Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოიღო თუ არა რაიმე შედეგი პრეზიდენტის და ზურაბ ჟვანიას დაგვიანებულმა შეხვედრამ


ყოფილი თანაგუნდელები და ყოფილი თანაპარტიელები - ედუარდ შევარდნაძე და ზურაბ ჟვანია ერთმანეთს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეხვდნენ. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი შტოდან ოპოზიციაში,

ხოლო "მოქალაქეთა კავშირიდან" "გაერთიანებულ დემოკრატებში" გადანაცვლების შემდეგ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს პრეზიდენტთან პირველი აუდიენცია ჰქონდა. ეს შეხვედრა ერთადერთ საკითხს - მინიმალური ხელფასისა და პენსიების გაზრდის მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობას დაეთმო. მოთხოვნა "გაერთიანებულ დემოკრატებს" ეკუთვნით. რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა შევარდნაძესთან ჟვანიას მისვლა ამ მოთხოვნით?


კვირას შემდგარ შეხვედრაზე ზურაბ ჟვანიას და ედუარდ შევარდნაძეს, მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან მიახლოების შესაძლებლობის გარდა, არც ერთ სხვა საკითხზე არ უმსჯელიათ. ეს არის, რომ ყოფილ თანაგუნდელს პრეზიდენტმა აუხსნა, თუ რატომ უჭერს მხარს თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდას, რასთან დაკავშირებითაც მიიღო პასუხი, რომ ნატოსკენ საქართველოს სწრაფვას "გაერთიანებული დემოკრატებიც" უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდის მოთხოვნას მათი მხრიდან მხოლოდ ერთპიროვნული მხარდაჭერა შეიძლება შეხვდეს. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის უნახავმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ერთმანეთს სრული თანამოაზრეობა დაუდასტურეს. მაგრამ რაც შეეხება მთავარს, სახელფასო მინიმუმის საარსებო მინიმუმთან მიახლოების და მის 115 ლარამდე გაზრდის მოთხოვნას: მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ ჟვანიასთან შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და ეს შეხვედრა ჩვენთან საუბრისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემაც კონსტრუქციულად შეაფასა, იყვნენ თუ არა შევარდნაძე და ჟვანია თანამოაზრეები მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მაინც გაუგებარი დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხის ირგვლივ კონსტრუქციული მსჯელობა ედუარდ შევარდნაძის კაბინეტში ამოიწურა და აი, რატომ: პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას წინადადების შესწავლა ფინანსთა მინისტრს დაავალა. ამის შემდეგ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გოგიაშვილის ზარს ელოდებოდა, რათა მასაც შეხვედროდა და მისთვისაც აეხსნა, თუ რის საფუძველზე მიიჩნევს სახელფასო მინიმუმის გაზრდის მოთხოვნას რეალურზე რეალურ მოთხოვნად. ფინანსთა მინისტრის სატელეფონო ზარის მოლოდინისა და სახელფასო მინიმუმის გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით მთავრობაში არსებული განწყობილების ფონზე, შევარდნაძესთან შეხვედრის შედეგებზე ზურაბ ჟვანიამ შემდეგი განაცხადა :

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "დღეს მთავრობა ახდენს აჟიტირებას ამ თემის. წამოსწიეს სრულიად აბსურდული თემები. თურმე მოსახლეობისთვის ხელფასის ზრდა მეწარმეობას დააზიანებს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს შეთავაზებაზე მთავრობისგან ვერ მივიღეთ კონსტრუქციული პასუხი."

გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა მომხრეა 2003 წლის ბიუჯეტი 2002 წლის ბიუჯეტს 210 მილიონი ლარით აღემატებოდეს, მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე, პენსიების კი 26 ლარამდე გაზრდა ჟვანიას აბსოლუტურად რეალურად მიაჩნია. გათვლა მარტივია: თუ ხელისუფლებას მოსახლეობა ახსოვს, ხსენებული 210 მილიონიდან 110 მილიონი მინიმალური ხელფასისა და პენსიების გაზრდას უნდა მოახმაროს. დემოკრატების პროექტში არ არის საუბარი დამატებითი წყაროების გამოძებნაზე, საუბარია 115 ლარიანი სახელფასო მინიმუმის იმ ვალდებულებაში მოქცევაზე, რომლის აღებასაც მთავრობა ბიუჯეტის გაზრდით აპირებს. ასეთ შემთხვევაში "გაერთიანებული დემოკრატები" ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერენ. ოპოზიციური ძალის ასეთი, მთავრობასთან თანამშროლობისკენ მიმართული, ინიციატივა არ მოსწონთ "ნაციონალური მოძრაობის"
წარმომადგენლებს. ამის გამო დემოკრატები და ნაციონალები ორშაბათს ერთმანეთს ღიად პირველად დაუპირისპირდნენ.
XS
SM
MD
LG