Accessibility links

logo-print

მწავდება კრიზისი ჩრდილოეთი კორეის ბირთვული ობიექტების გარშემო


გასული კვირის ბოლოს ჩრდილო კორეამ შეასრულა თავისი მუქარა და აქამდე უმოქმედო ბირთვულ რეაქტორებში დაიწყო სამეთვალყურეო ტექნიკის მოხსნა. რეაქტორები 1994 წელს დაიხურა და მას მერე

მათ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მეთვალყურეობს. სამხედრო ექსპერტების აზრით, ამ ობიექტებზე სამხედრო დანიშნულების პლუტონიუმის მიღებაა შესაძლებელი. ჩრდილო კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეაქტორების ხელახლა ამუშავება იმისთვის არის აუცილებელი, რომ ქვეყანამ შეძლოს ელექტროენერგიის დეფიციტის დაფარვა. ამისათვის პასუხისმგებლობას პხენიანი აკისრებს ვაშინგტონს, რომელმაც თითქოს ცალმხრივი წესით დაარღვია სათბობით ჩრდილოეთი კორეის მომარაგების ვალდებულება.

ამერიკის ამ გადაწყვეტილებას კი ის უძღოდა წინ, რომ ჩრდილო კორეამ გამოაცხადა, ურანის გამდიდრების პროგრამას ვაგრძელებო. ეს კი არღვევს 1994 წლის შეთანხმებას.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელმა ვენაში უკვე შაბათს განაცხადა, რომ ბირთვულ ობიექტებზე ვიდეოკამერების ხედვის არე ძლიერ შეიცვალა და შეუძლებელი გახდა იმის მეთვალყურეობა, თუ რა ხდება რეაქტორებში. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ალ ბარადეიმ გააკრიტიკა ჩრდილოკორეელთა ცალმხრივი ქმედება და სტალინისტურ რეჟიმს თავშეკავებულობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ჩრდილო კორეაში გამოქვეყნებული ინფორმაცია იმას მოწმობს, რომ თავშეკავებულობაზე საუბარიც ზედმეტია. ცივი ომის დროინდელ ტერმინოლოგიას თუ გავიხსენებთ, პხენიანი ბირთვული "იარაღის ჟღარუნის" პოლიტიკას ადგას შეერთებული შტატების მიმართ და სურს ვაშინგტონი მოლაპარაკებებზე დაიყოლიოს. სხვათა შორის, ჩრდილოკორეელების აზრით, მათ წისქვილზე ასხამს წყალს სამხრეთ კორეაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. გამარჯვებული რო მუ ჰენი ამერიკის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.

თავად სამხრეთ კორეაში შეშფოთებით უყურებენ ჩრდილოელ მეზობელთან მიმდინარე პროცესებს. სეულმა პხენიანს მოუწოდა, კვლავ აამუშაოს ბირთვული ობიექტების კონტროლის სისტემა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხრეთი კორეა შეერთებულ შტატებთან და მთელ მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად განაგრძობს ჩრდილო კორეაზე დიპლომატიურ ზეწოლას.

ამასობაში იაპონიამაც განაცხადა პროტესტი და მოუწოდა პხენიანს, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა. მაგრამ, წარსულის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ორი მეზობლის მხრიდან მოწოდებებს ჩრდილო კორეაში არასოდეს ეკიდებოდნენ განსაკუთრებული გულისყურით. უკანასკნელ პერიოდში ჩრდილოკორეელმა ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებებში პარტნიორად მხოლოდ შეერთებული შტატები წარმოუდგენიათ.

ვაშინგტონმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ჩრდილო კორეაში მიმდინარე მოვლენების გამო. ამერიკაში ფიქრობენ, რომ ჩრდილო კორეა უკვე დიდი ხანია არღვევს არსებულ შეთანხმებას ბირთვული პროგრამების თაობაზე. მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მოვლენების შემდგომ განვითარებას დაელოდება, სანამ რაიმეს მოიმოქმედებდეს.
XS
SM
MD
LG