Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი წლის ბიუჯეტი პოლიტიკურ ინტრიგებს ეწირება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ვარაუდი, რომელიც არაერთხელ გამოთქმულა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ზედმეტად პოლიტიზირების თაობაზე, გამართლდა. ”დიდი არჩევნების” წლებში, ქართული ბიუჯეტი, ტრადიციულად,

პოპულისტური ხდება და მას სხვადასხვა ”ფსევდოსოციალური” მუხლები ემატება.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალურად ორიენტირებულობაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, თავის მოტყუებაა, მაგრამ არანაკლები სიცრუეა ის მოწოდებები, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვების მიზნით გაისმის ხოლმე.

გასულ კვირაში უჩვეულოდ ცივ თბილისში მოახლოებული პოლიტიკური ბატალიების სიმხურვალე ძალუმად იგრძნობოდა. სახელისუფლო ფრაქციების უპრეცედენტო დემარში, ოპოზიციის სოციალური ლოზუნგები და გამძაფრებული ინტრიგები მომავალ წელს პოლიტიკური თერმომეტრის ”გადახურების” მომასწავებელია.

ყველაფრის მაპროვოცირებელი კი ”გაერთიანებული დემოკრატების ” ინიციატივა გახდა. ჟვანიას გუნდმა მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან გატოლების წინადადება წამოაყენა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების 115 ლარამდე გაზრდა მოითხოვა. ”დემოკრატების” კანონპროექტი ასევე გულისხმობს მინიმალური პენსიის 26 ლარამდე გაზრდას.

ხელფასების ზრდის იდეა დიდი ხანია არსებობს ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, თუმცა აქამდე ვერც ერთმა ძალამ მისი გახმოვანება და, რაც მთავარია, რეალიზება ვერ შეძლო. სხვათა შორის, ვერ შეძლეს ეს ვერც ამჟამინდელმა ”გაერთიანებულმა დემოკრატებმა”, როდესაც ისინი ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი შტოს უმრავლესობას წარმოადგენდნენ.

მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების იდეა, თავისთავად, კეთილშობილურია და, ალბათ, არ მოიძებნება საქართველოში ჭკუათამყოფელი ადამიანი, რომელიც შინაგანად არ მიესალმებოდეს ამ ინიციატივას. მაგრამ ერთია იდეა და მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - მისი რეალიზება. ”დემოკრატების” ინიციატივას არ შეიძლებოდა, მოახლოებული არჩევნების ფონზე, რომელიმე პოლიტიკური ფრთის, მით უმეტეს, ოპოზიციის ღია პროტესტი გამოეწვია - ეს მეტისმეტად გამაღიზიანებელი და წამგებიანი იქნებოდა ელექტორატის თვალში. შესაბამისად, სახელისუფლებო პარტიებს, რომელთაც, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საბოლოოდ, თავად მოუწევთ ამ ინიციატივის შესრულებაზე პასუხისმგებლობა, მეტი აღარაფერი დარჩენოდათ, თუ არა ხმაურიანი და სრულიად უსუსური დემარში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა სერიოზულ კრიზისს განიცდის, რეზერვი, ბუნებრივია, არსებობს და ეს რეზერვი ხელფასების უფრო მეტი მატების საშუალებასაც იძლევა, მაგრამ ამ რეზერვის ამოქმედება ხელისუფლებამ საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის მანძილზე ვერ ან არ შეძლო. შესაბამისად, თავის მოტყუებაა იმაზე ფიქრი, რომ 2003 წელს ყველაფერი ისე წარიმართება, რომ ყველა დანაპირები ასრულდება: კორუფცია შემცირდება, კონტრაბანდა აღიკვეთება და გადასახადების ადმინისტრირების დონე ერთიორად გაიზრდება. შესაბამისად, ”გაერთაინებული დემოკრატების” ორ გვერდზე ჩამოყალიბებული გათვლები უპასუხისმგებლო მთავრობის ხელში აპრიორი განწირულია შეუსრულებლობისათვის და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამაში ეჭვი არავის, მათ შორის, ინიციატივის ავტორებსაც არ ეპარებათ.

საკანონმდებლო ხელისუფლებაში გასულ კვირაში განვითარებულმა ხმაურიანმა მოვლენებმა ცხადი გახადა, რომ 1 იანვრამდე პარლამენტმა არათუ სახელმწიფო ბიუჯეტის მიღება, მისი განხილვაც, შესაძლოა, ვერ მოასწროს. თუმცა ამაში ახალი არაფერია, ეს მრავალგზის ყოფილა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში და, ხელისუფლების აზრით, დიდი არაფერი დაშავდება, თუ 2003 წელს საქართველო 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის გარეშე შეხვდება. საქართველოში დიდი ხანია საბიუჯეტო ქაოსია და ამგვარ პირობებთან ხელისუფლება უკვე ადაპტირებულია.

მანამდე კი ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ხელისუფლებაში შეტანილი კანონის პროექტი უკან გაითხოვა გადასამუშავებლად. ანუ ფრაქციები და კომიტეტები აქამდე განიხილავდნენ იმ ბიუჯეტის პროექტს, რომელიც, იმთავითვე იცოდნენ, რომ, სხვადასხვა მიზეზების გამო, უნდა შეცვლილიყო. მასში შეტანილი ცვლილებები, ძირითადად, სპეცსახსრების გაზრდასა და ეკონომიკურ მუხლებს შორის თანხების გადანაწილებას შეეხება; ამასთან, ხელახლა შემოტანილი ვარიანტი რამდენიმე ათეულით აღემატება წინა ვარიანტს. კანონმდებლებს, ბიუჯეტთან ერთად, აუცილებლად მისაღები აქვთ კანონმდებლობის პაკეტი, რაც რიგ საგადასახადო ცვლილებებს გულისხმობს. სხვათა შორის, ეს ცვლილებები მიღებამდე უკვე ასახულია ბიუჯეტის პროექტში.

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კორექტირებული დოკუმენტის თანახმად, 2003 წლის ბოლოსთვის მშპ-ს ზრდა შეადგენს 5%-ს, ნომინალურ გამოსახულებაში მშპ 7 მლრდ 989 მლნ ლარს გაუტოლდება. წლიური ინფლაციის დონე დაფიქსირებულია 4%-ის დონეზე.
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მიმართება მშპ-თან, დაახლოებით, 17,5%-ს შეადგენს, ხარჯვითი ნაწილი - 19,2%-ს.
გოგიაშვილი აღნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი გამოირჩევა საგარეო დაფინანსების ნაკლები წილითა და მეტი საგადასახადო შემოსავლებით.

2003 წლის ცენტრალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 114 მლნ ლარით აღემატება 2002 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებს, ხოლო სახბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მოცულობა - 180 მლნ ლარით. ხოლო თუ ”დემოკრატების” ინიციატივა დამტკიცდა, მას მინიმუმ 100 მილიონი ლარის დამატება მოუწევს. ასე რომ, ბიუჯეტი 2003 განწირულია ხანგრძლივი დებატებისა და პოლიტიკური პოპულიზმისათვის.

ეკონომიკური რეფორმების თანმიმდევრულად გატარებისა და საგადასახადო ბაზის გაფართოების გარეშე, რაც ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებასთან და კორუფციის მოთოკვასთან არის დაკავშირებული, რასაც, თავის მხრივ, სერიოზული პოლიტიკური ნება სჭირდება, რაც ამ მთავრობას აშკარად არ გააჩნია, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ნახტომისებური ზრდა ელემენტარული პოპულიზმია. თუმცა ეს სენი არახალია ქართული ხელისუფლებისათვის, რომელიც ყოველი მომდევნო არჩევნების წინ ამომრჩეველს ხან მილიონ სამუშაო ადგილს, ხან ”ენერგეტიკულ სამოთხეს” და ხანაც მინიმალური ხელფასის გაათმაგებას ჰპირდება.
XS
SM
MD
LG