Accessibility links

logo-print

პენტაგონი სპარსეთის ყურის რეგიონში დამატებით ჯარებსა და ტექნიკას აგზავნის


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კვირას შეერთებულმა შტატებმა ერაყი-ქუვეთის საზღვრის მახლობლად ჩაატარა სამხედრო მანევრები საბრძოლო სროლით, ყველაზე დიდმასშტაბიანი 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დამთავრების შემდეგ.



პენტაგონი აცხადებს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში რეგიონში დიდი რაოდენობით დამატებით ჯარებსა და სამხედრო ტექნიკას გაგზავნის.
ახალი წლის დამდეგს რეგინში 50 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის დისლოკაციაა მოსალოდნელი, რის შედეგადაც შეერთებული შტატების სამხედრო პერსონალის რიცხვი, რომელიც ერაყიდან სასროლ მანძილზეა განთავსებული, ორჯერ გაიზრდება.

ერაყის დიქტატორ სადამ ჰუსეინზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ახალ ინფორმაციას მიაწოდებს გაეროს განიარაღების ინსპექტორებს ერაყის იარაღის შესახებ.
ცნობებით, ინსპექტორების გუნდის მეთაურმა ჰანს ბლიქსმა თვითონ მოითხოვა სადაზვერვო ინფორმაცია იმ ადგილების შესახებ, სადაც, ეჭვებით, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი შეიძლება მზადდებოდეს ან ინახებოდეს. ამის პასუხად, შეერთებული შტატები დაიწყებს დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის სადაზვერვო თანამგზარებიდან გადაღებულ ფოტომასალას.

ბლიქსმა პირობა დადო, რომ გაამკაცრებს ინსპექციას, ვინაიდან ერაყის მიერ გაკეთებული დეკლარაცია მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ ბევრ ხარვეზს შეიცავს.

ერაყი თავის მხრივ აცხადებს, რომ მზად არის გასცეს პასუხი შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ნებისმიერ შეკითხვას ხარვეზების შესახებ. მეტიც, სადამ ჰუსეინის მრჩეველმა ამირ ალ-საადიმ განაცხადა, რომ იმასაც კი მიესალმება, თუ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტები მიიღებენ მონაწილეობას იარაღის ძებნაში.

მან თქვა, აგრეთვე, რომ მზად არის წარადგინოს იმ მეცნიერთა სიები, ვინც იარაღის შექნმის პროგრამებში მონაწილეობდა, რათა ინსპექტორებმა შეძლონ მათი გამოკითხვა. მაგრამ ერაყი ჯერჯერობით არ თანხმდება იმაზე, რომ ეს სპეციალისტები საზღვარგარეთ დაკითხონ, როგორც ეს გათვალისწინებულია უშიშროების საბჭოს 1441 რეზოლუციაში. შეერთებული შტატები პრიორიტეტს სწორედ ასეთი სახის დაკითხვას ანიჭებს.

მაგრამ, ასეა თუ ისე, რეგიონი ომის მოლოდინშია. შეერთებული შტატების საელჩო ისრაელში თავისი საქმიანობის დიდი ნაწილის თელ-ავივიდან ეილატში გადატანას აპირებს. 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის მსვლელობაში ბაღდადი სწორედ თელ-ავივსა და მის მიდამოებს უშენდა "სკადის" ტიპის რაკეტებს.

ისრაელმაც გააძლიერა სამხედრო მზადყოფნა. უახლოეს ხანში იქ ჩადის 1000 ამერიკელი ჯარისაცი ერთობლივი მანევრების ჩასატარებლად.

ბოლო დროს საფრანგეთმა და რუსეთმა, უშიშროების საბჭოს ორმა მუდმივმა წევრმა ვეტოს უფლებით, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ვაშინგტონისა და ლონდონის გეგმებს დაეწყოთ ომი ერაყის წინააღმდეგ, შესამჩნევად შეცვალეს პოზიციები და, როგორც ჩანს, შეურიგდნენ მომავალ წელს ომის დაწყების შესაძლებლობას.

ორივე ქვეყანა შიშობს, რომ თუ ომში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, ნავთობსაბადოების საკითხებში ახალ რეჟიმთან გარიგების დროს მათ უპირატესობა ექნებათ.
XS
SM
MD
LG