Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემაში ცნობილი


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახლგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემაში ცნობილი

ქართველი მომღერლების, დები იშხნელების, პატარა შთამომავალს ბარბარე ჭყონიას გაგაცნობთ. გადაცემის მეორე ნაწილში კი ახალგაზრდა ბიბლიოფილს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს ლევან თაქთაქიშვილს წარმოგიდგენთ. ბარბარე ჭყონიას ეკა წამალაშვილი სახლში ესტუმრა და მის ბებიას - ალექსანდრა იშხნელის ქალიშვილ ნინო ჯაფარიძესაც ესაუბრა. აქვე გაცნობებთ, რომ იშხნელთა მუსიკალური ტრადიციების გამგრძელებელი, ცნობილი შემსრულებელი მანანა მენამდე (ის კარგა ხანია გერმანიაში ცხოვრობს) ახლო მომავალში თბილისში ჩამოსვლას აპირებს, რათა მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში, რომელსაც დები იშხნელების შთამომავლები გეგმავენ. დიდი ბებიების ხსოვნისა და მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტზე ფართო საზოგადოების წინაშე ბარბარე ჭყონიაც წარდგება.


ალექსანდრა იშხნელის შთამომავალმა ბარბარე ჭყონიამ შოპენის ეს ნაწარომები შინ სპეციალურად ჩვენი გადაცემისთვის შეასრულა. პატარა ბარბარე თავს თავადვე წარმოგიდგენთ.

[ბარბარე ჭყონია] “გამარჯობათ! მე ვსწავლობ მუსიკალურ ათწლედში, ვარ მეშვიდე კლასში, ვუკრავ ფორტეპიანოზე, კონცერტებზე გამოვდივარ კონსერვატორიაში. ორკესტრთან ერთადაც დავუკარი. ეხლა კი, მასწავლებელმა მითხრა, რომ კონკურსზე უნდა გამიყვანოს.”

ბარბარეს, ანუ ბაბის, როგორც მას ეძახიან, თავისი პედაგოგი მარინე გელაშვილი ძალიან უყვარს, რადგან ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბაბიმ მიზანს მიაღწიოს და მუსიკის სამყაროში ადგილი კარგ პიანისტად დაიმკვიდროს. ბაბი ფორტეპიანოსთან დღეში 4-5 საათს ატარებს, პედაგოგი და ოჯახის წევრები დაჟინებით სთხოვენ, გაცილებით დიდხანს იმეცადინოს, მაგრამ ბაბი ჯერ პატარაა, მუსიკის გარდა, გართობა, თამაში უყვარს და მეტს ვერ ახერხებს. ბარბარე ჭყონია, მუსიკალურ ათწლედში სწავლის პარალელურად, გერმანულ სკოლაში სწავლობს. სწავლას, კონცერტებისთვის მზადებას და გართობას ერთმანეთს ჯერჯერობით მშვენივრად უთავსებს და ძალიან კმაყოფილია იმის გამო, რომ არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს და მუსიკოსობას აპირებს.

[ბარბარე ჭყონიას ხმა] “ეს არის შოპენის ექსპრომტი, ნომერი ერთი. ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები. საერთოდ, მუსიკა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მუსიკა ჩემი სიცოცხლეა.”

ბაბიმ ჯერ არ იცის, რითი წარდგება ფართო აუდიტორიის წინაშე კონცერტზე, რომელიც მისი დიდი ბებიების, დები იშხნელების, ხსოვნას მიეძღვნება. იცის, რომ დაუკრავს და, ამას გარდა, იმღერებს, ალბათ, მანანა მენაბდესთან ერთად. ბაბის ბებიის, ალექსანდრა იშხნელის შვილის - ქალბატონ ნინო ჯაფარიძის თქმით, იშხნელების შთამომავლებს შორის მუსიკას მხოლოდ მანანა მენაბდე გაჰყვა. შემდეგი ბაბი უნდა იყოს. დიდი ბებიების შესახებ მან გადმოცემით იცის:

[ბარბარე ჭყონიას ხმა] “გამიგია, რომ ძალიან ნიჭიერები იყვნენ, სმენა ჰქონდათ აბსოლუტური. არანჟირებასაც თვითონ აკეთებდნენ. კარგად მღეროდნენო, - ასე მეუბნებიან და მე არ ვიცი. “

იშხნელების რეპერტუარიდან ბაბის ყველაზე მეტად “სულიკო” და “ ციცინათელა” მოსწონს. მაგრამ, როცა დრო აქვს, უფრო ბახის შემსრულებლებს და მარია კალასის ჩანაწერებს უსმენს. ბაბისთვის კლასიკური მუსიკა ყველაფერია. როცა უსმენს ბედნიერია, როცა თავად ასრულებს, უხარია. მისი ბებია ფიქრობს, რომ ბარბარეს მუსიკალური მონაცემები გენეტიკურად გამოჰყვა. ჩემთან საუბრისას ქალბატონმა ნინო ჯაფარიძემ დედა ალექსანდრა იშხნელი და დეიდები: თამარი, ნინო, ზინა და მარიამი ასე გაიხსენა:

[ნინო ჯაფარიძის ხმა] “არა, მათ სხვა ხელწერა ჰქონდათ. სულ სხვა დიაპაზონის სიტკბო, ხავერდოვანი ხმები, ვარიაციები. ეს ყველაფერი ბუნების ნაბოძარი იყო იშხნელებისთვის. ისინი არ სწავლობდნენ, ერთი ამოსუნთქვით მღეროდნენ იმას, რაც გამოჰქონდათ. მახსოვს, მე, დედა და დეიდები ქუჩაში სიმღერ-სიმღერით დავდიოდით და ისეთი ჰანგები ეფინებოდა ქუჩებს, ფანჯრები იღებოდა და ფანჯრებიდან ოვაციებით ეგებებოდა ხალხი. “

პატარა ბარბარე დიდი ბებიების შესახებ ბებიის მონათხრობს ინტერესით უსმენდა, განსაკუთრებით, როცა ქალბატონი ნინო დედის და დეიდების მეგობრებს და მათი ოჯახის ხშირ სტუმრებს იხსენებდა.

[ნინო ჯაფარიძის ხმა] “მოდიოდნენ, ვინ არ მოდიოდა, გალაკტიონ ტაბიძე მოდიოდა, როგორ არ მახსოვს. რაღაც სხვანაირი გამომეტყველება ჰქონდა, სხვანაირი თვალები ჰქონდა, სხვანაირი ხედვა. ლექსებიც აქვს დაწერილი იშხნელებზე გალაკტიონს.”

ასეთი ოჯახის ტრადიციების პატარა გამგრძელებელი დიდი ადამიანივით შემხვდა და დამემშვიდობა. შემპირდა, რომ ბებიას დაუჯერებს და მუსიკაში მეცადინეობას მეტ დროს დაუთმობს. წარმატებებს ვუსურვებთ მას ჯერ დიდი ბებიებისადმი მიძღვნილ კონცერტზე, შემდეგ - დიდ მუსიკალურ სამყაროში.

შეგახსენებთ, თქვენ უსმენთ რადიო “თავისუფლებას”. ახალგაზრდული პროგრამის მეორე ნაწილში გთავაზობთ ინტერვიუს ბიბლიოფილ ლევან თაქთაქიშვილთან.
XS
SM
MD
LG