Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა "ოქროს საუკუნე"


ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა "ოქროს საუკუნე"

დღეს ორი ნაწილისგან შედგება. გადაცემის პირველ ნახევარში გავიხსენებთ ქართული კინოსა და თეატრის ცნობილ მსახიობს ალექსანდრე ომიაძეს, რომლის დაბადებიდან ახლახან ასი წელი გავიდა. პროგრამის მეორე თემა ასევე "საიუბილეოა"; ოღონდ ამ შემთხვევაში იგულისხმება ფილმის იუბილე, თანაც იმ ფილმისა, რომელიც დაკარგულად ითვლება - 40 წელი გავიდა ოთარ იოსელიანის გახმაურებული და აკრძალული მოკლემეტრაჟიანი სურათის, "აპრილის," გადაღებიდან.

1972 წელს, მოსკოვში მარჯანიშვილის თეატრის გასტროლები ჯერ დამთავრებული არ იყო, როცა დასის წამყვანმა მსახიობმა ალექსანდრე ომიაძემ კოლეგებს განუცხადა, თბილისში უნდა დავბრუნდეო. არადა, დასი ლენინგრადში აპირებდა გამგზავრებას. ალექსანდრე ომიაძე მეგობრებს, რომლებიც მას ალეს ეძახდნენ, დაჰპირდა, რომ თბილისში გაივლიდა და მერე აუცილებლად ჩავიდოდა გასტროლებზე. მაგრამ პირობა ვერ შეასრულა. აღმოჩნდა, რომ მოსკოვში გულმა უმტყუნა, ჯანმრთელობის გაუარესების ამბავი კი არავის გაანდო. თბილისში გაემგზავრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, 70 წლის ასაკში.

სიცოცხლის ბოლოს ალექსანდრე ომიაძე, ძირითადად, ვერიკო ანჯაფარიძეს უწევდა პარტნიორობას. მათ ერთად ითამაშეს ჩაპეკის "დედაში", სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატში", კორნეიჩუკის "ხსოვნა გულისაში". ომიაძის ბოლო სპექტაკლებს შორის განსაკუთრებით პოპულარული იყო "ხეები ზეზეურად კვდებიან", რომელშიც იგი სინიორ ბალაბაჟს თამაშობდა, ვერიკო ანჯაფარიძის გმირის, კასონას, მეუღლეს. "სცენაში, როცა ცუდად ვხდებოდი, ალე ხელს მკიდებდა, რომ არ დავცემულიყავი, - წერს თავის მოგონებებში ვერიკო ამჯაფარიძე, - მაგრამ ისე ნაზად, რომ ვერც კი ვგრძნობდი, ჩუმად ვეუბნებოდი: ალე, მაგრად მომკიდე ხელი, რა დაგემართა, - არ შემიძლია, მეცოდებიო, ასევე ჩუმად მიპასუხებდა ხოლმე."

ნაზი, რბილი, ფაქიზი, გულჩვილი, ლმობიერი... ალექსანდრე ომიაძის სამსახიობო ოსტატობის დახასიათებისას ამ ეპითეტებს ყველაზე ხშირად იყენებდნენ ხოლმე. თეატრმცოდნეები თითქოს ხაზს უსვამდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ალექსანდრე ომიაძე სცენაზე აკეთებდა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ სტილისგან, რომელიც წლების მანძილზე მკვიდრდებოდა ქართულ ხელოვნებაში, განსაკუთრებით, 40-იან, 50-იან წლებში, როცა ომიაძეს თავისი საუკეთესო როლების განსახიერება მოუხდა... ომიაძის თეატრალური როლების ხილვა დღეს შეუძლებელია - კინოფირზე მხოლოდ ამ სპექტაკლების ფრაგმენტებია აღბეჭდილი. მაგრამ ალექსანდრე ომიაძეს კინოშიც იღებდნენ. მსახიობმა ითამაშა ვახტანგ მეექვსე "დავით გურამიშვილში", სანდრო "დაგვიანებულ სასიძოში", გიგო პაპა "მაგდანას ლურჯაში"... ასე რომ, ახალგაზრდებს დღესაც შეუძლიათ გაეცნონ მის ოსტატობას, მის უნარს, შემატოს ადამიანური სითბო სტალინური სოცრეალიზმის გაქვავებულ კულტურას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით გამოირჩევა ალექსანდრე ომიაძის ზურაბ ერისთავი, მიხეილ ჭიაურელის "გიორგი სააკაძის" გმირი. ომიაძეს აქ ქართული თეატრისა და კინოს იმდროინდელ ვარსკვლავებთან ერთად მოუხდა მუშაობა. ფილმში გადაღებული მსახიობების უმრავლესობამ გაითვალისწინა მიხეილ ჭიაურელის ფილმის ესთეტიკა და თეატრალურ-მონუმენტურ პათეტიკაზე გააკეთა აქცენტები. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ალექსანდრე ომიაძეზე: მიუხედავად იმისა, რომ გრიმი მის სახეზე უფრო სცენისთვისაა გამიზნული, ვიდრე ეკრანისთვის, მსახიობი მაინც ახერხებს უარი თქვას ფსევდოკლასიცისტური ხელოვნების შტამპებზე... და, შესაძლებელია, ამიტომაც ამახსოვრდება მაყურებელს მისი ზურაბ ერისთავი [ჩართვა. "გიორგი სააკაძის" ფრაგმენტი]

ალექსანდრე ომიაძე თურმე სისხამ დილით, ყველაზე ადრე მიდიოდა ხოლმე თეატრში და შენობიდან ყველაზე გვიან გადიოდა. "სცენის მუშები დეკორაციის ალაგებას მორჩებოდნენ, ალე კი ისევ თავისთვის იჯდა ფოიეშიო," - წერდა ვერიკო ანჯაფარიძე. "სულ ჩაფიქრებული იყო," - ამბობდნენ ალექსანდრე ომიაძეზე მისი კოლეგები...

ასეთია იგი ეკრანზეც - კეთილი, ჩაფიქრებული, სრულიად მოკლებული აგრესიულობას... მსახიობი, რომელიც თითქოს არ ცხოვრობდა რეალურ დროსა და სივრცეში - საქართველოს სახალხო არტისტი ალექსანდრე ომიაძე.

[პირველი ნაწილის დასასრული]
კინოხელოვნების ნიუანსების ცოდნა საჭირო არაა იმისთვის, რომ ოთარ იოსელიანის ფილმებში მაყურებელმა ძველი ნივთების მიმართ ავტორის ტრფობა და ახალი ნივთების მიმართ მისი ფობია თუ არა, ირონია მაინც შეამჩნიოს. ოთარ იოსელიანს უყვარს ნივთი, რომელშიც წარსული, ტრადიცია, გარდასული დრო წარმოჩნდება: მამა-პაპათა ფოტოები, სადა, მაგრამ ძველი ავეჯი... და ირონიას არ მალავს იმათ მიმართ, ვინც მასობრივი კულტურის "მონაპოვარით" ცხოვრობს, ჭკუას კარგავს, მაგალითად, ბროლის ჭურჭელზე, რომელსაც საგანგებო თაროს გამოუყოფს ხოლმე ჩუქურთმიან კარადაში. ოთარ იოსელიანის საქართველოში გადაღებულ ფილმებში ამ ადამიანებს "მეშჩანები" შეიძლება ვუწოდოთ, იოსელიანის ფრანგული ფილმების, მაგალითად, "მთვარის ფავორიტების" ასეთსავე გმირებს - "წვრილი ბურჟუები"... დაგროვების, დახვავების, ნივთის გაკერპების ვნება ნამდვილად არაა არც საბჭოთა, არც ფრანგული და არც ქართული მოვლენა. "ბურჟუები" ყოველთვის არსებობდნენ. მათ, უბრალოდ, სხვა სახელები ერქვათ. თუმცა, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობდნენ ქართული კინოს ის ცენზორები, რომლებმაც 40 წლის წინ ჯერ კიდევ სრულიად გამოუცდელი რეჟისორის ოთარ იოსელიანის ფილმი "აპრილი" აკრძალეს, მერე კი გაანადგურეს.

"აპრილის" ისტორია, გარკვეულ წილად, ანგრევს მითს, რომლის თანახმად, ქართულ საბჭოთა კინოში ცენზურა არ არსებობდა და არც ერთი ქართული ფილმი არ "შემოუდვიათ თაროზე". იმხანად, როცა "აპრილი" აიკრძალა, თბილისის კინოსტუდიაში რედაქტორად მუშაობდა აკაკი ბაქრაძე, რომელმაც იოსელიანის ერთ-ერთი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის დაკარგვის ამბავი დაწვრილებით აღწერა თავის წიგნში "ცამეტი წელიწადი კინოში". აკაკი ბაქრაძე წერს
[აკაკი ბაქრაძის ტექსტი]: "ეს სურათი ერთ პასუხისმგებელ პირს უჩვენეს. მან სევდიანი სახითა და დარდიანი თვალებით უყურა ფილმს და თქვა: ამ კინოსურათის ჩვენება არ შეიძლება. იგი მიმართულია ავეჯის შეძენის წინააღმდეგ. ეს კი დაუშვებელია. როგორ შეიძლება გადავყაროთ სკამები, მაშინ რაზე უნდა დავსხდეთ?"

ერთი შეხედვით, "აპრილი," მართლაც, ავეჯის შეძენის წინააღმდეგაა მიმართული. ფილმი გვიამბობს ახალგაზრდა ქალ-ვაჟზე, რომელთაც ერთმანეთი ისე უყვართ, რომ სიღარიბე არ აშინებთ - ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ, ჩიტების ჭიკჭიკს უსმენენ და მუსიკის ჰანგებით ტკბებიან. ამასობაში მათი მეზობლები ავეჯის შეძენის მანიით არიან შეპყრობილნი. ცოტა ხანში "ნივთის გაკერპების" ეს ინფექცია ახალგაზრდა ცოლ-ქმარსაც გადაედება. მათი პატარა სახლიც ახლად შეძენილი ნივთებით ივსება... თანაც ისე ივსება, რომ ახალგაზრდებს ოთახში გადაადგილება უჭირთ, ერთმანეთს ვეღარ ხედავენ. მაგრამ ოთარ იოსელიანი ასე არ ტოვებს თავის გმირებს - ახალგაზრდები ხვდებიან, რომ ნივთი მათ სიყვარულს საფრთხეს უქმნის - აღებენ ფანჯარას და ყველაფერს ქუჩაში ისვრიან. ბინა ისევ დაცარიელდება და ისევ "გაიღვიძებს" გრძნობა, სიყვარული, თავისუფლება.

ქართული კინოს ცენზორებს, რაღა თქმა უნდა, იმის არ შეშინებიათ, რომ "აპრილი" ვინმეს, შეიძლებოდა, "ავეჯის შეძენის წინააღმდეგ" მიმართულ ფილმად აღექვა. იმხანად კარგი ავეჯი საბჭოთა კავშირში ისედაც არ იშოვებოდა და, წესით და რიგით, ხელისუფლებას უნდა მოსწონებოდა კიდეც ახალგაზრდა რეჟისორის პოზიცია, როგორც, მაგალითად, 80-იანი წლების პირველ ნახევარში, როცა ლევან თუთბერიძის დოკუმენტური ფილმის, "თუშური ყველის," ჩაბარების დროს, საქართველოს ტელევიზიის ერთ ჩინოვნიკს უთქვამს: კარგი ფილმია, მაგრამ რა ამბავია ამდენი ყველი, როცა ხალხი მშიერიაო... საბჭოთა კინოჩინოვნიკები უფრო თავისუფლების იმ სახემ შეაშინა, რომელიც იოსელიანის ფილმის ფინალში დამკვიდრდა, შეაშინა იმ ბუნტმა, რომელსაც ფინალში მიმართავენ სურათის გმირები. როგორც აკაკი ბაქრაძე შენიშნავს:
[აკაკი ბაქრაძის ტექსტი] "სწორედ ხელოვნების უმეცარი ადამიანების ჩარევამ დაღუპა "აპრილი". ვინ აგებს დღეს პასუხს "აპრილზე"? არავინ. არადა, საწყობიდან ვინმემ ფირის ერთი მეტრიც რომ მოიპაროს, ციხეში ამოაყოფინებენ თავს. კინოსტუდიაში მთელი ფილმი გაქრა და ვითომც არაფერი მომხდარა."

"აპრილს" დღესაც არ იხსენებენ. ქართული კინოს ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ იოსელიანის, ფილმი კვლავაც დაკარგულად ითვლება. საქართველოში კი ისევ მოდაშია ბროლის ჭურჭელი, რომელსაც მოჩუქურთმებულ კარადებში გამოფენენ ხოლმე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG