Accessibility links

logo-print

პუტინის საგარეო პოლიტიკა 2002 წელს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 2002 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო პოლიტიკის სფეროში რამდენიმე წარმატება ჩაიწერა თავის აქტივში. მოსკოვმა და ვაშინგტონმა ბირთვული შეიარაღების თაობაზე

ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი; ნატოსთან ახალი ერთობლივი კომისია შეიქმნა.

ამაგრებს რა დასავლეთთან კავშირებს, პუტინი არც ამერიკის მოწინააღმდეგეებს - ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეასა და ერაყს ივიწყებს. ყოველივე ეს მიზნად ისახავს გლობალურ პოლიტიკაში რუსეთისთვის გავლენის დაბრუნებას.

დასავლეთთან უთანხმოების მთავარ წყაროდ ჩეჩნეთი რჩება. თუ რამდენად ღრმად არის პუტინი პირადად დაკავებული ამ პროლემით, ყველაზე თვალსაჩინოდ გამოჩნდა გასულ თვეში ბრიუსელში, ევროპის კავშირისა და რუსეთის სამიტზე, როცა მან უხეშად მოიცილა თავიდან კორესპენდენტი, რომელმაც დაუსვა კითხვა მსხვერპლის შესახებ ჩეჩნეთის მშვიდობიან მოსახლეობაში.

პრეზიდენტმა ჩეჩენი მეამბოხეები მოიხსენია, როგორც ისლამური საფრთხე მსოფლიო ცივილიზაციისთვის.
[პუტინის ხმა] "რუსეთის ფედერაციის ტეროიტორიაზე ხალიფატის შექმნა რელიგიური ექსტრემისტებისა და საერთაშორისო ტერორისტების გეგმების მხოლოდ ერთი ნაწილია. ფაქტობრივად, თუ თქვენ თვალს ადევნებთ სიტუაციას, ნამდვილად უნდა იცოდეთ, რომ რადიკალებს უფრო შორეული მიზნები აქვთ – ისინი მსოფლიო ხალიფატის შექმნასა და ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების განადგურებაზე ლაპარაკობენ".

პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების სფეროში და ამერიკის კერძო ორგანიზაცია "ჩეჩნეთში მშვიდობის კომიტეტის" თანათავმჯდომარე ზბიგნევ ბზეჟინსკი ამბობს, რომ რუსეთი მოხერხებულად ცდილობს როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპის ქვეყნების გულის მოგებას – ერთი მხრივ მხარს უჭერს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელსაც ამერიკა უძღვება, მეორე მხრივ ევროპის კავშირთან ერთად ვაშინგტონის უნილატერალიზმს აკრიტიკებს.

მაგრამ პუტინის უხეშმა ქმედებამ ბრიუსელში ჩეჩნეთის საკითხში, ნამდვილად ავნო მის იმიჯს, ამბობს ბზეჟინსკი. ამასთან აღნიშნავს, რომ პუტინი აშკარად ცდილობს გამოაცალკევოს ჩეჩნეთი მისი საგარეო პოლიტიკის სფეროდან და შეამციროს მისი მნიშვნელობა დასავლეთთან ურთიერთობებში.

საშინაო პოლიტიკაში კი პრეზიდენტის მკაცრ პოზიციას მისთვის მხოლოდ დივიდენდები მოაქვს. მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პუტინის რეიტინგმა 83 პროცენტს მიაღწია.

მოსკოვის გლობალიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ბორის კაგარლიცკი თვლის, რომ ჩეჩნეთის პრობლემის ანტიტერორისტული კამპანიის ნაწილად წარმოდგენა საშინაო პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა, ვინაიდან სახელმწიფოს გარეშე მტერი სჭირდება. ამასთან კაგარლიცკი აღნიშნავს, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი იზაიარებენ აზრს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში გარდაუვალია. მხოლოდ დასავლეთი ევროპა არ იღებს ამ არგუმენტს და უქმნის პუტინს საგარეო პოლიტიკის სფეროში მთავარ პრობლემას – ჩეჩნეთს.

კიდევ ერთი პრობლემა ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის, რომელიც ცოტად თუ ბევრად მოგვარდა, იყო კალინინგრადის ოლქიდან საკუთრივ რუსეთში უვიზოდ მგზავრობა, მას შემდეგ ამ ოლქს 2004 წლის შემდეგ ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები – ლიტვა და პოლონეთი დაესაზღვრება. ვიზას სახელი შეუცვალეს და "დამხმარე სამგზავრო დოკუმენტი" დაარქვეს.

საგარეო პოლიტიკას მიეკუთვნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობაც. დეკემბერში რუსეთმა ყირგიზეთში ჯარები და საბრძოლო თვითმფრინავები განათავსა. როგორც ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, მოსკოვი შუა აზიაში გავლენის დაბრუნებასა და რეგიონში შეერთებული შტატების პერსონალთან დაპირისპირებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG