივ კი, ადასტურებს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პოპულიზმით არიან დაკავებულნი. არადა, ასეთ გამოუვალ მდგომარეობაშიც კი არის გამოსავალი, რომელიც ექსპერტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული საგადასახადო კოდექსის პროექტში დევს.

ამ სქემის საფუძველზე, დაბალშემოსავლიანი ოჯახები სრულად თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადიდან. ბიუჯეტს კი პრაქტიკულად არაფერი აკლდება, რადგან საგადასახადო ტვირთი უმწეო ოჯახებიდან გადაეცემათ შედარებით უფრო შეძლებულებს, ანუ მათ, ვისაც უმწეოებმა ჯანდაცვის, სწავლის და სხვა მომსახურების თანხა გადაუხადეს.

აღნიშნული სქემა, ნიკო ორველაშვილის თქმით, წარმატებით მოქმედებს რუსეთში, სადაც მოსახლეობის სოციალური დაცვა, სამწუხაროდ, უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საქართველოში, სადაც მოქმედ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დღეისათვის სულ 305 000 ადამიანია დასაქმებული.
XS
SM
MD
LG