Accessibility links

გაეროს განიარაღების ინსპექტორების ანგარიშიც ერაყის წინააღმდეგ ომის მზადებაზე ასხამს წყალს


გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყმა დადგენილ ვადაში წარუდგინა ანგარიში თავისი არსენალის შესახებ – 12 ათასგვერდიანი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის შესახებ თავისი აზრი უშიშროების საბჭოს ჯერ არ გამოუთქვამს.

ხუთშაბათს უშიშროების საბჭოში ანგარიშის თაობაზე თავიანთი წინასწარი მოხსენება გააკეთეს გაეროს განიარაღების ინსპექტორების ხელმძღვანელებმა. ჰანს ბლიქსმა და მოჰამედ ელ ბარადეიმ საბჭოს წევრებს უთხრეს, რომ ისინი ელოდნენ მეტ კონკრეტულ ინფორმაციას ბაღდადის ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული პროგრამების შესახებ. ისე, რომ ეს ანგარიში, მათი აზრით, მთლიანად ვერ აქარწყლებს ეჭვს, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება ჰქონდეს. მაინც, რას ემართლებიან ერაყს?

მეტი სიცხადისთვის წინასწარ გეტყვით, რომ საბჭოში ინსპექტორების გამოსვლა არ ეხებოდა საკუთრივ ერაყში წარმოებულ შემოწმებას. ჰანს ბლიქსი გაეროს მეთვალყურეობის, შესწავლის და შემოწმების კომისიის ხელმძღვანელია. მისი თანამომხსენებელი, მოჰამედ ელ ბარადეი კი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორად მუშაობს. მათ საბჭოს წინასწარი მონაცემები მიაწოდეს. გაისად, იანვარში, ერთიცა და მეორეც კიდევ ერთხელ, უფრო დეტალური ანალიზით წარდგება საბჭოს წინაშე.

ბარადეიმ საბჭოს სხდომის გარეთ ჟურნალისტებს უთხრა, ერაყისგან კიდევ უფრო ფართო თანამშრომლობას მოველით, რათა ბაღდადმა შეძლოს დაგვიმტკიცოს, რომ მართლაც არ აქვს იმგვარი იარაღი, ჩვენ რომ დავეძებთო. ეს მისთვისაც კარგი იქნება და ინსპექციასაც შეუმსუბუქებს საქმესო, განაცხადა ბარადეიმ.

ჰანს ბლიქსმა, იმის მაგალითად, რომ ანგარიში სრული არ არის, ციმბირის წყლულის წარმოებისა და მისი განადგურების მასალების უქონლობა წარმოადგინა. ბლიქსის თანახმად, ერაყი აცხადებს, რომ აღარ აწარმოებს ციმბირის წყლულის ბაქტერიებს და რომ გაანადგურა, რაც ჰქონდა, მაგრამ დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ მთლიანად გაანადგურა, არ წარმოაგინა. ბლიქსის თქმით, საბუთის უქონლობის ამგვარი პრობლემა კომისიას სხვა სფეროებშიც აქვს. ჩვენ შეგვიძლია ეს სფეროები გამოვიკვლიოთ და ამგვარად დავადგინოთ სიმართლე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ერაყს თვითონ, თავიდანვე რომ წარმოედგნა დამამტკიცებელი საბუთი ამ ანგარიშში.

ერაყი ამ დროს, თავის მხრივ, ასევე დამამტკიცებელ საბუთს სთხოვს ვაშინგტონს, რომელიც ერაყს ადანაშაულებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ანგარიში არასრულია. სადამ ჰუსეინის მთავარმა მრჩეველმა სამეცნიერო სფეროში, გენერალმა ალ საადიმ ბაღდადში, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ბრალდებაა და მეტი არაფერი, და რომ კონკრეტული დასტური ამ ბრალდებისა არავის წარმოუდგენია. ალ საადიმ თქვა, მხოლოდ პოლიტიკოსებისგან ისმის ეს ბრალდება, ჯერ ნდობით აღჭურვილ არც ერთ ინსპექტორს არ უთქვამს, რომ ჩვენს ანგარიშში უზუსტობებიაო.

ერაყის ანგარიშზე ფართო ფრონტით შეტევა წამოიწყო შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთის მხარდაჭერით. საბჭოში ბლიქსისა და ბარადეის გამოსვლას სახელმწიფო მდივნის და გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის ჯონ ნეგროპონტეს გამოსვლები მოჰყვა. პაუელი ერაყის მხრივ გაეროს რეზოლუციის სერიოზულ დარღვევაზე ლაპარაკობს. საბჭოს სხვა წევრებს, რუსეთსა და საფრანგეთს, მიაჩნიათ, რომ ერაყის ანგარიშის შეფასება საბჭოს საქმეა. თუმცა, გაეროში საფრანგეთის ელჩი ჟან მარკ დე ლა საბლიერი კრიტიკას შეუერთდა. რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ეჭვი, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდეს. ლავროვმაც განცხადა, რომ ერაყის მიმართ ბრალდებებს დამადასტურებელი საბუთი უნდა მოჰყვეს.

ერაყის ანგარიშის კრიტიკის ქარცეცხლში ინსპექტორები შეერთებული შტატების ზეწოლას განიცდიან. ჰანს ბლიქსს ახლა ერაყელი მეცნიერების გამოკითხვა სურს, რათა მეტი შეიტყოს მათგან. საამისო უფლებამოსილებას ინსპექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელს გაეროს ბოლო რეზოლუცია აძლევს.
XS
SM
MD
LG