Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭომ ქვეყანაში შექმნილი კრიმინალური მდგომარეობის შესახებ იმსჯელა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 21 დეკემბერს საქართველოს უშიშროებისა და იუსტიციის საბჭოების გაფართოებული სხდომა ქვეყანაში შექმნილ კრიმინალურ მდგომარეობას დაეთმო. დახურული სხდომიდან გამოსული

ინფორმაციით თუ ვისმჯელებთ, ვითარება საკმაოდ რთულია. სამართალდამცავების მოხსენებები ადასტურებს, რომ ქვეყანაში 1992-95 წლების მოვლენების განვითარების შესაძლებლობა იზრდება.

უშიშროების მინისტრი სხდომაზე აცხადებს, რომ რეგიონებში ისევ იქმნება შეიარაღებული ჯგუფები, რომ საქართველოში კვლავ აღორძინდა ე.წ. საძმოების ტრადიცია, რომ ნასამართლევი პირები დეტექტიურ სააგენტოებს ქმნიან და ასეთი სააგენტოების ტექნიკური შესაძლებლობები აღემატება სახელმწიფო სპეცსამსახურების ტექნიკურ შესაძლებლობებს.
საქართველოში კრიმინალური ვითარება კვლავ რთულია. ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარების მიუხედავად, იზრდება სისხლის სამართლის დანაშაულთა რაოდენობა. სამაგიეროდ, მცირდება ასეთ დანაშაულთა გახსნის პროცენტი.
სხდომაზე მოხსენებით გამოსული ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი კახა უგულავა არსებულ მდგომარეობას ძალოვანი მინისტრების მიერ ბიუროსთვის შეთავაზებული რეკომენდაციების იგნორირებითა და სამართალდამცავ სტრუქტურებში რეფორმების დაწყების გადადებით ხსნის. მისი განცხადებით, როცა პარლამენტი ამტკიცებდა შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს, პარლამენტმა კობა ნარჩემაშვილსა და ვალერი ხაბურძანიას სწორედ რეფორმატორული განწყობილების გამო დაუჭირა მხარი. ახლა კი, თუ გაირკვა, რომ რეფორმების გატარება მათ შესაძლებლობებს აღემატება, კახა უგულავას აზრით, მინისტრებს უნდა ეყოთ გამბედაობა და თავად წავიდნენ თანამდებობებიდან.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის გამოსვლიდან და რამდენიმე სახელმწიფო მოხელის რეპლიკებიდან ის მაინც გაირკვა, ვის როგორი ხელფასი აქვს. კერძოდ:
[კობა ნარჩემაშვილის ხმა]” ძალიან გთხოვთ, პოლიციასთან მიმართებაში ცოტა ფრთხილად ვიყოთ. ან, ყოველ შემთხვევაში, ათ ცუდს რომ ვიტყვით, ერთხელ მაინც მადლობა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც დღედაღამ ქუჩაში არის და ამ სიცივეს, უხელფასობას უძლებს...სხვათა შორის, რამდენი გაქვთ ხელფასი, ბატონო კახა? სამი ათასი ლარი?... მე - ორასი...”
სამწუხაროდ, ხელფასების - თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრის ხელფასის - გაზრდის საკითხი, საეჭვოა, უახლოეს წლებში დღის წესრიგში დადგეს.ზოგადად კი, როცა ხელფასები მინიმალური საარსებო პირობების დაკმაყოფილებისთვისაც არ კმარა, კრიმინოგენული ვითარების გაუარესება გასაკვირი არ უნდა იყოს. სხვათა შორის, პრეზიდენტი შევარდნაძე ისედაც რთული კრიმინალური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების პროგნოზს აკეთებს.
XS
SM
MD
LG