Accessibility links

logo-print

ზუსტად ერთი კვირის წინ თბილისის კულტურული


ზუსტად ერთი კვირის წინ თბილისის კულტურული

ცხოვრების მიმოხილვაში გიამბეთ იმ პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტას რამდენიმე თვეა ცდილობს საქართველოს კინოსკოლა და მისი ხელმძღვანელი პროფესორი გოგი დოლიძე. რადიო “თავისუფლების” სიუჟეტს იმ დღესვე გამოეხმაურა კომპოზიტორი გია ყანჩელი, რომელიც ამჟამად ანტვერპენში ცხოვრობს. ბატონმა გიამ გვითხრა, რომ მზადაა გადარიცხოს საჭირო თანხა კინო-ტელე ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაციის, “სილექტის”, ანგარიშზე, რათა ქართული კინოსკოლა ამ ორგანიზაციიდან საწევროს გადაუხდელობის გამო არ გარიცხონ. ანუ ის, რაც ამდენი ხნის მანძილზე ვერ მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ, შეძლო ერთმა მოქალაქემ, თანაც, არა ბიზნესმენმა, არამედ ხელოვანმა, რომელსაც გულწრფელად აღელვებს ქართული კულტურის, ამ შემთხვევაში კი, ქართული კინოს მომავალი. გასულ მიმოხილვაში ჩვენ სტუდენტი-კინემატოგრაფისტების წარმატებებზეც გიამბეთ და დავძინეთ, რომ ქართული კინოსკოლა, როგორც ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი კულტურული კერა, უთუოდ იმსახურებს “სილექტის” წევრობას. თუმცა მსოფლიოს წამყვან კინოსკოლებთან გაწყვეტილმა კონტაქტებმა, სოციალურმა სიდუხჭირემ, მოძველებულმა ტექნიკურმა ბაზამ, როგორც ჩანს, უკვე იმოქმედა სტუდენტი-კინემატოგრაფისტების შემოქმედებაზე, მათი ფილმების ხარისხზე. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს სამშაბათს თბილისში დასრულებული სტუდენტური ფესტივალის, “დებიუტის”, კინოსექციის ჟიურის თავმჯდომარე, კინომცოდნე გურამ ნავროზაშვილი, რომელსაც ჩვენ 17 დეკემბერს, ფესტივალის დახურვისთანავე, გავესაუბრეთ. ბატონი გურამი ძალიან კატეგორიული იყო:
[გურამ ნავროზაშვილის ხმა]: “ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ შთაბეჭდილება ძალიან ცუდი იყო.”

სტუდენტური ფესტივალის ორგანიზატორებმა წელს დაჟინებით მოითხოვეს, რომ როგორც თეატრის, ასევე კინოსექციაში პროფესიონალთა ჟიურის სათავეში ჩასდგომოდნენ ახალგაზრდები, თეატრალური ინსტიტუტის ასპირანტები. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ორგანიზატორთა ასეთი გადაწყვეტილება ჟიურის წევრების - გამოჩენილი თეატრალებისა და კინემატოგრაფისტების - მანიპულაციას გამოიწვევდა. მაგრამ, ეტყობა, პირიქით მოხდა – ახალგაზრდები უფრო პრინციპულები აღმოჩნდნენ. გურამ ნავროზაშვილის აზრით, თუ უფროსი თაობის კინემატოგრაფისტები კვლავაც ზოგადი, მათი მტკიცებით, “მარადიული” პრობლემების ტყვეობაში არიან და სოციალური თემების მიმართ ინტერესს ნაკლებად იჩენენ, ახალგაზრდები მეორე უკიდურესობას ვერ უმკლავდებიან.

[გურამ ნავროზაშვილის ხმა]: “ძალიან ბევრი ფილმი იყო სოციალურ თემებზე... მათხოვრებზე იყო ძალიან ბევრი ფილმი, მაგრამ იყო სწორხაზოვნება, მორალიზმი... ფსევდოპათეტიკა, ფსევდოპატრიოტიზმი.”

სტუდენტურ ფესტივალზე წარმოდგენილ 50 ფილმს შორის იყო ისეთი სურათებიც, რომელთა ავტორები არსებულ რეალობას არ ეგუებიან და ცდილობენ მამების თაობაზე უფრო თამამად წარმოაჩინონ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია. იმ მაყურებლის აზრით, რომელმაც ფესტივალზე ნაჩვენები ფილმები ნახა, საკონკურსო პროგრამაში შემთხვევით არ ჭარბობდა კომედია, პაროდია, შარჟი. სტუდენტ-კინემატოგრაფისტებს, თითქოს, თავადაც მშვენივრად ესმით, რომ ეგრეთ წოდებული “სოციალური ფილმი” მხატვრული ნაწარმოების დონეს ვერ მიაღწევს, თუ სურათში ასახული მოვლენა მეტ-ნაკლებად არ განზოგადდა. სწორხაზოვნებისა ახალგაზრდებსაც ეშინიათ, ამიტომ პათეტიკისგან თავის დასაღწევად იუმორს იშველიებენ. ეს ტენდენცია ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემაც შენიშნა. გურამ ნავროზაშვილის აზრით:

[გურამ ნავროზაშვილის ხმა] “კარგი ამ ახალ ტენდენციაში იყო ირონია, თუმცა ეს ირონია იყო ცოტა ნიჰილისტური.”

სტუდენტური ფესტივალის ჟიურიმ დაიწუნა ყველაფერი ნიჰილისტური და ყველაფერი პათეტიკურ-მორალისტური. საუკეთესო რეჟისურისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს ნიკა გელაშვილს, ავტორს მხატვრული ფილმისა “ბოლო დღე”; საუკეთესო ოპერატორად აღიარეს ქეთი ნოზაძე, ფილმისთვის "დიდი მადლობა”, საუკეთესო მსახიობად კი - გიორგი კავილაძე, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ნიკა გელაშვილის ფილმში “უძილობა”. თუმცა გურამ ნავროზაშვილი საუკეთესოდ მაინც გრან-პრით აღნიშნულ ნამუშევარს, რუსუდან ჭყონიას ფილმს მიიჩნევს. ეს სურათი, “მათ სახელი არ გააჩნიათ”, ძეგვის ბავშვთა სახლის მკვიდრთა ცხოვრებას ასახავს. ჟიურის თავმჯდომარის აზრით, ამ ფილმში

[გურამ ნავროზაშვილის ხმა] “ იყო ემოცია, დინამიკა, იყო დრამატურგია, რაც იშვიათი იყო ამ ფესტივალზე. არც ერთ რეჟისორს არ უყვარს დრამატურგია, არც ეკრანიზაციები.”

დრამატურგიის პრობლემა და ისიც, რომ ქართველ კინემატოგრაფისტთა ერთ დიდ ნაწილს არ უყვარს ეკრანიზაციები, და ე.ი. წიგნიც, არ არის ახალი ქართულ კინოში. მაგრამ ჩვენს ყოფაში მასკულტურის აქტიურმა და საკმაოდ აგრესიულმა შემოჭრამ “მტვ”-ის, “ტექნოსა” და “რეპის” თაობას წიგნის სიყვარული კიდევ უფრო გაუნელა. ახალგაზრდების ნაწილი ამ პროცესს კანონზომიერად მიიჩნევს და გლობალიზაციის ეპოქის მოთხოვნებით ხსნის. უფროსი თაობის შეგონება აქ ნაკლებად ეფექტურია ხოლმე. თუმცა გარკვეული ეფექტი მიიღწევა მაშინ, როცა მასკულტურის მიმართ ირონია თავად მასკულტურის ფორმებით წარმოჩნდება.

“გლობალიზაცია და ხელოვნება”, “თანამედროვე ცივილიზაცია და ხელოვნება” - ასე შეიძლება ვუწოდოთ გერმანელი ფოტოგრაფის მათიას ვენერის ნამუშევრების ექსპოზიციას, რომელიც 20 დეკემბერს დაიხურა თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში. თუმცა თავად ვენერმა გამოფენისთვის უცნაური სახელი მოიფიქრა – “უთვისებო მამაკაცი”. ექსპოზიციამ თბილისელებსაც გაახსენა, რომ ახალი ინფორმაციებისადმი გაზრდილი მოთხოვნილება, შესაძლებელია, საბოლოოდ ჩაენაცვლოს მოთხოვნილებას ხელოვნებაზე. ძალიან სიმბოლურია, რომ მიუნჰენის ფოტომუზეუმისა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ეს ექსპოზიცია თბილისის სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა, ანუ იქ, სადაც ტრადიციულად ფასობდა უნიკალური, განუმეორებელი და სადაც ტირაჟირებასა და ერთფეროვნებას საბჭოთა ეპოქაშიც კი უწევდნენ წინააღმდეგობას. სხვათა შორის, ტირაჟირების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გერმანელებმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოხატეს: ცნობილი ხელოვნებათმცოდნე, ფილოსოფოსი ვალტერ ბენიამინი შეშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ “რეპროდუცირების ხანა” ხელოვნების ნაწარმოებს ეგრეთ წოდებულ “აურას” უკარგავს; ბეჭდვის, შემდეგ კი ფოტოგრაფიის გამოგონებამ, შემდეგ კი ტექნოლოგიის დახვეწამ თითქმის სრულიად გააუქმა ზღვარი ორიგინალსა და რეპროდუქციას შორის. ვალტერ ბენიამინი ხელოვნების ნაწარმოების უნიკალურობის მიმართ აგრესიაში, უწინარესად, ფოტოგრაფიას ადანაშაულებდა. მაგრამ დრო გავიდა და ფოტოგრაფია თავად იქცა ხელოვნების პოპულარულ დარგად. თუმცა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებმა ახლა ფოტოსურათი გადააქცია “უთვისებო ხელოვნებად”. როგორც მათიას ვენერის გამოფენის საინფორმაციო ბუკლეტშია აღნიშნული, “ეიფორია, რომელსაც უწინ სურათების ახალი ელექტრონულ-ციფრული და ერთობ გასართობი საშუალებებით მანიპულაცია იწვევდა, ნელ-ნელა გადაიზარდა ეჭვში, რომ ამ ტექნიკის ბოროტად გამოყენება და, ამავე დროს, ფაქტობრიობის დაკარგვაა შესაძლებელი.”

დღეს, ციფრული ლაბორატორიის დახმარებით, თავისუფლად შეგიძლიათ შექმნათ ფოტოსურათი, რომელზედაც თქვენ ჯორჯ ბუშთან თუ ჯულია რობერტსთან ერთად იქნებით “გადაღებული”. ასეთი “კოლექტიური პორტრეტები” ძალიან პოპულარულია ტურისტულ ბიზნესში. უჩვენეთ ეს სურათები გულუბრყვილო ადამიანებს და შეიძლება დააჯეროთ კიდეც, რომ ამერიკაში მოგზაურობისას ჰოლივუდის ვარსკვლავებს დაუახლოვდით და “გადაეხვიეთ” კიდეც მათ ფოტოობიექტივის წინ. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ირონიის გამოსახატავად მათიას ვენერი, დაახლოებით, 100 000 შავ-თეთრი ფოტოსურათიდან ირჩევს 40-მდე კადრს პოლიტიკის, კულტურის, სპორტის სფეროებიდან და თავს ასაღებს ისტორიული მოვლენების მოწმედ. როგორც გამოფენის კატალოგშია აღნიშნული, იგი თავისებური ბარონ მიუნჰაუზენია, რომელსაც აბსურდამდე მიჰყავს ჩვენი გაზრდილი მოთხოვნილება და დახარბება ახალი ინფორმაციებისა და რეალობის შემეცნებისადმი. გერმანელი ფოტოგრაფი თითქოს აღიარებს, რომ ფოტოგრაფიამ, რომელმაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში “სცადა” საფლავი გამოეთხარა ფერწერისა და გრაფიკისათვის, მეოცე საუკუნის ბოლოს საკუთარი საფლავი გამოთხარა: აქამდე ფოტოგრაფები ამაყობდნენ, რომ სინამდვილის ყველაზე ობიექტურ სურათს ქმნიდნენ და საზოგადოებას სწორ ინფორმაციას აწვდიდნენ; ახლა კი აღმოჩნდა, რომ ფოტოგრაფია ბარონ მიუნჰაუზენის როლში შეიძლება მოგვევლინოს და ადვილად მოატყუოს საზოგადოება.

ასეთი “უთვისებო ხელოვნების” მიმართ პროტესტი დასავლეთში სულ უფრო აშკარად გამოიხატება. საქართველოში ყველაფერი “გვიან” მოდის – ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ამ პროტესტის “რეპროდუქციას” გავეცანით თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც “მტვ”-ის თაობას ავად თუ კარგად მაღალ ხელოვნებას აზიარებენ.
XS
SM
MD
LG