Accessibility links

logo-print

რა ასწავლა თბილისის ომმა ქართველ სამხედროებს?


11 წლის წინ, 1991 წლის 21 დეკემბერს, თბილისში,

მთავრობის სახლის წინ, სამოქალაქო ომი დაიწყო. ორკვირიანი გააფთრებული ბრძოლების, დიდი მსხვერპლისა და ნგრევის შემდეგ ოპოზიციის შეიარაღებულმა რაზმებმა შეძლეს მთავრობის სახლის შტურმით აღება და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა. 11 წლის შემდეგ ბევრი ქართველი სამხედრო, რომელსაც ავბედობამ და პოლიტიკოსთა ამბიციებმა ძმათამკვლელ ომში ბარიკადის სხვადასხვა მხარეს დგომა არგუნა, თბილისის ომს ეროვნულ ტრაგედიას უწოდებს და, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ატმოსფერო საქართველოში კვლავ გაჟღენთილია დენთის სუნით, სამხედროები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ძმათამკვლელ ომში მათ ჩათრევას ვეღარავინ მოახერხებს.

პოლკოვნიკი რევაზ ბუბუტეიშვილი საქართველოს ეროვნული გვარდიის რიგებში 1990 წელს შევიდა. მისი მუსიკალური წარსულისა და საშემსრულებლო ნიჭის გამო სამხედრო უწყებაში მას "მაესტროს" უწოდებენ. "მაესტრო" ხშირად ასრულებს პოპულარულ ხალხურ სიმღერებს სხვადასხვა საზეიმო შეკრებებზე ჯარისკაცებისთვის, თანამდებობრივად კი შეიარაღებული ძალების სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი მომზადების სამმართველოს უდგას სათავეში. 1991 წლის დეკემბერ-იანვრის სამხედრო დაპირისპირების დროს პოლკოვნიკი ბუბუტეიშვილი ორად გახლეჩილი ეროვნული გვარდიის იმ ნაწილს მიემხრო, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას დაუპირისპირდა.

[რეზო ბუბუტეიშვილის ხმა] "რა თქმა უნდა, ამ დღეს მე ვიხსენებ უდიდესი გულისტკივილით. ამდენი სიცოცხლე შეეწირა ამ დღეს და ჩვენთვის ყველასთვის გულსატკენია, რომ ის ახალგაზრდები, ის ჩვენი ბიჭები, ორივე მხარეს, მე ასე ვთვლი, რომ იდგა ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და, თავისებურად, ერთსაც და მეორესაც სწამდა, რომ სამართლიან საქმეს ემსახურებოდნენ.”

ბუბუტეიშვილის მსგავსად ფიქრობს პოლკოვნიკი პაატა მასხულია, რომელიც თბილისის ომის დროს ოპოზიციის სადაზვერვო ჯგუფში იყო. მისი თქმით, განვლილმა წლებმა დაპირისპირებულ მებრძოლებში სინანულის გრძნობა წარმოშვა.

[პაატა მასხულიას ხმა]"მოსანანიებელი ერთი ისა მაქვს, რომ არ მინდოდა, არ უნდა ყოფილიყო ქართველებში დაპირისპირების დროს სისხლისღვრა ერთიმეორეში. ერმა იზარალა."

მაგრამ 11 წლის წინ ორ ბანაკად გახლეჩილი მეომრებისთვის სრულიად უცხო იყო სინანულის გრძნობა. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამცველები და ოპოზიციის მომხრე შეიარაღებული ფომირებები ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საწყობებიდან მიღებული იარაღით თბილისის ცენტრში სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს. აი, როგორ აღწერს ბრძოლის ერთ ეპიზოდს ჯაბა იოსელიანი დოკუმენტურ რომანში "სამი განზომილება":

"გადავწყვიტეთ, ხვალიდან შევკრათ მოედანი, გადავწიოთ "საპიორნის" ქუჩიდან რუსთაველზე. ზემოდან კი ჯავახიშვილის, გოგებაშვილის ქუჩებთან და კომკავშირის ხეივანზე პატარ-პატარა შეიარაღებული მოძრავი ჯგუფების პუნქტები შევქმნათ. ასე თანდათანობით ჩავწიოთ რკალი, სასახლეში მყოფთ არ მივცეთ მოძრაობის საშუალება, გადაიკეტოს ყველა სავარაუდო კავშირი გარე სამყაროსთან, ამავე დროს, თბილისის ყველა შესასვლელი ჩაიხერგოს. იწყება სჯა-ბაასი, საიდან დავიწყოთ დაბომბვა. დევი ჭანკოტაძე გვთავაზობს, პირდაპირ იმელის წინ, რუსთაველის ქუჩაზე, ნაღმსატყორცნი დავამონტაჟოთ, პაატა კი კომკავშირის ხეივანს აძლევს უპირატესობას. გადაწყდა: ერთი იქიდან, მეორე აქედან".

ალყაში მოქცეულმა და დამხმარე ძალებს მოწყვეტილმა მთავრობის სახლის დამცველებმა 6 ინვარს შეიარაღებული დაპირისპირება შეწყვიტეს. ექსპრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რამდენიმე ათეულ ერთგულ მებრძოლთან ერთად, თბილისი დატოვა და თავი სომხეთის ქალაქ იჯევანს შეაფარა, იქიდან კი, ჩეჩნეთის ყოფილ პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის დახმარებით, გროზნოში დაიდო ბინა. ზვიად გამსახურდიასთან ერთად ეს გზა ეროვნული გვარდიის ოფიცერმა გურამ გოქსაძემაც განვლო.

[გურამ გოქსაძის ხმა]"მე პრეზიდენტს ვიცავდი! მე საქართველოს პირველ პრეზიდენტს ვიცავდი და ვამაყობ მაგით. და რომ მოვმკვდარიყავი, მაინც ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან თავისუფალი საქართველოს პირველ პრეზიდენტს ვიცავდი."

მაგრამ გურამ გოქსაძემ, რომელიც დღემდე თავისი პრინციპების ერთგული რჩება, საქართველოს სიყვარულით, როგორც თავად ამბობს, შეძლო დაევიწყებინა წყენა და ისევ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა. იგი ახალ ეროვნულ გვარდიაში იმ ადამიანებთან ერთად მსახურობს, რომლებიც ერთმანეთს ტყვიას ესროდნენ.
[გურამ გოქსაძის ხმა] "კარგი კი არა, ბედნიერები ვართ, თუკი ყველანი ერთად დავდგებით. ეს იყო სისულელე, რაც მოხდა მაშინ! მე ეკლესიაში შევედი ზურასთან ერთად, ბატონ ზურასთან ერთად(იგულისხმება გენერალი ზურაბ ირემაძე.-კ.ლ.) იარაღი დავდე და მე ქართველს აღარ ვესვრი, ძმაო. რაც არ უნდა მოხდეს, აღარ ვესვრი!"

20 დეკემბერს, ეროვნული გვარდიის დაარსების მეთერთმეტე წლისთავზე, ყოფილმა მოწინააღმდეგეებმა კიდევ ერთხელ გაუწოდეს ერთმანეთს სამეგობრო ხელი და ერთად გაიხსენეს ის თანამებრძოლები, რომლებიც თერთმეტი წლის წინ სამოქალაქო ომს შეეწირნენ. მაგრამ მათი ერთად ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ შერიგება საბოლოოა და რომ საქართველოში აღარავინ შეეცდება სახიფათო პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოს პატრიოტულად განწყობილი სამხედროები. მეტიც, ბოლო ხანს პარამილიტარისტული დაჯგუფების რამდენიმე აშკარა მცდელობა საქართველოში სამოქალაქო ომგამოვლილ სამხედროებს აფიქრებინებს, რომ ეს საფრთხე დღითიდღე რეალური ხდება.
XS
SM
MD
LG