Accessibility links

logo-print

საპარლამენტო კრიზისი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ამ კვირის პრესაში.


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საპარლამენტო კრიზისი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ამ კვირის პრესაში. 20 დეკემბრის “მთავარი გაზეთის” თქმით, “პარლამენტში მორიგი სკანდალი გორდება. გუშინ პლენარული სხდომა დატოვა ყველა სახელისუფლებო ფრაქციამ,

სოციალისტების ჩათვლით. ამ დემარშმა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კვალიფიკაცია მიიღო ოპოზიციის მხრიდან. დემარშის სკანდალურობას ამწვავებს ისიც, რომ სახელისუფლებო ძალები პარლამენტს პროტესტს უცხადებენ 2003 წლის ბიუჯეტის განხილვის წინა დღეს”.

გაზეთი წერს: “არსებობს რამდენიმე ვერსია, რომელიც პარლამენტში ამ დემარშამდე კარგა ხნით ადრე მუსირებდა. კერძოდ, თავად პარლამენტის თავმჯდომარეს არაერთხელ უთქვამს, რომ აშკარად შეინიშნება პარლამენტის დისკრედიტაციის მცდელობა. ამ ცოტა ხნის წინ “გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენელმა ვასილ მაღლაფერიძემ ეს უფრო დააკონკრეტა და განაცხადა, რომ პოლიტიკური შეკვეთის ავტორი სახელმწიფო კანცელარიაში ზის და პარლამენტის დისკრედიტაციის მცდელობა მისი გაუქმების მიზანს ემსახურება.

ხელისუფლების მიმართ მსგავსი ბრალდებები გუშინაც გაისმა. ნინო ბურჯანაძემ დემარშისტები მის დაშანტაჟებაში დაადანაშაულა. პარლამენტის კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ დაინტერესებული პირები ნინო ბურჯანაძეს შეგნებულად “უგდებენ” მუშაობას”.

“მთავარი გაზეთი” აღნიშნავს: “ნინო ბურჯანაძემ არაერთხელ უსაყვედურა ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” ლიდერ ვიტალი ხაზარაძეს, რომ მისი ფრაქციის წევრები სხდომებს არ ესწრებიან, რაც ხშირად პლენარული სხდომის ჩაშლას იწვევს.

რა კამპანია წამოიწყეს სახელისუფლებო ძალებმა, ამას მოვლენების განვითარება ცხადყოფს. ფაქტია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა და ოპოზიციის ბრძოლა, მით უმეტეს, პოლიტიკურად ისეთ ცხელ პერიოდში, როდესაც ახალი არჩევნები კარზეა მომდგარი, გადამწყვეტ ფაზაში შედის. პარლამენტის თავმჯდომარემ ვიტალი ხაზარაძეს განუცხადა, რომ მის დაკრულზე ცეკვას არ აპირებს”.

19 დეკემბრის გაზეთი “24 საათი” წერს, რომ ერთადერთი დეპუტატი, ვინც ღიად დაუპირისპირდა “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივას მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ, ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარე ვიტალი ხაზარაძე იყო. გაზეთის თქმით, “ხაზარაძის კოლეგამ კობა ამირხანაშვილმა მას არცთუ სახარბიელო პოლიტიკური მომავალი უწინასწარმეტყველა, როცა განუცხადა: ”ყველამ იცის, რომ ამ პარლამენტში შენ ხარ დღევანდელი ხელისუფლების ჭირისუფალი, მაგრამ ჩემო ვიტალი, იმისკენ ნუ მიგყავს საქმე, როცა ცხედარს ჭირისუფალსაც უკან მიაყოლებენ ხოლმე”.

გაზეთის ინფორმაციით, “თავდაპირველად, როდესაც “დემოკრატებმა” მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებაზე დაიწყეს ლაპარაკი, ბევრმა ჩათვალა, რომ ეს იყო წმინდა წყლის პოპულიზმი და მის უკან არანაირი ეკონომიკური გათვლა არ იდგა. თუმცა, გიორგი ბარამიძის მიერ გუშინ წარმოდგენილი კანონპროექტის შემდეგ ზოგიერთმა დეპუტატმა (მათ შორის, ხელისუფლების მხარდამჭერებმა) შეხედულება შეიცვალეს – განმარტებით ბარათში მითითებულია ის რეზერვები, საიდანაც უნდა მოხდეს ხელფასის გაზრდისთვის აუცილებელი თანხის მობილიზება; აგრეთვე, მინიშნებულია იმ სოციალური ეფექტის თაობაზეც, რომელიც მინიმალური ხელფასის გაზრდას ახლავს თან.
“დემოკრატების” ინიციატივის ადგილიდან დაძვრას ( ანუ იმას, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობა 115 ლარი გახდეს) 150 მილიონი ლარი სჭირდება. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კანონის ამოქმედება 2003 წლის მაისიდან არის ნავარაუდევი, მომავალი წლისთვის დამატებითი ხარჯების მხოლოდ ორი მესამედი, ე.ი. 100 მილიონი ლარი უნდა იქნას დამატებით მობილიზებული.
საიდან ეს თანხა? – ყველაზე ხშირად სწორედ ეს შეკითხვა გაისმოდა ბარამიძის მისამართით. თავის მხრივ, ”გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერს შესაბამისი წყაროების მოძებნა სულაც არ მიაჩნია დიდ პრობლემად. მეტიც, მისი გათვლებით, თუ ეს წყაროები კარგად იქნება გამოყენებული, არათუ 100 მილიონის, არამედ 350-400 მილიონი ლარის ბიუჯეტში მობილიზება პრობლემა არ უნდა იყოს”.

შემდეგ “24 საათი” წერს, რომ “გარდა ამისა, ბარამიძე “რეზერვის რეზერვად” ასახელებს კონტრაბანდას და ეკონომიკაში არსებულ ჩრდილოვან ნაწილს, რომლის შემცირებასაც ხელისუფლება მომავალ წელს საერთოდ არ გეგმავს”.

“ამასთან, ბარამიძე ირწმუნება, რომ, მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის შემთხვევაში, ამჟამად არსებული 14-ლარიანი პენსია გაიზრდება 26 ლარამდე, სამედიცინო პროგრამების დაფინანსება – 15 მილიონი ლარით, ხოლო დასაქმების პროგრამებისთვის მიმართული სახსრები – 4 მილიონი ლარით”.

გაზეთი შენიშნავს, რომ “პროსახელისუფლებო ფრაქციების მდუმარე კოლონიდან ერთადერთი აქტიური პერსონა ვიტალი ხაზარაძე “დემოკრატების” მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს “აბსურდულს” უწოდებს და, თავის მხრივ, მოსახლეობას ჰპიდება, რომ მომავალ წელს ხელისუფლება მინიმალურ ხელფასს 20-დან 35 ლარამდე გაზრდის. თუმცა ამ განცხადებით იგი მხოლოდ იმას გამორჩა, რომ მის გამოსვლას ბარამიძემ “პოლიტიკურად უზნეო” უწოდა, ხოლო კობა ამირხანაშვილს ზემოთ მოყვანილი ციტატა დასტყუა”.


21 დეკემბრის “დილის გაზეთი” წერს, რომ “პარლამენტში პარასკევის სესიისთვის ვნებათაღელვა მოსალოდენლი იყო, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც გუშინ მოხდა. ყველაფერი “ახალი დემოკრატების”, უფრო სწორად, “ვიტალისტების” (კოტე კემულარიამ ასე მონათლა ისინი) პროტესტმა აურდაურია.

დილიდანვე გამოიკვეთა, რომ ბიუჯეტი არმოსასმენად უფრო იყო განწირული, ვიდრე ჩასავარდნად. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ ეს შოუ პრეზიდენტის წისქვილზე ასხამდა წყალს იმ კუთხით, რომ ჯორბენაძის და გოგიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად ხელისუფალს საუკეთესო მიზეზი ექნებოდა. დაწუნებულ ბიუჯეტს არგანხილული ბიუჯეტი სჯობია, ამიტომ მეორენი ამტკიცებდნენ, ხაზარაძე კანცელარიის დაკვეთას ასრულებსო (სხვათა შორის, კანცელარიის ხსენებისას, ბურჯანაძეც ჯორბენაძეს გულისხმობდა). “ნაციონალებმა” კი მოგვიანებით სულ სხვა ვერსია შემოიტანეს, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ.

ასეა თუ ისე, ხელისუფლება გუშინდელი დღით მომგებიან პოზიციაში ვერაფრით დარჩა და ყველა შემთხვევაში ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდა. მერე რა, რომ 5-მა სახელისუფლებო ფრაქციამ სხდომა დემარშით დატოვა. სად იყო დანარჩენი 105 დეპუტატი? პრინციპში, პარლამენტს გულით რომ მოენდომებინა ბიუჯეტის განხილვა (თუ ძველი დემარშისტები და, საერთოდ, უდემარშოებიც შეიკრიბებოდნენ), კვორუმი შედგებოდა და, ჩეულებრივ, ვიტალი ხაზარაძისა და “ვიტალისტების” გარეშე ჩაივლიდა. ოთხ საათამდე ფრაქციების თავმჯდომარეებმა პასუხისმგებლობა აიღეს, რომ კოლეგებს თავს მოუყრიდნენ, მაგრამ ამაოდ”.

“საბოლოოდ, საშემოდგომო სესია უჰიმნოდ დაიხურა. პარლამენტმა არა მარტო ბიუჯეტის შესახებ, არამედ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებაც ვერ იმსჯელა”.

“დილის გაზეთის” თქმით, “უკვე ნათელია, რომ პრეზიდენტი მომავალ კვირაში საგანგებო სხდომას მოიწვევს”. მანამდე კი ვიტალი ხაზარაძე ნინო ბურჯანაძეს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, იგი სამი დღის განმავლობაში სთხოვდა სპიკერატს, რომ არ დაერღვია კონსტიტუციური უფლება პრეზიდენტის მიერ შემოტანილი კანონპროექტის რიგგარეშე განხილვასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება “ნაციონალების” ვერსიას. კოტე კემულარიას თქმით, “ის კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც მოითხოვდნენ ”ვიტალისტები” (მშენებლობისა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანების შესახებ), ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერესებშია”. “არადა, კანონი რახანია აქ დევს და თავი არავის მოუკლავს განხილვითო”.

21 დეკემბრის გაზეთი “24 საათი” წერს, რომ “პროსამთავრობო ფრაქციების დემარშით 19 დეკემბერს დაწყებული საპარლამენტო კრიზისი გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ის შეიძლება სახელისუფლებო კრიზისში გადაიზარდოს და იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი შეგნებულად იქნება დისკრედიტირებული და ბლოკირებული – პროცესები უკვე ქუჩაში განვითარდეს”.

გაზეთის თქმით, “სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე გაირკვევა, რასთან გვქონდა ამ დღეებში საქმე – ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ხუშტურებთან, მცირემასშტაბიან ინტრიგებთან, თუ სერიოზული კონფრონტაციის საწყის სტადიასთან, რომლის გაღრმავებასაც, არავინ იცის, რა მოჰყვება”.
XS
SM
MD
LG