Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 466- გამოშვება

დავით კაკაბაძე:
ახლა კი, ძვირფასო რადიომსმენელებო, გთავაზობთ ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალს "მეათე სტუდიას". მის 466-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ; გაგაცნობთ 30-იანი წლების რეპრესიების ერთ-ერთი მსხვერპლს ვარვარა კიღურაძეს - ავტორს წიგნისა "დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს"; საერთოდ წიგნებსა და ლიტერატურას "მეათე სტუდიის" დღევანდელ გამოშვებაში დიდი ადგილი დაეთმობა: გარდა იმისა, რომ საქართველოში გამოსულ რამდენიმე ახალ წიგნს წარმოგიდგენთ, მოგითხრობთ ორ იუბილარ მწერალზე: გერმანულენოვან ქართველ ავტორზე გივი მარგველაშვილზე და ტრივიალური რომანების დედოფლად წოდებულ ფრანგ მწერალზე ან გოლონზე - ორივე მათგანს ამ დღეებში 75 წელი შეუსრულდა. "მეათე სტუდიას" დღეს დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ

დავით კაკაბაძე:
რადიოჟურნალს, როგორც უკვე მოგახსენეთ, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრით დავიწყებთ. ჩვენი თბილისელი თანამშრომლის, გიორგი კაკაბაძის მასალა ეხება იმ ვითარებას, რომელიც შექმნილია "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი ხუთი წლის წინათ, 1997 წლის 12 დეკემბერს იქნა მიღებული, მაგრამ მისი პრაქტიკული განხორციელება მხოლოდ ცალმხრივად მოხდა.

გიორგი კაკაბაძე:
პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში, ძირითადად, უკავშირდება "ყველა დროისა და ხალხის ბელადის" იოსებ სტალინის მმართველობას, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანთა დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა ერთგვარ ნორმადაც კი იყო ქცეული. აი, რას ამბობს ამის თაობაზე საზოგადოება "მემორიალის" საპატიო თავმჯდომარე, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე, რომლის მშობლები, პროფესიით პედაგოგები, 1937 წელს დახვრიტეს.

[მინდია სალუქვაძის ხმა] "მოტივი 37 წელს საჭირო არ იყო: შეიძლება რაღაც ანეგდოტის მოსმენას დაესწარი და გაგეცინა, მეზობელი ან სხვა ვინმე დაგასმენდა და აი, ასეთი რამისთვის, ადამიანებს რამდენიმე წლით ასახლებდენ და ხშირ შემთხვევაში ხვრეტდნენ კიდეც."

სათქმელია ისიც, რომ ბოლშევიკურ-კომუნისტურ რეპრესიებს საქართველოში ადგილი ჰქონდა როგორც 1921 და 1924 წლებში, ისე სტალინის გარდაცვალების შემდეგ. საზოგადოება "მემორიალის" მონაცემებით, თბილისში დღეს ცხოვრობს 130-მდე ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელთა უმრავლესობა სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა. 1997 წელს მიღებული კანონის მიხედვით, მათ ყოველთვიურად უხდიან პენსიას, 45 ლარის ოდენობით. ამავე კანონით, 45-ლარიანი პენსია უნდა გადაეხადათ რეპრესიების გამო გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებისთვის - მეუღლისა და შვილებისთვის (ან გერებისთვის), მაგრამ დღემდე საქართველოს ხელისუფლება კანონს არღვევს და პენსიებს არ გასცემს.

"მემორიალის" გამგეობის წევრი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი სპარტაკ გურგენიძე ამბობს, რომ, კანონით, ჯერ კიდევ 1998 წლის 1 სექტემბრიდან უნდა გაეცათ რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის 45-ლარიანი პენსია. მაგრამ საქართველოს პარლამენტმა რამდენჯერმე გადაავადა ეს პროცესი და, საბოლოოდ, კანონში ჩაიწერა, რომ პენსიები 2002 წლის 1 იანვრიდან უნდა გაიცეს. 2002 წელი უკვე ილევა, მაგრამ ვითარება არ შეცვლილა. საზოგადოება "მემორიალის" თავმჯდომარე ზურაბ რცხილაძე არსებული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობებზე ფინანსთა მინისტრ მირიან გოგიაშვილს ესაუბრა, მაგრამ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწია.

გარდა ამისა, როგორც სპარტაკ გურგენიძემ ჩემთან საუბარში განაცხადა, [სპარტაკ გურგენიძის ხმა] "ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველს, რომელმაც პრეზიდენტს გაუგზავნა ოფიციალური, შინაარსიანი წერილი, სადაც აღნიშნულია ჩვენი გაჭირვება - რეპრესირებულთა და მათი ოჯახის წევრების გაჭირვება - და იგი სთხოვს პრეზიდენტს, რომ მოგვცენ ჩვენი კუთვნილი 45 ლარი. პრეზიდენტმა ეს წერილი სამ მინისტრს გადაუგზავნა, შესაბამისი რეზოლუციით, მათ შორის, ფინანსთა მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ არავითარ რეაგირებას ადგილი არ ჰქონია." [სტილი დაცულია]

საზოგადება "მემორიალმა" წერილით მიმართა იუსტიციის სამინისტროს. საპასუხო წერილის ბოლოს ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტროს პასუხი არ წარმოადგენს დასმული საკითხის ოფიციალურ განმარტებას და რომ, სამართლის თეორიის მიხედვით, ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნაწილის განმარტების უფლებამოსილება აქვს შესაბამისი ნორმატიული აქტის მიმღებ ორგანოს ან სასამართლოს.

საზოგადოება "მემორიალის" წევრი იროდი ფაჩულია 1958 წელს გაასამართლეს ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის და მან 5 წელი გაატარა გადასახლებაში, მორდვეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. როგორ აფასებს ყოფილი პოლიტპატიმარი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას რეპრესირებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ?

[იროდი ფაჩულიას ხმა] "მთავრობა ჩვენ არანაირად არ გვაფასებს, ამ ადამიანებს კი არაფერი გაუკეთებიათ საქართველოს დამოუკიდებლობისა და განთავისუფლებისათვის. ისინი ჩვენ ზიზღით გვიყურებენ."

საზოგადოება "მემორიალის" წევრებს ახლა მხოლოდ სასამართლოს იმედიღა დარჩათ. ბოლო ინფორმაციით, ასეთი სასამართლო პროცესი მომავალი წლის 16 იანვარს უნდა გაიმართოს.

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს

დავით კაკაბაძე:
სტალინური რეპრესიების შესახებ არაერთი წიგნი დაიწერა. მიუხედავად ამისა, მაინც ძნელი გასაგებია მოტივები, რომელთა გამოც მილიონობით ადამიანს სრულიად დაუმსახურებლად მიესაჯა "ხალხის მტრის" იარლიყით ცხოვრება. ეს - უკეთეს შემთხვევაში: ციმბირის უკიდეგანო სივრცეებში ხომ მილიონობით რეპრესირებულის საფლავია დაკარგული. ის ადამიანები, ვისაც გადასახლებიდან შინ დაბრუნება ეღირსა, სიცოცხლის ბოლომდე ეძებდნენ პასუხს კითხვაზე, რით დაიმსახურეს რეპრესიები. "იმედი მაქვს, ჩვენი შთამომავლები ბედნიერ მომავალში კი არა, ბედნიერ აწმყოში იცხოვრებენ" - ასე მთავრდება ვარვარა კიღურაძის წიგნი "დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს". წიგნის ავტორი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა 1937 წლის რეპრესიები. თამარ ჩიქოვანს მოუსმინეთ.

თამარ ჩიქოვანი:
26 წლის ვარვარა კიღურაძისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი 1937 წლის 2 დეკემბრის ღამით დაიწყო, როცა შინსახკომის ხუთმა თანამშრომელმა მას დაპატიმრების ორდერი წარუდგინა. ან შეიძლება ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როცა იგი ახალგაზრდა ინჟინერ შალვა კიღურაძეს გაჰყვა ცოლად. შალვა კიღურაძე, რომელმაც განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში მიიღო, საქართველოში კარგად ცნობილი ადამიანი გახლდათ: ის ხელმძღვანელობდა თბილისში, მდინარე მტკვარზე, ჩელუსკინელების ხიდის მშენებლობას; იყო ტრესტ "ნატახტრის" მმართველი და დიდი როლი ითამაშა ნატახტრის წყალსაცავის მშენებლობაში. 1933 წელს, ნატახტრის ამუშავების შემდეგ, თბილისელებს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნათ. შალვა კიღურაძე 1937 წლის ივლისში სამსახურში დააპატიმრეს. ოჯახის წევრები დიდხანს იმედოვნებდნენ, რომ ეს მოხდა შეცდომის შედეგად, თუმცა რეპრესიები საქართველოში უკვე მძვინვარებდა.

1937 წლის მეორე ნახევარში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. ამჯერად სამიზნედ რეპრესირებულთა ოჯახის წევრები - ცოლები და შვილები იქცნენ. თუმცა უკვე მანამდე იყო დიდი შიში, როცა ნაცნობები და მეზობლები ცდილობდნენ, ყოველგვარი ურთიერთობა გაეწყვიტათ რეპრესირებულთა ოჯახის წევრებთან. ვარვარა კიღურაძის მოგონებით, იყვნენ ისეთებიც, "ხალხის მტრის" ოჯახის წევრებთან ურთიერთობას რომ არ გაურბოდნენ და იმ დროისთვის თავისებურ სამოქალაქო გმირობასაც კი სჩადიოდნენ: ქუჩაში, ყველას დასანახად და გასაგონად, კითხულობდნენ დაპატიმრებულის ამბავს.

სწორედ ადამიანური ურთიერთობები იქცა გადარჩენის ერთადერთ საშუალებად ჯერ ორთაჭალის ციხის საკნებში, სადაც ნელ-ნელა თავს იყრიდნენ რეპრესირებულთა ცოლები, შემდეგ დაუსრულებელ გზაში, ე.წ. "პერესილკებში", და ბოლოს - მორდვეთის ბანაკში, სადაც ერთ-ერთ ბარაკს ქართველების ბარაკი შეარქვეს, რადგან იქ ქართველი ქალები ჭარბობდნენ.

თამარ ნასყიდაშვილი-მდივანი, რაისა მიქაძე, ნუცა ღოღობერიძე, თამარ ბაგრატიონი-მიწიშვილი, ანა ცხაკაია-მეძმარიაშვილი, ნელი ჭიჭინაძე-გრიგორაშვილი, იდა ახვერდოვა-კვიტაშვილი, ელენე ვირსალაძე, ქეთევან ორახელაშვილი, თამარ ლორთქიფანიძე-არეშიძე - 140-მდე ახალგაზრდა ქართველი ქალი ტემნიაკოვის ბანაკში ჯერ ფიზიკური შრომით იყო დაკავებული, შემდეგ კი - ჯარისკაცებისთვის დათბილული საცვლების კერვით.

ამ ქალების უმრავლესობას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული. მაგალითად, ელენე ვირსალაძე, ახალგაზრდობის მიუხედავად, 1937 წლისთვის უკვე ცნობილი ფოლკლორისტი იყო - დაჭერამდე ერთი წლით ადრე მან ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქართული ზღაპრის გენეზისის შესახებ. მორდვეთის გრძელ და ცივ ღამეებს პატიმრები ხელსახოცებისა და ქუდების ქარგვაში ატარებდნენ იმ იმედით, რომ ამ პატარა საჩუქრებს რაიმე საშუალებით თბილისში შვილებს გაუგზავნიდნენ. ხანდახან ასეც ხდებოდა: ვარვარა კიღურაძის შვილს, ნინო კიღურაძეს, დღემდე შენახული აქვს მორდვეთიდან გამოგზავნილი ნაქარგი ცხვირსახოცი და ხელით ნაკეთი პატარა ალბომი, წარწერით - "ნინოს დედებისგან".

1941 წლიდან საბჭოთა ხელისუფლება რეპრესირებულთა ოჯახის წევრების მიმართ მოლბა. სულ უფრო გახშირდა რეპრესირებული ქალების სამშობლოში დაბრუნების შემთხვევები. თავდაპირველად მათ ეკრძალებოდათ დიდ ქალაქებში ცხოვრება. ნელ-ნელა ეს პრობლემაც მოიხსნა. სამაგიეროდ, იყო სხვა ტრაგედიები - უკვე გაზრდილ შვილებთან შეხვედრა, შვილებთან, რომლებიც დედებს კი ელოდნენ, მაგრამ შეხვედრისას ხშირად ირკვეოდა, რომ ხანგრძლივ განშორებას ისინი ერთმანეთის მიმართ გაეუცხოებინა.

ყველაზე უკეთ ეს თავად რეპრესირებულთა შვილებს აქვთ აღწერილი: ნოდარ დუმბაძეს - რომანში "მარადისობის კანონი", ლანა ღოღობერიძეს - ფილმებში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" და "ვალსი პეჩორაზე". ვარვარა კიღურაძე კი თავის წიგნში მკითხველს ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, მშვიდად მოუთხრობს იმ საშინელ წლებზე, რომელთა გადატანა მეოცე საუკუნის დასაწყისში წილად ხვდა ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი.

ახალი წიგნები ქართულ ენაზე

დავით კაკაბაძე:
"ამხანაგო სტალინ, თქვენ დიდი მეცნიერი ხართ" - ასე იწყება რუსი მწერლის იუზ ალეშკოვსკის ირონიული ლექსი, რომელიც ცნობილი სიმღერის ტექსტიც გახლავთ. ბევრმა უთუოდ იცის: სტალინმა კალამი, ასე ვთქვათ, ენათმეცნიერებაშიც მოსინჯა და შექმნა ნაშრომი "მარქსიზმი და ენათმეცნიერების საკითხები", რომლის ავტორობას ერთ ცნობილ ქართველ ენათმეცნიერს მიაწერენ. ამის გახსენება იმიტომ დაგვჭირდა, რომ ამ კვირაში თბილისში, ქართულ ენაზე გამოიცა თანამედროვე ენათმეცნიერების ფუძემდებლის ფერდინანდ დე სოსიურის წიგნი "ზოგადი ენათმეცნიერების კურსი". საერთოდ, ამ დღეებში ზედიზედ მოეწყო რამდენიმე საყურადღებო წიგნის პრეზენტაცია. შეიძლება ითქვას, ასე ინტენსიურად ახალი წიგნები, კარგა ხანია, არ შეუთავაზებიათ ქართველი მკითხველისთვის. ახალ წიგნებს, იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც წიგნის ფასი იციან დავით პაიჭაძე წარმოგიდგენთ.

დავით პაიჭაძე:
ლიტერატურით დაინტერესებულ საზოგადოებას უთუოდ ეხსომება, რომ ამა წლის დასაწყისში გოეთეს ინსტიტუტმა წარმოადგინა გივი მარგველაშვილის ქართულ ენაზე თარგმნილი რომანი "მუცალი". ამ კვირაში კავკასიურმა სახლმა მკითხველებს მწერლის მორიგი წიგნი შესთავაზა ქართულ ენაზე: "მოწმენი სარკეში", რომელიც გერმანულენოვანი ქართველი ავტორის ორ პიესას აერთიანებს. გივი მარგველაშვილის ოჯახის ტრაგიკულ ბედზე ილაპარაკა მწერალმა ნაირა გელაშვილმა, რომელიც მისი წიგნების ბედსაც შეეხო: ე.წ. პერესტროიკის ფონზე და შემდეგ გერმანიაში ერთბაშად დაიბეჭდა გივი მარგველაშვილის რამდენიმე წიგნი, რომელთაც მაღალი შეფასება მისცეს პროფესიონალმა ლიტერატურათმცოდნეებმა და კრიტიკოსებმა, [ნაირა გელაშვილის ხმა] "მაგრამ ბესტსელერებად ეს წიგნები არ ქცეულა, არადა, ძალიან ჭკვიან და ღრმა ადამიანებს უთქვამთ ჩემთვის გერმანიაში, რომ ეს მოვლენაა. მათვე ისიც აუხსნიათ, რა ხდება: გერმანია იქნება თუ სხვა ევროპული ქვეყანა, თითქმის ყველგან არსებობს "კულტურული მტრობა", ღრმად დაფარული და არააფიშირებული: როცა წიგნს აწერია გერმანული აღქმისთვის სრულიად გაუგებარი გვარი მარგველაშვილი და კაცმა არ იცის, რა ქვეყანას უკავშირდება, ხოლო ამ დროს, კაცი აცხადებს პრეტენზიას, რომ მოაქვს უზარმაზარი ლიტერატურა, ფილოსოფია, ენათმეცნიერება, უზარმაზარი რომანები - ეს იწვევს გარკვეულ გაღიზიანებას და არმიღებას".

ფერდინანდ დე სოსიურის უკვე ნახსენები წიგნი, ფრანგ მწერალ ბორის ვიანის "დღეთა ქაფის" ქართულ თარგმანთან ერთად, გამომცემლობა "დიოგენემ" დასტამბა. "დღეთა ქაფის" წარდგენისას პროფესორმა გიგი თევზაძემ აღნიშნა, რომ წიგნი ქართველ მკითხველს აჩვენებს იმას, რასაც მკითხველი არ ელის. მე ვთხოვე გიგი თევზაძეს, განემარტა ეს აზრი [გიგი თევზაძის ხმა]: "ქართული ლიტერატურა არ ელის პატაფიზიკას, ანუ არ ელის უცნაური ფორმით (არა ირონიული ფორმით, როგორც ეს ხდება არისტოფანესთან, არამედ სწორედ უცნაური ფორმით) იმის გადმოცემას, რაც არის ჩვენს გარშემო, რასაც აღწერს ლიტერატურა. ქართულ ლიტერატურაში ამის მორცხვი მცდელობა ჰქონდა აკა მორჩილაძეს, როცა შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი უოტსონი შემოიყვანა თავის ერთ რომანში მკვლელობის განხილვისას. ეს იყო მორცხვი მცდელობა, რადიკალური მცდელობა კი არის ბორის ვიანი და თარგმნილია ძალიან კარგი ქართულით. ასე რომ, დიდი შანსია, პატაფიზიკა გახდეს ქართული ლიტერატურის ნაწილი, რადგან თარგმანს არანაკლები მნიშვნელობა აქვს ლიტერატურისათვის, ვიდრე ორიგინალურ ნაწარმოებს. რასაც არ ელი, სწორედ ეს არის: მოექცე ზურგსუკან, დაანახვო ქართველ მკითხველს, ლიტერატორს, მწერალს, როგორ უნდა გახვიდე ლიტერატურის ზურგსუკან".

სოსიურის "ზოგადი ენათმეცნიერების კურსზე" ლაპარაკის დროს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას თავისი ნაკლი და ღირსება ახლავს. ნაკლი ისაა, რომ მეზობელი ქვეყნის ენის, ანუ რუსულის, ცოდნა საქართველოში თანდათან იკლებს [ლევან ბერძენიშვილის ხმა]: "ფაქტობრივად, ან გვექნება სოსიური და მსგავსი ლიტერატურა ქართულად, ან ჩვენი ბავშვები არაფერს არ ისწავლიან. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, არავითარი ჩანაცვლება რუსულისა ინგლისურით არ მომხდარა; ნაციონალურ ქვეყნებში სხვა რამ ხდება: ნაციონალური ენა იმარჯვებს და კულტურა გადადის მშობლიურ ენაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მივესალმოთ ყველა თარგმანს, მით უმეტეს, ასეთ ფუნდამენტურ წიგნს. რაც შეეხება თვითონ სოსიურს, ენათმეცნიერების ისტორიაში იშვიათია ასეთი მეცნიერი, რომლის ფუნდამენტური ნაშრომი უკვდავი იქნება ყოველთვის. სოსიური ბრწყინვალე მოჭადრაკე იყო, მან ენა შეადარა ჭადრაკს და მისი წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოა (ხოლო სახელმძღვანელო რაღაც მოსაწყენის ასოციაციას იწვევს ხოლმე), არის ერთი კარგი დეტექტივი ყველა ენის შესახებ. ასეთი წიგნი ათასწლეულში ერთი იწერება. ბედნიერებაა, რომ ის ქართულად გვაქვს".

სხვათა შორის, ამ კვირაში თვითონ ლევან ბერძენიშვილის სახელიც დაეწერა ერთ ახალ წიგნს: გამომცემლობა "ლოგოს პრესმა" გამოსცა "კომედიის მამის", არისტოფანეს, კომედიათა პირველი წიგნი, რომელიც ძველი ბერძნულიდან ლევან ბერძენიშვილმა თარგმნა. სულ კი ეს კომედიები ხუთ ტომად გამოვა.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

გივი მარგველაშვილი - ავტორი და პერსონაჟი

დავით კაკაბაძე:
ამ დღეებში 75 წელი შეუსრულდა ბერლინში მცხოვრებ გერმანულენოვან ქართველ მწერალს, გივი მარგველაშვილს, რომლის ორ ახალ წიგნზე თავის მასალაში დავით პაიჭაძემაც ისაუბრა. გივი მარგველაშვილის ბიოგრაფია უდავოდ გამორჩეული და არაორდინარულია. მაგრამ კიდევ უფრო უჩვეულო სამყაროსთან გვაქვს საქმე მის წიგნებში. იუბილარზე ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
გივი მარგველაშვილი თითქოს არსად არ არის შინ. როგორც თვითონ ამბობს, იგი მუდამ გარბის, გზაშია, გაჩერება მისთვის დაღუპვას ნიშნავს. მოძრაობა, საზღვრის გადალახვა და წაშლა მისი ცხოვრების სტილი, აზროვნების წესია. მისი რეალური ბიოგრაფიაც ორ დაპირისპირებულ სამყაროში - ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირში - გათამაშდა. საუბრისას იგი ერთი ენიდან მეორეზე გადადის, ერთი კულტურიდან მეორეში აღმოჩნდება ხოლმე.

ბედნიერი კაცია თუ არა გივი მარგველაშვილი? ამ შეკითხვაზე, რომელიც თავიდან მე თვითონ გულუბრყვილოდ მომეჩვენა, საინტერესო პასუხი გამცა მისმა მეგობარმა და ყოფილმა მეუღლემ, გერმანისტმა ნაირა გელაშვილმა.

[ნაირა გელაშვილის ხმა]

გივი მარგველაშვილი 1927 წლის 14 დეკემბერს დაიბადა ბერლინში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. ოთხი წლის იყო, როცა დედამ თავი მოიკლა და მას მერე გერმანელი ძიძები ზრდიდნენ. მოგვიანებით გერმანულად მიიღო შესანიშნავი განათლება. დრამატული ბედი ერგო წილად მამამისს, ტიტე მარგველაშვილსაც, რომელიც გერმანიაში მცხოვრები ქართველების სათვისტომოს ედგა სათავეში. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იგი ბერიას ბრძანებით მოიტაცეს ბერლინის დასავლეთი ნაწილიდან და საბჭოთა ზონაში გადაიყვანეს. მასთან ერთად იყო მისი 17 წლის ვაჟიც. მამა საბჭოთა კავშირში გადააფრინეს და მას მერე იგი არავის უნახავს. შვილი კი ჯერ გერმანიაში, ზაქსენჰაუზენის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს, შემდეგ კი შინსახკომელებმა თბილისში ჩაიყვანეს მამიდასთან. ასე აღმოჩნდა იგი სრულიად უცხო სამყაროში, სრულიად უცხო ენობრივ გარემოში. მხოლოდ გავლენიანი მეგობრებისა და ნათესავების წყალობით მოახერხა თავი დაეღწია რეპრესიებისთვის. წერა, რომელიც 60-იანი წლების დამდეგს დაიწყო, და მეგობრების წრე იყო მისი შინაგანი ემიგრაციის სამყარო თბილისში ცხოვრების პერიოდში.

[გივი მარგველაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

გივი მარგველაშვილის ლიტერატურაზე წარმოდგენის შესაქმნელად მაგალითისთვის მოგიყვანთ ერთ-ერთ მის ნაწარმოებს, რომლის მოქმედება "ვეფხისტყაოსნის" თარგმანში, თავად წიგნში ვითარდება. წიგნის, რუსთაველის პოემის საყოველთაოდ ცნობილი პერსონაჟები არიან მარგველაშვილის ნაწარმოების გმირები, რომლებიც მათთვის გარედან თავსმოხვეული წესრიგის - ცუდი თარგმანის - წინააღმდეგ მხედრდებიან.

[გივი მარგველაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

თავად გივი მარგველაშვილმა იმ ცუდი თარგმანისთვის", "ცუდი წიგნისთვის", რომელში ცხოვრებაც არგუნა ბედმა, ანუ საბჭოთა კავშირისთვის, თავის დაღწევა მხოლოდ მისი დაშლის შემდეგ შეძლო. და დაბრუნდა თავის მშობლიურ ბერლინში. მაგრამ ეს არ ყოფილა შინდაბრუნება. იგი კვლავ მისთვის უცხო ტექსტში, უცხო გარემოში მოხვდა. რაც მთავარია, იმედგაცრუება ელოდა იმის გამოც, რომ მისი ლიტერატურა რიგითმა გერმანელმა მკითხველმა ვერ მიიღო.

სხვათა შორის, მან ეს თემაც ლიტერატურად აქცია. რომანში, რომელზე მუშაობაც ჯერ არ დაუსრულებია, ავტორი თხოვნით მიმართავს ცნობილი ბესტსელერების გმირს, ჰარი პოტერს, რომ ჯადოსნური სარკის მეშვეობით მკითხველები მოუმრავლოს მის წიგნს, "კაპიტან ვაკუშს".

მისი წიგნები რთულად იკითხება. ისინი დიდ სულიერ ძალისხმევას, სულიერ დისციპლინას, მოთამაშის ალღოს და ბავშვურ ცნობისმოყვარეობას მოითხოვს. როგორც ერთმა გერმანელმა ლიტერატურათმცოდნემ თქვა, გივი მარგველაშვილის შემოქმედება არ ჩამოჰგავს ჩქაროსნულ ავტოსტრადას - ლიტერატურას, რომელიც ელვის სისწრაფით იკითხება და ასეთივე სისწრაფით ეძლევა დავიწყებას. მისი წიგნები უფრო მოგვაგონებს მთის ვიწრო ბილიკებს, რომლებზეც სვლა ძნელია, მაგრამ რომლებიც წარმტაც ბუნებას გვაზიარებს და შესვენებისა და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს.

მაინც რა არის გივი მარგველაშვილის შემოქმედების თავისებურება, როგორ შეიძლება აღიწეროს მისი ესთეტიკა?

[გივი მარგველაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

გივი მარგველაშვილის ნაწარმოებები რომ რთულად იკითხება, ამას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ მის მხატვრულ ლიტერატურას საფუძვლად უდევს ფილოსოფიური კონცეფცია. იგი ლიტერატურაში ფილოსოფიიდან მოვიდა, როგორც თავადაც უყვარს ხოლმე თქმა.

[გივი მარგველაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

გივი მარგველაშვილის უახლოესი მეგობარი, გერმანელი პოეტი და ადამიანის უფლებების დამცველი ეკეჰარდ მაასი არის ის ადამიანი, რომელმაც გაუწია დახმარება გერმანიაში დაბრუნებასა და ხელახლა დაფუძნებაში. სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით და ხელშეწყობით მოახერხა ეგზოტიკური გვარის მქონე ქართველმა მწერალმა სამი წლის განმავლობაში ექვსი წიგნის გამოცემა: "მუცალი", "უზენაესი კორექტურა", "კაპიტან ვაკუშის" ორი ტომი, "გადაუგდებელი ხელთათმანი", "ცხოვრება ონტოტექსტში", მრავალრიცხოვანი ლიტერატურული საღამო და ლიტერატურული კითხვა.

[ეკეჰარდ მაასის ხმა] "ტექსტური დეტერმინირებულობა ამ ერთობ იდეოლოგიზირებული პოლიტიკური სისტემებისა, რომლებთანაც მოუწია შეხება, შეიძლება შევადაროთ ლირიკული "მეს" ან რომანის გმირის სიტუაციას, რომელიც ასევე განსაზღვრულია რომანის ავტორის ტექსტით: მან უნდა აკეთოს ყველაფერი ის, რაც ავტორმა ტექსტში დაწერა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გივი მარგველაშვილსაც თავისი თავი ერგვარად ესმის წიგნის გმირად, რომელსაც არ გაუმართლა და, ასე ვთქვათ, "ცუდ წიგნში", კერძოდ, ნაცისტურ პერიოდში და საბჭოთა საქართველოში მოხვდა... მისი შემოქმედების სპეციფიკა ის არის, რომ იგი ცდილობს გაარკვიოს, ტექსტით დეტერმინირებულ წიგნის კონკრეტულ გმირს რა საშუალებები აქვს საიმისოდ, რომ წარმოსახვითი მკითხველის ფანტაზიის მეშვეობით გაითავისუფლოს თავი ამ გალიიდან, ამ წიგნის სამყაროდან."

და მაინც არ მტოვებს აკვიატებული შეკითხვა: ბედნიერია თუ არა გივი მარგველაშვილი? ადამიანი, რომლის ბიოგრაფიას იოლად შეიძლება უწოდო ტრაგიკული, მაგრამ რომელსაც უნარი შესწევს ღიმილიანი სახით გადალახოს ეს ტრაგიზმი და წიგნის სამყაროში გადასახლდეს. სამყაროში, რომელშიც ჟღერს მისი სიყმაწვილისდროინდელი მუსიკა, მისი მთავარი ნაწარმოების, "კაპიტან ვაკუშის" გმირის საყვარელი ჰანგები.

[მუსიკა]

ტრივიალური ლიტერატურის დედოფალი. ან გოლონი 75 წლისაა

დავით კაკაბაძე:
ამ დღეებში 75 წელი შეუსრულდა კიდევ ერთ მწერალს - თუმცა, ეს არის, ალბათ, ერთადერთი მსგავსება, რომელიც მასა და გივი მარგველაშვილს შორის არსებობს. თემებსა თუ სამწერლო სტილს შორის უფრო დიდი სხვაობა მართლაც ძნელი წარმოსადგენია და, სამწუხაროდ, იგივე ითქმის კომერციულ წარმატებაზეც - გივი მარგველაშვილისაგან განსხვავებით, ფრანგი მწერლის, ან გოლონის წიგნები მილიონობით ეგზემპლარად არის გაყიდული და მათს გმირს საქართველოშიც რომ კარგად იცნობენ, ამაში ახლავე, მარიამ ჭიაურელის მონათხრობითაც დარწმუნდებით.

[მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
სავარაუდოდ, ამ მელოდიამ უკვე ბევრი მსმენელი მიახვედრა, რომელ პერსონაჟზე, უფრო ზუსტად რომელ კინოგმირზეა ლაპარაკი - საქართველოში ხომ ეკრანიზაციების სახით გავეცანით ან გოლონის წიგნების შინაარსს: ღარიბი ფრანგი არისტოკრატის ქერა, პირმშვენიერი ქალიშვილი იძულებულია, დაქორწინდეს შეუხედავ, კოჭლ, მაგრამ შეძლებულ მამაკაცზე, რომელიც, როგორც სულ მალე ირკვევა, არც ისე შეუხედავია, როგორც პატარძალს და მასთან ერთად მაყურებელს ეგონა. ასე იწყება მომხიბვლელი ანჟელიკას და სახენაიარევი ჟოფრეი დე პეირაკის ურთიერთობა, რომელიც დიდ სიყვარულში გადაიზრდება და შურით აღავსებს მათ ეპოქაში, უფრო სწორედ მეფე ლუი მეთოთხმეტის ეპოქაში მოღვაწე ყველა ინტრიგანს, თავად მეფის ჩათვლით.

ან გოლონი 14 ტომში აღწერს ანჟელიკას ფათერაკებითა და თაყვანისმცემლებით აღსავსე ცხოვრებას, რომელსაც ეკრანიზაციის სახით მხოლოდ ნაწილობრივ ვეცნობით. ინტერესი კი არც დარჩენილი ნაწილისადმი და საერთოდ, ანჟელიკას თავგადასავლის სალიტერატურო ფორმისადმი ნელდება - რომანის სხვადასხვა ტომი 30 ენაზეა გადათარგმნილი, მათმა ტირაჟმა კი, რახანია, ას მილიონ ეგზემპლარს გადააბიჯა. აი, რას წერდნენ რომანის "ანჟელიკა და შეთქმულება" 1976 წლის გამოცემის სარეკლამო ტექსტში: "ანჟელიკა 65თ მილიონ მკითხველს უყვარს. რომანის გმირი ქალებიდან არავინაა მეფე-მზის ეპოქის საფრანგეთის მკვიდრ არისტოკრატ ლამაზმანზე უფრო სახლგანთქმულიო".

ან გოლონი ამ სახელგანთქმული ლამაზამანის შემქმნელის, სიმონ შანჟოს ფსევდონიმია. ის ჟურნალისტად მუშაობდა, როცა კონგოში მივლინებით ყოფნისას გაიცნო წარმოშობით რუსი ინჟინერი, თავისზე 20 წლით უფროსი სერჟ გოლონბინოვი და მასთან ერთად გადაწყვიტა ლიტერატურაში ძალის მოსინჯვა. ან და სერჟ გოლონები ჯერ საბავშვო მოთხრობის წერას შეუდგნენ, მაგრამ მალე, კომერციული წარმატების იმედით, ტრივიალურ ჟანრში გადაინაცვლეს. ასე შეიქმნა "ანჟელიკას" სახე, რასაც წინ უძღოდა ისტორიული წყაროების გულდასმით შესწავლა ეპოქის შეძლებისდაგვარად დამაჯერებლად ასასახვად.

ანჟელიკას ტრიუმფული სვლა კი 1957 წელს, პირველივე რომანის "ანჟელიკა ანგელოზების მარკიზას" გამოქვეყნებით დაიწყო და კულმინაციას მიაღწია 60-იან წლებში იმავესახელწოდებიანი ეკრანიზაციით, რომელშიც მთავარ როლს, ალბათ გახსოვთ, მიშელ მერსიე ასრულებდა. მაგრამ ყველას გული ვის მოუგია? - კრიტიკოსები ანჟელიკასაც კი გამოუჩნდა! ზოგი მისი მრავალრიცხოვანი ეროტიკული თავგადასავლის დეტალურად აღწერამ აღაშფოთა, ზოგი - ავტორის უგემოვნო სტილმა. აი, ის კი ეჭვს არ იწვევს, რომ ან გოლონი ტრივიალური ლიტერატურის დედოფალია!
როგორც უკვე ითქვა, მას და გივი მარგველაშვილს შორის მსგავსება დაბადების თარიღით ამოიწურება: ამ დღეებში ორივეს 75 წელი შეუსრულდა.

დავით კაკაბაძე:
და იმედია, მიკერძოებად არ ჩამომართმევთ, თუ ჩვენს დღევანდელ გადაცემას ისევ გივი მარგველაშვილის ერთ-ერთი საყვარელი შემსრულებლის, კლარნეტისტ არტი შოს კომპოზიციით დავასრულებთ. "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG