Accessibility links

logo-print

საქართველოს ქალთა ორგანიზაციების ახალი ინიციატივა


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში ბოლო დროს გაძლიერებულ დემოკრატიის საწინააღმდეგო ტენდენციებს, პოლიტიკოსთა ქცევაში აშკარად შესამჩნევ ძალადობას ქვეყანაში მოქმედი ქალთა ორგანიზაციები უპირისპირდებიან.

აშშ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თაოსნობით, როგორც საზოგადოებრივი, ისე პოლიტიკური სექტორის წარმომადგენელი ქალბატონები საგანგებოდ მიმართავენ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებისთვის ბრძოლა წარმართონ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში, დემოკრატიული არჩევნებისა და ცივილიზებული დისკუსიების გზით. მე ვესაუბრე რამდენიმე ქალბატონს, რომელთაც თავიანთი ხმა შეუერთეს პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ.

[ხათუნა ხვიჩიას ხმა]: “ქალებზე, ალბათ, ყველაზე მეტად მოქმედებს მომხდარი ფაქტები. მათ სერიოზულად აღიქვამენ და ამიტომაც გვსურს ღიად დავაფიქსიროთ, რომ ვემიჯნებით ძალადობას პოლიტიკაში. ამით გვინდა, მამაკაცებიც გადმოვიბიროთ ჩვენს მხარეზე. ქალი უფრო განიცდის ძალადობას – ვგულისხმობ მეთოდებს, რომლითაც პოლიტიკოსები “არეგულირებენ” თავიანთ ურთიერთობებს, არჩევნებს, ასევე ძალადობის თანხლებით რომ მიმდინარეობს. ეს ყველაფერი დაგროვდა და რაღაც კულმინაციას მიაღწია”.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ხათუნა ხვიჩიამ ასე უპასუხა ჩემს კითხვას, რატომ გადაწყვიტეს საქართველოს ქალთა ორგანიზაციებმა, ინსტიტუტთან ერთად მიემართათ საზოგადოებისა და პოლიტიკოსთათვის. რაც შეეხება ინიციატივის გრძელვადიან მიზანს, მას ხათუნა ხვიჩია ასე აყალიბებს [ხვიჩიას ხმა]: “ჩვენი ზოგადი მიზანია, პოლიტიკაში ქალთა რიცხვის გაზრდა, პოლიტიკაში ქალების მოსვლა. ჩვენი საქმიანობის დიდად აფიშირებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვიმუშავებთ მანდილოსნებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენი საბოლოო მიზანი ფოკუსირებულია საპარლამენტო არჩევნებზე. გვსურს, პარლამენტში მეტი ქალი მოვიდეს. ქალებში არის ჯერ კიდევ გამოუყენებლი პოტენციალი”.

ლელა გაფრინდაშვილმა, თავმჯდომარემ კავშირისა “ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის”, მითხრა, რომ ქალთა ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის გამო ახლოს არიან და იცნობენ ადამიანთა ყოფას, რასაც დაცილებულია პოლიტიკა. მისი აზრით, დიალოგი საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ სექტორებს შორის გაიშვიათებულია, თუმცა არის ნიშნები, რომ ის უფრო ინტენსიური გახდება, რის შედეგადაც, საბოლოოდ აღიკვეთება ძალადობა პოლიტიკაში [გაფრინდაშვილის ხმა]: “პოლიტიკა ძალადობრივია სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერები პროგრამებს კი არ აჯიბრებენ ერთმანეთს, არამედ თვითონ, როგორც ლიდერები, ეჯიბრებიან: ვინ ვის გადაუწევს ხელს, ვინ უკეთ ჩამოაყალიბებს თავის პროგრამას სადღეგრძელოს ფორმით... მათ არა აქვთ რაციონალური შეჯიბრის კულტურა”.

ქალბატონების შეკრებას, რომელიც სასტუმრო “თორში” გაიმართა, სხვადასხვა დონის საკანონმდებლო ორგანოების და სასამართლოთა წევრები ესწრებოდნენ. მე ვკითხე დეპუტატ ელენე თევდორაძეს, მიაჩნია თუ არა, რომ პარლამენტში ყოფნისას ის ძალადობის გარემოშია [თევდორაძის ხმა]: “ნამდვილად ასეა. სამწუხაროდ, ბოლო ორი წელია, პარლამენტი გახდა ადგილი, სადაც ძალადობა აღმოჩნდა ერთადერთი არგუმენტი ინტერესებისა და პოზიციის გასატანად. თან ეს პოზიციები ხალხისთვის სასარგებლო არ არის”.
XS
SM
MD
LG