Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესა გასულ კვირაში თემების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა – ევროპის ქვეყნებისა


დასავლეთის პრესა გასულ კვირაში თემების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა – ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების წამყვანი გაზეთების ფურცლებზე გაშუქებული იყო ერაყთან

დაკავშირებული საკითხები, ვაშინგტონის გეგმა, 2004 წლამდე აამოქმედოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კორეაში, სიახლეები გაეროს სამხედრო ტრიბუნალიდან, ჩეჩნეთის კონფლიქტი, ქალთა მდგომარეობა ავღანეთში. მაგრამ კვირის ბოლოს ერთი მთავარი თემა გამოიკვეთა – ეს არის კრიტიკა განიარაღების შესახებ ერაყის დეკლარაციის მისამართით. დღევანდელ მიმოხილვას სწორედ ამ საკითხით დავიწყებთ.
საფრანგეთში გამომავალი კონსერვატიული “ფიგარო” 20 დეკემბრის ნოემბრში გამოეხმაურა წინა საღამოს გავრცელებულ ცნობებს, რომელთა თანახმად ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა ხელმძღვანელი, ჰანს ბლიქსი და დასავლეთის ლიდერები არასრულყოფილად და გაეროს მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ ერაყის დეკლარაციას სამხედრო არსენალის შესახებ. ფიგაროში ვკითხულობთ:

“ერაყის 12-ათასგვერდიანი დეკლარაცია არ შეიცავს ინფორმაციას, რომელსაც მოელოდნენ – ეს ეხება, პირველ რიგში, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს. ვაშინგტონი, ლონდონი და პარიზი ამ საკითხში ერთი აზრისა არიან. შეერთებული შტატების, მთლიანობაში, ზომიერი რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოსალოდნელია, რომ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც მშვიდად ჩაივლის მოახლოებული დღესასწაულები.ხოლო მომდევნო საყურადღებო თარიღია იანვრის ბოლო, როცა გაეროს განიარაღების ექსპერტები საანგარიშო მოხსენებას წარუდგენენ გაეროს უშიშროების საბჭოს. მანამდე პენტაგონის გენერლებს უკვე განთავსებული ეყოლებათ ჯარები ერაყის გარშემო და მზად იქნებიან იერიშზე გადასასვლელად. სულ რამდენიმე კვირაში უკვე მეტისმეტად დაცხება უდაბნოში თანამედროვე ომის საწარმოებლად. ასე რომ, გადამწყვეტი მომენტის მოწმე, სავარაუდოდ, 5-6 კვირაში გავხდებით”.

ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომისათვის მზადებას ეხება მიუნხენში გამომავალი “ზიუდდოიჩე ციტუნგიც”:

“ომი, თითქოს, გარდაუვალი ჩანს – ისევე გარდაუვალი, როგორიც იყო ამერიკელებისა და ბრიტანელების ამჟამინდელი კრიტიკა შეიარაღების შესახებ ერაყელების საანგარიშო მოხსენების მიმართ. როგორც ჩანს, სადამ ჰუსეინმა კიდევ ერთხელ სცადა გაეროს მოტყუება. ოღონდ ეს მისი უკანასკნელი მანევრი აღმოჩნდება, ვინაიდან მისთვის სასიკვდილო შედეგით დამთავრდება. მაგრამ სადამ ჰუსეინს სიმართლეც რომ ეთქვა, მას შეერთებული შტატები, ალბათ, არ დაუჯერებოდა. მეტოქესთან დაპირისპირება მეტისმეტად არის გამწვავებული საიმისოდ, რომ ასე უცებ განიმუხტოს.”

ასევე გერმანაში გამომავალი გაზეთი “შტუტგარტერ ნახრიხტენი” ყურადღებას ამახვილებს დასავლეთის პასუხისმგებლობაზე:

“შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის ზოგიერთ სხვა ქვეყანას პასუხისმგებლობის დიდი წილი ეკისრება, თუ ბაღდადელი დიქტატორი დღეს მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს. ... “ჩვენივე ხელით შეიქმნა ურჩხულიო?” – ასეთ შეკითხვას სვამენ შეერთებულ შტატებში. შექმნით იქნებ არ შეუქმნიათ, მაგრამ კვებავდნენ და აქეზებდნენ”.

იტალიის ყოველდღიური “ლა სტამპა” მაინც გვიტოვებს ერაყთან დაპირისპირების განმუხტვის იმედს:

“ამ ეტაპზე, ომის თავიდან აცილების ერთადერთი იმედი ბჟუტავს და მისი ბედი სადამ ჰუსეინის ხელშია. თუ სადამი მიხვდება, რომ ამერიკელების მზადყოფნა გადამჭრელი ზომებისათვის, ადგილს არ უტოვებს თავის დაძვრენისა თუ საკითხის გაჭიანურების მცდელობებს, ის შესაძლოა გადადგეს, რათა თავიდან ააცილოს ტრაგედია ერაყსა და მის ხალხს. სადამ ჰუსეინის წარსული ასეთ გამოსავალს გამორიცხავს, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, ომის ერთადერთი ალტერნატივაა.”

90-იანი წლების დასაწყისში ომის ალტერნატივა ვერ გამოინახა მაშინდელ იუგოსლავიაში. ამჟამად გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებულის სკამზე ზის ბოსნიელ სერბთა ყოფილი პრეზიდენტი ბილიანა პლავშიჩი – სერბების ერთადერთი ლიდერი, რომელმაც კონფლიქტში თავისი დანაშაული აღიარა. სამშაბათს ბრალმდებლებმა მისი 15იდან 25თ წლამდე პატიმრობით დასჯა მოითხოვეს. აი, რას წერს პლავშიჩის პროცესის შესახებ “ზიუდდოიჩე ცაიტუნგის” კომენტატორი, შტეფან ულრიხი.

“ბევრი სერბის თვალში პლავშიჩი მოღალატეა, არადა მას არასოდეს გაუწევია თავისი ხალხისთვის ისეთი დიდი სამსახური, როგორც ჰააგაში გაკეთებული აღსარებით გაუწია. “მე ყველაზე რადიკალური ვიყავი, როცა ომი მძვინვარებდაო”, ნათქვამი აქვს ადრე ბილიანა პლავშიჩს. ახლა კი, როცა ბალკანეთში მშვიდობა ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, ის რადიკალურად საწინაღამდეგო კურსს ადგება - სინანულს გამოთქვამს და ომის სხვა მოთავეებსაც მოუწოდებს გეზის შეცვლისაკენ.”

მიმოხილვის ბოლოს კიდევ ერთ, ოღონდ ამჟამად მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებულ თემას შევეხებით. როგორც “ვაშინგტონ პოსტი” 18 დეკემბრის ნომერში წერს, მოსკოვში მძევალთა კრიზისის შემდეგ რუსეთმა გაზარდა ჩეჩნეთში ე.წ. “წმენდებისა” და სხვა სამხედრო ოპერაციების მასშტაბი. მეტიც, განაგრძობს გაზეთი, სუსხიანი ამინდის მიუხედავად ინგუშეთში მდებარე ბანაკებიდან აძევებენ ათასობით ჩეჩენ ლტოლვილს. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

“საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებით, ინგუშეთში იმყოფება დაახლოებით 110 ათასი ჩეჩენი ლტოლვილი, რომელთაგან 18-დან 20 ათასამდე ადამიანი თავს აფარებს კარვების ბანაკებს. ბატონ პუტინს სურს, მათ წასვლა აიძულოს, რათა შექმნას ჩეჩნეთში ნორმალიზაციის ილუზია. მაგრამ რაც არ უნდა ეცადოს მოსკოვი განსხვავებული აზრის მტკიცებას, ფაქტია, რომ ომი ჩეჩნეთში არ დამთავრებულა და ლტოლვილების უმრავლესობას ბანაკების საცოდაობა ურჩევნია საფრთხეს, რომელიც მათს ნანგევებად ქცეულ სამშობლოში გამეფებულა”.
XS
SM
MD
LG