Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოტე მახარაძე საუკეთესო სპორტული კომენტატორი


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი თბილისი და სრულიად საქართველო კოტე მახარაძეს ეთხოვება.

დიდ მსახიობსა და კომენტატორს 24 დეკემბერს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელისა და ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატი, კინოსა და თეატრის ინსტიტუტის პროფესორი, თბილისის და ფოთის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის ორგზის კავალერი, საუკუნის სპორტული კომენტატორი. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ ტიტულებისა და ჯილდოებისა, რაც კოტე მახარაძეს მრავალწლიანი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მიუღია. მაგრამ ყველა ამ ტიტულსა და ჯილდოს ერთი გადასწონის: საყოველთაო პატივისცემა და სიყვარული.
თეატრის შემდეგ, კოტე მახარაძის მთავარი საქმე სპორტი იყო. აქ, ამ სამყაროში, სპორტსმენთა და სპორტის გულშემატკივართა შორის, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. სპორტის ყველაზე დიდი გულშემატკივარი თავად ბატონი კოტე იყო, - ამბობს საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.
(ირაკლი მეძმარიაშვილის ხმა): “როცა ჩვენ ჩავატარეთ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება, ბატონ კოტეს ვთხოვე, გვინდა თქვენ გაუძღვეთ ამ ღონისძიებას-მეთქი. მითხრა, თუ ჯანი მექნა, აუცილებლად მოვალო. სიტყვა შეასრულა, როგორც ყოველთვის, კაცურად მოვიდა და შესანიშნავი საღამო იყო. ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი ხალხი ჩვენი ცხოვრებიდან მიდის.“
სპორტული კომენტატორის რანგში კოტე მახარაძის დებიუტი 45 წლის წინ შედგა. 1957 წელს თბილისის “დინამოს” სტადიონზე ამხანაგური საერთაშორისო მატჩი გამართეს საბჭოთა კავშირისა და ამერიკის კალათბურთელთა გუნდებმა. ეროსი მანჯგალაძე შეუძლოდ იყო და რადიო-რეპორტაჟის გაძღოლა ახალგაზრდა მსახიობს ანდეს. აქედან იწყება კოტე მახარაძის დიდი და წარმატებული გზა სპორტულ ჟურნალისტიკაში. მრავალი ათეული წლის მანძილზე, როგორც იმდროინდელი ცენტრალური ტელევიზიის კომენტატორი, მივლინებული იყო ოთხ ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე, დიდ საერთაშორისო ტურნირებზე. მიუნხენის ოლიმპიადის ამბებს იხსენებს ოლიმპიური ჩემპიონი მიხეილ ქორქია.
(მიხეილ ქორქიას ხმა): “ოლიმპიური თამაშის ფინალის მერე მე და ზურაბ საკანდელიძე ოლიმპიურ სოფელში ვართ. დილის 6 საათია. გავიხედე კოტე მოდის, რომ დაგვინახა, თავში შემოირტყა ხელი – ეს რა მოგივიდათ, როგორ წააგეთო. რა წავაგეთ, მოვიგეთ-მეთქი. იმდენად ემოციური კაცი იყო, ვეღარ უყურა ბოლომდე მთელ თამაშს”.
სხვათა შორის, ბატონი კოტე თავადაც კალათბურთელი იყო: ჯერ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მერე – თბილისის “დინამოში”. ღრმად და საფუძვლიანად ერკვეოდა სპორტის უმეტეს სახეობებში, განსაკუთრებით - ფეხბურთში. მისი საფეხბურთო რეპორტაჟები უმაღლესი კომენტატორული ხელოვნების ნიმუშია.
აი, რას ამბობს საქართველოს ტელევიზიის სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.
(ჯამლეტ ხუხაშვილის ხმა): “ეს იყო მსოფლიო მასშტაბის პიროვნება, ეს იყო გენიოსი. არა მარტო საუკუნის კომენტატორი, საუკუნის პიროვნება, რომელსაც ყველა ფრონტზე შეეძლო პირველობა და იგი პირველ კაცად იყო დაბადებული”.
ახლა თემურ ჯაფარიძეს მოუსმინეთ:
(თემურ ჯაფარიძის ხმა): “1998 წელს მათუმში სტუმრად მყოფმა ბრაზილიის საფეხბურთო კლუბმა “პალმეირასმა” ამხანაგური მატჩი გამართა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან. თამაშის ტელერეპორტაჟი ბატონ კოტე მახარაძეს მიჰყავდა, მე მის გვერდით ვიჯექი და მეორე ტაიმის რადიო-რეპორტაჟისთვის ვემზადებოდი. თამაშის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ, ბატონმა კოტემ მხოლოდ მისთვის ჩვეული ლოგიკური პაუზა გააკეთა, შემომხედა და თქვა: რადგან ბრაზილიელთა სტუმრობა ჩვენში იშვიათობაა, მინდა მათი თამაშით მოგვრილი სიამოვნების არა მარტო მოწმე, არამედ მონაწილეც იყოს ჩემი ახალგაზრდა კოლეგაო, მოიხსნა და მომაწოდა ყურმილები”.
XS
SM
MD
LG