Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიაჩნიათ დემოკრატიად ქალთა ორგანიზაციებს საქართველოში


ბოლო დროს ქართულ მედიაში ძალიან გახშირდა ქალებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების გაშუქება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში გაიზარდა.

თუმცა ქალების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ძალადობა ქალთა მიმართ – იქნება ეს ოჯახში თუ საზოგადოებაში - არ არის ყველაზე აქტუალური საკითხი საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის სფეროში. ისინი დღეს უპირველეს პრობლემად თავიანთ უფლებებში ქალების გაუთვითცნობიერებლობას და ქვეყნის ხელისუფლებაში მათ სიმცირეს მიიჩნევენ.

საერთაშორისო ორგანიზაციები - მათ შორის, გაერო და ევროორგანიზაცია - სხვა საქმიანობის პარალელურად შეისწავლიან წევრი ქვეყნების მდგომარეობას, ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მათი რეკომენდაციები, ძირითადად, საერთო სურათიდან გამომდინარეობს და ზოგადი ხასიათისაა. ამდენად, ცალკეულ ქვეყნებზე - მათ შორის, საქართველოზე - მათი პირდაპირი მორგება გარკვეულ უხერხულობასაც ქმნის ხოლმე. ერთ-ერთ ასეთ უხერხულ საკითხად შეიძლება ოჯახური ძალადობის თემა ჩაითვალოს. ასეთი სახის დისკრიმინაციას ქალთა მიმართ, რა თქმა უნდა, საქართველოშიც აქვს ადგილი, მაგრამ ხათუნა სანიკიძე, რომელიც წარმომადგენელია არასამთავრობო ორგანიზაციისა “ქალები მომავლისათვის,” ფიქრობს, რომ ამ პრობლემის პრიორიტეტულად მიჩნევა ხელოვნურად ჟღერს და უფრო “მოდურ” საკითხად მოჩანს, ვიდრე აქტუალურად.
ხათუნა სანიკიძე დასძენს:

[სანიკიძის ხმა]
“გასაგებია, რომ ცუდია ნებისმიერი ძალადობა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ თვითონ ოჯახური ძალადობა როგორც მოიაზრება, რომ ჩვენთან ამაზე კეთდება მუდმივი აქცენტი, რომ ქალებს სცემენ, ჩაგრავენ და ა.შ. ქალები იჩაგრებიან ისევე, როგორც კაცები იჩაგრებიან და არის პრობლემა ზოგადი, ძალიან ზოგადი, ამიტომ საქართველო რომ აზიური ქვეყანა არის, ამაში ვერ დაგეთანხმებით იმიტომ, რომ უფრო მეტი პრობლემები არის ევროპაში და კიდევ უფრო მეტი პრობლემები არის ამერიკულ საზოგადოებაში და ერთადერთი ქვეყანა კი არა, ქვეყანაც არა – შტატი, ეს არის კალიფორნიის შტატი, სადაც არის კანონმდებლობა ოჯახურ ძალადობაზე და ეს არის ქმედითი სახით”.[სტილი დაცულია]

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ქალები შეადგენენ. ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სრულიად დისჰარმონიული და ხელოვნური სურათია შექმნილი საქართველოს ხელისუფლებაში, სადაც ქალები ანგარიშგასაწევ უმცირესობასაც კი არ წარმოადგენენ. ამის მიზეზად ისინი არამც და არამც არ მიიჩნევენ მამაკაცებს, არამედ სისტემას, რომელმაც განაპირობა ქალთა სიმცირე ხელისუფლებაში. “მარტოხელა მშობელთა ასოციაციის” წარმომადგენელი მაია კუპრავა-შარაშიძე არსებითად მიიჩნევს ქალთა არაინფორმირებულობას, რაც, თავისთავად, არჩევანის უფლებას ართმევს ქალსაც და მამაკაცსაც.

[კუპრავა-შარაშიძის ხმა]
“მე ვთვლი, რომ საქართველოში პრობლემა არის ის, რომ ადამიანებმა და, მათ შორის, ქალებმა არ იციან თავიანთი უფლებები. გავაგებინოთ მათ თავიანთი უფლებები, ამის შემდეგ მათ გადაწყვიტონ, როგორ უნდათ იცხოვრონ. ეს არის არჩევანის უფლება – ადამიანის უფლებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ის, უნდა, ჰარამხანაში იქნება ოთხას ქალთან ერთად და იქნება ბედნიერი, უნდა, მარტო იქნება მეუღლესთან ერთად და არ იქნება ბედნიერი. ეს მისი გადაწყვეტილებაა და პატივი უნდა ვცეთ, ის რას ამოირჩევს. ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობას ვებრძოლოთ და ყველა გამოვიყვანოთ სამზარეულოდან და ყველას ვუთხრათ, რომ არა, შენ აქ კი არ უნდა იყო, უნდა გახვიდე, გარეთ უნდა იყო და საზოგადოებას ემსახურო. მე სადაც მინდა, იქ უნდა ვიყო. ეს არის ჩემი არჩევანის უფლება”.[სტილი დაცულია]

ქალების საკუთარ უფლებებში გაუთვითცნობიერებლობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში, მათ შორის, აჭარაში. სოფიკო ლაკია ევროორგანიზაციის ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობს და კარგად იცნობს აჭარის რეგიონში არსებულ პრობლემებს. ის ყველაზე აქტუალურად ოჯახურ ძალადობას მიიჩნევს და ფიქრობს, რომ აჭარის რეგიონი, ამ მხრივ, გამორჩეული არ არის. ჩემთან საუბრისას სოფიკო ლაკიამ აღნიშნა, რომ არაინფორმირებულობის გამო ქალები ვერც კი აცნობიერებენ, რომ მსხვერპლის როლში იმყოფებიან:

[ლაკიას ხმა]
“ყოფილა ხშირი შემთხვევები, როცა ამ საკითხზე საუბრის დაწყებისას მათ გამოუთქვამთ აზრი, რომ ისინი არ თვლიან თავს ძალადობის მსხვერპლად, მაგრამ, როცა უკვე შემდგომი საქმიანობის დროს მათთვის ნათელი ხდებოდა თვით სიტყვა “ძალადობის” არსი, უკვე შეიმჩნეოდა როგორ ერთვებოდნენ ისინი დისკუსიაში და როგორ ყვებოდნენ ამა თუ იმ ისტორიას, საკუთარს ან ახლობლების შესახებ, სადაც აშაკარა იყო ძალადობის ფაქტი ამა თუ იმ სიტუაციაში”.

ქალების სიმცირე ხელისუფლებაში, ბუნებრივია, გამოწვეულია თავად ხელისუფლებაში მოსვლისთვის მებრძოლი პარტიების შიდა პოლიტიკით. ისინი არ არიან ორიენტირებულნი ქალებზე, თუმცა, როგორც ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ტენდენცია იცვლება და ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ თავის წესდებაში ე.წ. გენდერული მგრძნობელობის შესატანად უკვე მიმართა კიდეც ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსულტაციებისთვის. არავინ იცის, პარტია ასეთ ნაბიჯს რეალური საქმის კეთების, საღი აზრის თუ საარჩევნო მარკეტინგის საფუძველზე დგამს, მაგრამ ეს ნაბიჯი რომ დემოკრატიის პრინციპებს შეესაბამება, უდავოა. მაია კუპრავა-შარაშიძე აცხადებს:

[კუპრავა-შარაშიძის ხმა]
“სადაც არ არის თანასწორობა და ორივე ადამიანი არ წყვეტს პრობლემას, იქ არასდროს არ არის დემოკრატია. წარმოუდგენელია! როგორ შეიძლება: 53 პროცენტია საქართველოს მოსახლეობისა ქალი და მისი ინტერესი არ იყოს გათვალისწინებული. აბსოლუტურად იგნორირებულია ქვეყნის 53 პროცენტის ინტერესი, იმიტომ რომ 53 პროცენტის ინტერესს ვერ გაატარებს ის 47 პროცენტი მამაკაცებისა, რომლებიც სხედან, ვთქვათ, გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG